Skip to content

იპოვე შენი ნატვრის ხე

ნატვრის ხეო, ნატვრის ხე… ხე სასწაულების, ხე სიხარულის, ხე ოცნებების. რამდენ ემოციას იწვევს ეს თითქოსდა მარტივი სიტყვათა ერთობლიობა,  რამდენ გრძნობას, მოგონებასა და  განცდას ერთბაშად…

ალბათ, მთელ სამყაროში არ მოიძებნება ადამიანი , ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც თავის სიცოცხლის რომელიმე პერიოდში არ უნატრია რაიმე მისთვის ღირებული, რამდენჯერ შეგვიბამს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ქსოვილის ნაგლეჯი ნატვრის ხისთვის, იმის იმედით, რომ აგვხდენოდა ის, რაც მთელი გულით და სულით გვსურდა. გასულა დრო და ვინ იცის რამდენჯერ გაგვცინებია ჩვენს ბავშვურ სურვილებზე, ვინ იცის რამდენს ახდენია კიდეც ნატვრა, ან საერთოდაც უიმედოდ ჩაუქნევია ხელი თავის ოცნებებზე …

,,რაც არ გერგება, არ შეგერგებაო” – და მართლაც , რომ ასეა. მოდი და მოუარე შენს ნატვრის ხეს, არ მისცე ნება გახმობის და ნახავ, თურმე ყველაფერი შესაძლებელია… თუ შენ არ გჯერა საკუთარი თავის , სხვა რატომ დაგიჯერებს ?!

ყოველთვის და ყველგან გჯეროდეთ საკუთარი თავის, მოუსმინეთ თქვენი გულისცემის ჰარმონიას, მიეცით თავს უფლება იყოთ ისევ ისეთი მეოცნებე ბავშვი , რომელსაც ზღაპრების სჯეროდა და ნახავთ, რომ თქვენ იპოვით თქვენს ჯადოსნურ ნატვრის ხეს, ჭრელი ტოტებით და ფერადი ფოთლებით…ოღონდ დაიჯერეთ, რომ შეძლებთ, რომ სიცოცხლე ღირს ყველა ჩვენს ოცნებად, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და შემოდგომით ნატვრის ხიდან დაცვენილ ფოთლებს , ახალი ჩაანაცვლებს. თითოეული იმედგაცრუება ახალი შანსია ცხოვრებაში… თითოეული კრახი, თითო ახალი მიზეზია სიცოცხლის შემართებით გასაგრძელებლად… თოთოეული ცრემლი  მილიონ ღიმილად ფასობს…

იპოვე შენი ნატვრის ხე და ინატრე , ინატრე რამდენიც გინდა, რამდენსაც შეძლებ და გაწვდები, ოღონდ არასოდეს დანებდე , არასოდეს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა… არასოდეს გახდე ,,ის” , ვის ადგილზე ყოფნასაც არასდროს ინატრებდი. გჯეროდეს სასწაულების!

P.S. მაი-კო გოგობერიშვილი