Skip to content

„ჩვეულებრივი ცხოვრებით არაჩვეულებრივი შედეგები არ მიიღწევა“ – ინტერვიუ დავით ჩიკვაიძესთან

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი, 10 წლიანი გამოცდილებით გაყიდვების და ტრენინგების სფეროში. ადამიანი რომლის კარიერაც საოპერო ნიჭის მიუხედავად, საცალო გაყიდვებით დაიწყო. 4MOTIVI.COM წარმოგიდგენთ ინტერვიუს დავით ჩიკვაიძესთან.

როგორი იყოს თქვენი ბავშვობა და სტუდენტობა?
საკმაოდ უყურადღებო ბავშვი ვიყავი, დედაჩემმა მითხრა – მემგონი შენგან არაფერი გამოვაო და  იქნებ მუსიკაში მაინც ივარგოო. წამიყვანა  მუსიკალურ სკოლაში. იქ  მიმიღეს, ძალიან მოეწონათ ჩემი ხმა, სმენა. დაახლოებით ასამდე კონცერტზე ვარ გამოსული. ეს მომწონდა, ამით ვცხოვრობდი.
შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში და პარალელურად უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.

რა იყო თქვენი პირველი სამსახური?
უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და თავიდან თანახმა ვიყავი  ნებისმიერ სამუშაოზე. არ დამავიწყდება მე და ჩვენი მეგობრები როგორ დავდიოდით  CV-ებით,  თითქმის ყველა მაშინდელ კომპანიაში ვიყავით. მაშინ jobs.ge უკვე არსებობდა, იქაც ვეძებდით ვაკანსიებს. ერთხელ მირეკავს ტელეფონი, გამარჯობა,  ელიტ ელიქტრონიქსიდან გიკავშირდებით გასაუბრებაზე ხართ დაბარებული. საერთოდ არ ვიცოდი ამ კომპანიის არსებობის შესახებ და ძალიან გამიხარდა ინტერვიუზე დაბარება. კონკურსი დიდი იყო მაგრამ გასაუბრების შედეგ ამიყვანეს. თავი სიზმარში მეგონა. ფიქსირებული ხელფასი 100 ლარი მქონდა.

გაგიჭირდათ ახალ საქმიანობასთან შეთვისება?
წარმოიდგინეთ შევდივარ ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიაში და სასწაულადაა განლაგებული ყველაფერი, შარში ვარ და წარმოდგენა არ მაქვს  რა გავაკეთო, რა უნდა გავყიდო. ოპერის სცენიდან ელიტ ელიქტრონიქსის წერეთლის ფილიალში მოვხვდი. ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო ხილი იყო, ტექნიკაც ზოგადად, იქ ვინც მუშაობდნენ რაღაც განმიმარტეს, რაღაც მასწავლეს, კარგად ვუსმენდი, მერე ავიღე სხვადასხვა ტექნიკის ინსტრუქციები და სახლში წავიღე სათარგმნათ. რუსული ცუდად ვიცოდი.  ღამეებს ვათენებდით მე და მამაჩემი, ვთარგმნიდით ამ ინსტრუქციებს და ვიწერდით რაღაცეებს. მოკლედ, სამ თვეში ისე შევისწავლე ყველაფერი, რომ ქსელში, ცოდნით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიყავი. ამიტომ  გაყიდვაც  ბევრად გამიადვილდა. მომხმარებლებიც მომწონდა, მომწონდა მყიდველთან ურთიერთობა, მათი დახმარება. ადამიანებთან ურთიერთობა, დახმარება  ბავშვობიდან  მიყვარდა.

რა არის თქვენი კარიერული წარმატების „საიდუმლო“?
მეც მაქვს ჩემი საიდუმლო. ჩემს თავზე ვიღებ უფრო მეტს ვიდრე შემიძლია, მეტ გამოწვევას, ვამბობ „კის“ ჩემი  პასუხისმგებლობით, მთავარია ჩემი საქმიანობის სფეროს ეხებოდეს, არ მიყვარს  ყველაფერზე მიდებ-მოდება. იმის კეთება მიყვარს, რაც ჩემი საქმეა და რაც ვიცი.
ზოგადად რომ ვთქვათ, თუ გინდა დაწინაურდე რამეში, თავდაპირველად დაიწყე ,,არალეგალურად’’ იმ საქმის კეთება და აუცილებლად  დაოსტატდები  და დაწინაურდები. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა და ეს მე უკვე კარგად მაქვს შეთვისებული. მერე და მერე უფრო მეტ  სიძნელეებს ვიღებდი ჩემს თავზე  და შესაბამისად,  უფრო რთული იყო საქმისთვის თავის გართმევა. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ, მით უფრო რთულია შენარჩუნება. მაგალითად გუშინწინ, ღამე ოთხი საათი მეძინა, წუხელ  მხოლოდ – სამი საათი.

არსებობს წარმატების ფორმულა რომელიც ჩვენ რეალობაში ყველასთვის მუშაობს?
მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით მიიღწევა ჩვეულებრივი შედეგი, ჩვეულებრივი ცხოვრებით არაჩვეულებრივ შედეგს ვერასდროს  დადებ, ეს არის ძალიან მარტივი. შენი ცხოვრება, შენი ცხოვრების რითმი, თუნდაც ოდნავ, მაინც უნდა  განსხვავდებოდეს  ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისგან.“

თქვენთვის რა იყო მოტივატორი რომ „არაჩვეულებრივი ცხოვრებით“ გეცხოვრათ?
ოჯახიც ძალიან დიდი სტიმული იყო. ოჯახი, რომ არა შეიძლება ასეთი რაღაცეები არ გამეკეთებინა,  პასუხისმგებლობის თემა არის, უბრალოდ წამოვწვებოდი და ნაკლებს ვიკმარებდი. მე მაინც ვფიქრობ, რომ  ყველაზე კარგი ფორმულა არის, რომ   უნდა გაეხვიო  „შარში“ და მერე ეცადო იმ „შარიდან“ გამოსვლას, ამ წინააღდეგობის დაძლევა უფრო განგავითარებს.

როგორი უნდა იყოს წარმატებული ადამიანის ცხოვრების წესი?
ძალიან საინტერესოა, რითი  განსხვავდებიან   „ვინერები“ და „ლუზერები“  და პირველ რაც არის, რასაც დავაკვირდი, ისინი მართლა არასტანდარტული ცხოვრების წესით ცხოვრობენ,  სტანდარტები არ აქვთ, 12 საათზე რომ წვებიან,  ეგეთი რაღაც არ არსებობს მათთვის. მეორე, არის რომ სულ რაღაცა გამოწვევის წინაშე არიან. მესამე ძალინ ბევრს ოცნებობენ, სულ ოცნებობენ რაღაცეებზე, სულ რაღაც იდეები აწუხებთ და მოკლედ ცხვირის გატეხვის არ ეშინიათ. კიდევ ერთი რაც  არის,  უმეტესობას უცხოეთში აქვს განათლება მიღებული, მაშინ როდესაც ცნობიერება ყალიბდებოდა და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ  განათლება გიფართოვებს ხედვის არეალს,  რაც უფრო მეტი გეძლევა ცხოვრებაში, თუ უცებ და ალოგიკურად არ მოგეცა, მერე ცდილობ რომ  შეინარჩუნო  და იძულებული ხარ, რომ განვითარდე. რეალურად უცხოეთში მხოლოდ სწავლა კი არ არის კარგი, არამედ დამოუკიდებლად ცხოვრება.  იქ „ბებო გენაცვალოს“ არ არის, სწორედ ამ დროს ხვდები, რომ შენით უნდა გააკეთო ყველაფერი.

თვისება რომლის შეცვლასაც საკუთარ თავში ისურვებდი?
საქმის ბოლომდე მიყვანა მიჭირს, დეტალები რომ არის დარჩენილი, ბოლო  ჭანჭიკის მოჭერა, ზუსტად იმ ბოლო ჭანჭიკს ვგულისხმობ. არადა რომ არ მოუჭირო თავიდან ვერ შეამჩნევ მაგრამ ის ბოლო ჭანჭიკი განაპირობებს მომავალში რყევას. ძალიან კარგსა და კარგს შორის, ვარსკვლავსა და სუპერვარსკვლავს შორის, აღმოჩნდა რომ არის ძალიან მცირე სხვაობა და ეგ “სხვაობა” არის საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. სამწუხაროდ ეს უნარი ბოლომდე გამომუშავებული არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს დიდი ნაკლია და ვცდილობ რომ დისციპლინით გამოვასწორო.