Skip to content

ეკატერინე ჩიგოგიძე – #წარმატება არის…

ეკატერინე ჩიგოგიძე – პერსონალური ქოუჩი

წარმატება ჩემთვის არ არის ერთი კონკრეტული მოვლენა, ერთი გამარჯვება ან ცალკე აღებული მიზნის მიღწევა. წარმატება ეს არის პროცესი, ეს არის პროგრესული სვლა დიდი თუ პატარა ნაბიჯებით შენთვის ღირებული არჩეული მიზნისკენ, ოცნებისკენ.

იქნება თუ არა ამ გზაზე წარუმატებლობები, შეცდომები და ჩავარდნები? რა თქმა უნდა, იქნება. თითოეული შემხვედრი დაბრკოლების თუ გამოწვევის დაძლევა არის წარმატება; თითოეული მიკრო გამარჯვება არის მაკრო გამარჯვების ნაწილი. წარმატებულობის განცდა მაშინ გაქვს, როდესაც ხარ თვითრეალიზებული და ბედნიერი, როდესაც ხარ ის, ვინც გინდა რომ იყო, გაქვს ის, რაც გინდა და აკეთებ იმას, რაც გინდა. წარმატებული ხარ, როდესაც გაითავისებ, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია, შეზღუდვები მარტო ჩვენს შიგნით ჩვენს გონებაშია. როგორც კი დავიწყებთ საკუთარი თავის განთავისუფლებას შემზღუდავი შეხედულებების და რწმენებისგან, მაშინვე ჩვენს წინ შესაძლებლობების და რესურსების უსასრულო არჩევანი გადაიშლება.

ამ მდგომარეობის მიღწევა ადვილი არ არის. ხშირად ნახევარი ცხოვრება გადის აქამდე მოსასვლელად, მაგრამ როდესაც მოხდება ცნობიერების საკმარისად მომწიფება და გახსნა, მაშინ გეუფლება სიხარული და სიმშვიდე, რადგან იცი, რომ იმას აკეთებ, რისთვისაც ამ სამყაროში, ამ დროსა და სივრცეში ამ ფორმით მოხვედი და შენს შემდეგ დატოვებ სხვებისთვის სასარგებლო გრძელვადიან მემკვიდრეობას.

ეს შეიძლება ვიღაცისთვის იყოს შვილების გაჩენა და აღზრდა, ვიღაცისთვის გლობალურ პროცესებში ჩართვა, ვიღაცისთვის სიმღერა, წერა, ბიზნესის კეთება, ვიღაცისთვის კარგი ლიდერობა. არა აქვს მნიშვნელობა.

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორი არის, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო თავიანთ დასახულ გზაზე თვითრეალიზებაში, მივიწყებული ოცნებების დაბრუნებაში და ახალი ხედვების წარმოდგენაში. მინდა დავეხმარო ახალგაზრდებს, რომელთა წარმოსახვა თავისუფალია ლიმიტებისა და მოძველებული პარადიგმებისგან, რომ თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და არ მოექცნენ საზოგადოების/ მშობლების/ გარემოს მიერ თავსმოხვეული მოთხოვნების და სტერეოტიპების გავლენის ქვეშ.