Skip to content

ქალი მეწარმე, რომელიც ბიზნესის მაჯისცემას გრძნობს

მედიცინა იმ უიშვიათეს პროფესიათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანისგან ტექნიკურ და ჰუმანიტარულ აზროვნებას ერთდროულად მოითხოვს. ეს უნარია შეიცნო სიტუაციის არსი და მეთოდურად დაგეგმო პროცესი. რა მოხდება თუ ამ უნარს მენეჯმენტში გადავიტანთ?

მედია ჰოლდინგ ფორტუნას გენერალურ დირექტორთან ინტერვიუზე მისულს, მისი კაბინეტის კარი ღია დამხვდა და ეს კარები არ დახურულა მთელი ინტერვიუს განმავლობაში. ინტერვიუ ფარგლებში ჩემი კითხვა ღია კარებსაც შეეხო.
ნუთუ მუდამ ასე ღია გაქვთ კარები? – გაკვირვებას ვერ ვმალავდი, გენერალურ დირექტორთან მისასვლელად ხომ მუდამ ბარიერების გავლა გვიწევს.
დიახ, კარები მუდამ ღია, ასე უკეთესად ვგრძნობ გარშემომყოფთა სურვილებსა და საჭიროებებს და მათაც მინდა დაინახონ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ. – იყო თამარ ჩიგოგიძის პასუხი.
მის პასუხში ნდობა დავინახე, რწმენა იმის რომ სასარგებლო და საჭირო საქმის კეთების გარშემო გაერთიანებული ადამიანებს ერთმანეთის უპირობოდ სწამთ და ღიაობა მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლებს შორის მოტივაციას ამაღლებს, წინსვლის და განვითარების სურვილს ქმნის.
თამარ ჩიგოგიძე პროფესიით კარდიოლოგია, რადიოსადგურის მართვა მან მამისგან გადაიბარა, მას შემდეგ რაც იგრძნო რომ მენეჯმენტი კარგად გამოსდიოდა და მედია საქმიანობა ბევრი საინტერესო და საჭირო საქმის კეთების საშუალებას მისცემდა.
რადიო ჰოლდინგი ფორტუნა – უმსხვილესი რადიო სამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ოთხ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ და საინფორმაციო რადიოსადგურს ფლობს: “ფორტუნა”, “ფორტუნა პლიუსი”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო”.
„ფორტუნა“ რადიო ბაზრის 65%-ზე მეტს იკავებს.
თამარ ჩიგოგიძე: „ ვცდილობთ მომხმარებლის ყველა სეგმენტის ინტერესი ავსახოთ, მათი სურვილები გავითვალისწინოთ, ამისათვის მუდმივად თვალ ვადევნებთ რადიობაზრის განვითარების მსოფლიო სიახლეებს, ჩამოგვყავს წამყვანი რადიო სადგურების კონსულტანტები, რომ ახალი სისტემები და მიდგომები დავნერგოთ, გამუდმებით ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვეს თანამედროვე გამოწვევებს, რომელსაც მსოფლიო მაუწყებლობის ფორმატი ითხოვს.“
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, გუნდურობისა და ლიდერობის პრინციპებით მუშაობა, ინოვაციური ხედვა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტი ფუნდამენტური პრინციპების დანერგვა – ეს ის საკითხებია რომელმაც „ფორტუნა“ მოწინავე მედია ჰოლდინგან ჩამოაყალიბა. კომპანია თამარ ჩიგოგიძის ხელმღვანელობით, თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის“ ფინალისტია „წლის ქალი მეწარმის“ ნომინაციაში.
თამარ ჩიგოგიძე: „ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის ვებ-პლატფორმა შევთავაზეთ მომხმარებელს, რომელიც ოთხ სხვადასხვა ფორმატის საიტს აერთიანებს უწვეტ რეჟიმში აწვდის საჭირო ინფორმაციას. ამას კი წინ უძღოდა მსოფლიო სტანდარტის მულტიმედია ნიუსრუმის შექმნა, რომელმაც ტელე-რადიო, ინტერნეტ სივრცის ერთი ფანჯრის პრინციპით გაერთიანება შეძლო. ჩვენ მუდმივი ზრდისა და განვითარების რეჟიმში ვართ და 2019 წელს უამრავ სიახლე ვგეგმავთ“