Skip to content

“ბატონი წამყვანის” წარმატების გზა, სამედიცინო უნივერსიტეტიდან ინტელექტკლუბის პრეზიდენტობამდე

ინტერვიუს მოუთმენლად ველოდი და განსაკუთრებულადაც მოვემზადე, როდესაც ასეთ განათლებულ ადამიანთან მიდიხარ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ.
ჩემს რესპოდენტ გიორგი მოსიძეს ოფისში მივაკითხე, უფრო სწორად, იმ ადგილას, სადაც მუშაობს. წიგნებით სავსე ოთახები საქმიანი ადამიანისათვის დამახასიათებელი შემოქმედებითი არეულობით დამხვდა. გიორგის, როგორც ყოველთვის, ძალიან ეჩქარებოდა, რამაც ცოტა დამაბნია და მიმახვერა, რომ ინტერვიუ ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც წარმომდეგინა. მიუხედავად ამისა, შევეცადე ჩვეული სიმშვიდით დამესვა კითხვები და მისგანაც ამომწურაავი პასუხები მიმეღო.

ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ როგორც ყველამ 90-იან წლებში, მანაც მშობლების რჩევით აირჩია სპეციალობა. მიზეზი მარტივი იყო – ექიმისა თუ იურისტის პროფესიები საზოგადოებაში დიდი დაფასებით სარგებლობდა. გიორგი მოსიძის ბაბუა და ბებიაც ექიმები იყვნენ, ამიტომ ოჯახში, ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყდა, რომ მას სამედიცინოზე უნდა ჩაებარებინა.
გიორგი: “ყველა ადამიანში ჩადებულია ნიჭი, რაღაცისადმი მიდრეკილება, რითიც მას შეუძლია ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. მთავარია ეს ნიჭი, მიდრეკილებები დროულად აღმოაჩინო და განავითარო. მე ვერ ვიტყვი, რომ იმ დროს, როდესაც ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებდი – ვირჩევდი პროფესიას, ჩემი უნარ-ჩვევები სიღრმისეულად მქონდა შესწავლილი და გააზრებული. იმ პერიოდში, როდესაც მე ვიზრდებოდი, 90-იან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს, სკოლის ფუნქცია პრაქტიკულად მოშლილი იყო და ისე მივაღწიე მე-11 კლასამდე, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამოვსულიყავი, არ ვიყავი ჩამოყალიბებული.
მახსოვს, რომ მინდოდა ვყოფილიყავი დიდი ღონისძიებებისა და კონცერტების ორგანიზატორი, სპეკტაკლებისა და ფილმების დამგეგმავი. მაგრამ, როგორც კი მეკითხებოდნენ ვინ უნდა გამოხვიდეო, ვერ ვუხსნიდი, რადგან სიტყვა პროდიუსერი 90-იან წლებში არ არსებობდა და მეც არაფერი ვიცოდი ამ ტერმინის შესახებ.
მეკითხებოდნენ: – რეჟისორი უნდა გამოხვიდე? მე ვპასუხობდი – არა;
– აბა კულტურის მინისტრი? არც ეგ მინდოდა…
ამ გაუგებრობის გამო საოჯახო საბჭოზე, რომელზეც ჩემი მომავალი განიხილებოდა, პაპაჩემმა თქვა: ეს გაურკვეველი არტისტობა კარგს არაფერს მოგვიტანსო, ამიტომ რამე ხელშესახებ პროფესიებს უნდა დაეუფლოსო. ეს ხდებოდა 1988-1989 წლებში. პაპაჩემიც და ბებიაჩემიც ექიმები იყვნენ და დამარწმუნეს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. მოკლედ, მოვეწყე სამედიცინო უნივერსიტეტში. ბეჯითი სტუდენტი ვიყავი, მოსწავლეც ზოგადად. ვმეცადინეობდი და ვსწავლობდი, მაგრამ ბოლო კურსებზე მივხვდი, რომ ეს ჩემი მოწოდება არ იყო. ჭეშმარიტი ექიმი რომ გახდე, სხვა თვისებებია საჭირო, ამიტომ საბოლოოდ მედიცინას თავი დავანებე. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც მისთვის სიამოვნების მომნიჭებელია, რაც მისი მოწოდებაა და არა ის, რაც ძალდატანებითია და სხვებს უნდათ. არ შეიძლება ადამიანი ძალად ექიმი იყოს.”

ალბათ ბავშობის დროინდელ სურვილებს და ნატვრებს უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან დროთა განმავლობაში გარკვეული ფორმით მაინც ვუბრუნდებით მათ. ეს ის სურვილებია, რომლებიც ნამდვილად ჩვენია, ახლობლების, საზოგადოებისა თუ დასაქმების ბაზრისაგან თავს მოუხვეველი. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მოსიძის ბავშობაში მისთვის სასურველი პროფესია „არ არსებობდა“, გავიდა დრო და დღეს გარკვეულ წილად მსგავს საქმიანობას ეწევა. დღეს ის კლუბ „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტია.
გიორგი: „მე-3 კურსზე ვიყავი. დიდი ხანი ვეძებე, სად ტარდებოდა ინტელექტუალური თამაშები, რაც ძალიან მაინტერესებდა და მიზიდავდა. რომ ვერ ვიპოვე, მე თვითონ ჩავატარე სამედიცინო უნივერსიტეტში პირველი ინტელექტუალური თამაშები. ტელევიზიით მუდმივად ვადევნებდი თვალყურს მსგავს თამაშებს, რომელსაც საბჭოთა ტელევიზია გადმოსცემდა. იმ პერიოდში ეს იყო ჩემი ჰობი, მაშინ 19 წლის ვიყავი. შემდეგ ნელ-ნელა ეს ჰობი და გატაცება ჩემს პროფესიად და წარმატების საწინდრად იქცა. დღეს კლუბი „რა? სად? როდის“ ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, ყველაზე მეტი წევრით, დიდი მასობრივი ღონისძიებებით. ჩვენი ორგანიზატორობით თამაში ტარდება ყველა სკოლისათვის. ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე საათზე ყველა სკოლა ერთდროულად თამაშობს.”

ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო, გიორგი მოსიძის ცხოვრების ეს გზა მარტივი არ ყოფილა. მაშინ „მოაზროვნეებს” არც ბაბთები ეკეთათ, არც კოსტიუმები ეცვათ და არც მაყურებელი იყო ასე ჩართული თამაშში. პოპულარობა მოგვიანებით, სპეციალურმა სატელევიზიო გადაცემამ მოუტანა და სწორედ მაშინ დაიწყო ამ დიდი ორგანიზაციის წარმატებული სვლა. 2008 წლიდან კი „რუსთავი 2“-ის ეთერში ლიცენზირებული ვერსია გავიდა, რომელიც უკვე საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და კიდევ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გიორგი: “თამაშის თავდაპირველი ვერსია საბჭოთა კავშირის პერიოდში სატელევიზიო შემეცნებით-გასართობი შოუს სახით შეიქმნა და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მოგვიანებით სპორტული თამაშის ანუ კლუბური ხასიათი შეიძინა. ამჟამად, ყოველ კვირა დღეს კლუბი იკრიბება (დაახლოებით ათი ათასი კაცი) მთელ საქართველოში და თამაშობს.”

ქართული “რა, სად, როდის-ის” სატელევიზიო ვერსია 1996 წლიდან პირველ არხზე გადიოდა და „ინტელექტკლუბი“ ერქვა. ძირითადი მოაზროვნეების მასა, ახლა რომ ცნობილი მოთამაშეეები და ცნობადი სახეები არიან, იმ პერიოდში მოვიდნენ კლუბში. მაშინ თანხები არ იყო, მოგეხსენებათ რა სიტუაციაც სუფევდა, ამიტომ ჩაცმულობა და საერთოდ ყველაფერი იმ ყოფის შესაბამისი იყო. მოაზროვნეები ჭრელ ჯემპერებში და მაისურებში ჩაცმულები ისხდნენ და თამაშობდნენ.”
სირთულეები დღესაც არსებობს კლუბში, თუმცა როგორც თავად ამბობს, ბევრი მათგანის დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც მუდამ იარსებებს და მათზე ფიქრს აზრიც არ აქვს.
გიორგი: „მე ვთვლი, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. 90%-ის გადაჭრა შეიძლება ანუ არსებობს გამოსავალი, ხოლო 10% პრობლემებისა არ წყდება არასოდეს, ამიტომ მათზე ზრუნვას აზრი არ აქვს. თუ ვხედავ, რომ რაღაც არ გამომდის, ვცდილობ დავწყნარდე, დავშოშმინდე. შეიძლება საკითხის განხილვა ერთი-ორი დღითაც კი გადავდო, გამოვიძინო და ცოტა სხვა მხრიდან შევხედო პრობლემას და, როგორც წესი, შემდეგ აუცილებლად გამოდის.“
გიორგი: “სირთულეები ძირითადად ფინანსურია. ტელეგადაცემას არ ვგულისხმობ, საუბარია კლუბზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც თვითკმარი ორგანიზაციაა და არსებობს მოთამაშეების შენატანებით. მიუხედავად ამისა ფინანსური პრობლემების ბოლომდე გადაჭრა ვერ შევძელით. სპონსორი და მეცენატი გვჭირდება, რომელიც კლუბს რეგულარულად დააფინანსებს.“

ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანები ყოველთვის რაღაცას თმობენ, ზოგი წარმატებისთვის, ზოგი ოჯახისთვის, ზოგი კი საკუთარი ბედნიერებისთის. ეს გზა რთულია, ზოგს იმედი უცრუვდება ადამიანებში. ჩემს რესპოდენტს ადამიანებში იმედგაცრუება არ ჰქონია, რადგან, როგორც თავად ამბობს, ადამიანებისგან იმაზე მეტს არ ელოდება, ვიდრე საჭიროა, ალბათ ესეც ერთგვარი ნიჭია – სწორად შეაფასო ადამიანები. ის ამბობს, რომ იმედგაცრუება უფრო ქართული ფეხბურთის მიმართ აქვს.
გიორგი: “ცხოვრება ჭადრაკის თამაშივითაა, ზოგჯერ პაიკის შეწირვა დიდ უპირატესობას გაძლევს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე, შეიძლება ზოგიერთ ნაბიჯზე უარი თქვა, არ გადადგა და ამან მომავალში უფრო მეტი დივიდენდი მოგიტანოს, ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომ მე ვთვლი, რომ მიუღწეველი არფერი არ არის. რაც ჩამიფიქრებია, ყველაფრისთვის მიმიღწევია. ფაქტობრივად, ერთადერთი რაშიც ბევრჯერ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გავიმარჯვე, იყო არჩევნები. ამჯერად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანიც შესრულებული იქნება. 8 ოქტომბერს მე აუცილებლად გავიმარჯვებ მაჟორიტარულ არჩევნებში.“

მისი სამუშაო დღე ჩვეულებივია, მიდის ოფისში, ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას, არჩევს ტელემაყურებლების წერილებს, რომლებშიც შეკითხვებია გადაცემისთვის. ემზადება კვირა დღისთვის კლუბში თამაშის ჩასატარებლად, თუმცა ეს ყველაფერი ბოლო ორი თვეა, რაც შეიცვალა, რადგან მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა.
გიორგი: “კარგი მენეჯერი ის არის, ვისი აწყობილი სისტემაც მის გარეშეც მუშაობს. ვინაიდან კლუბის სისტემა მუშაობს, შეიძლება ითქვას, რომ მენეჯმენტში გარკვეულ წარმატებას მივაღწიე. ვთვლი, რომ შემწევს ცოდნა, განათლება, გამოცდილება, ძალა, ენერგია, შრომისუნარიანობა, რომ ვემსახურო ჩემს საქართველოს არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულებითაც. მე ვფიქრობ, რომ ინტელექტუალური თამაშებისთვის ცოტა ნაკლები დროის დათმობა მომიწევს, მაგრამ კლუბში მენეჯმენტი ისეა აწყობილი, რომ ბევრი რამ ჩემ გარეშეც განხორციელდება. მანქანა დაქოქილია და დარწმუნებული ვარ წარმატებით გააგრძელებს გზას.“

ამ ეტაპზე ის, როგორც წამყვანი, შეუცვლელია, თუმცა ცდილობს გაზარდოს ახალი თაობა, რომელიც შეძლებს გააგრძელოს მისი გზა. რთულია იყო შენ საქმეში პირველი და არ არსებობდეს შენი შემცვლელი. ასეთ დროს უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. მისი ნატვრაა საქართველოში ააშენოს ინტელექტის სასახლე, სადაც აღიზრდებიან ქართველი მოაზოვნეები. ჩემი შეკითხვაც ასეთი იყო – ფიქრობთ რომ საქმეში შეუცვლელი ხართ?
გიორგი: “ამ ეტაპზე ალბათ შეუცვლელი ვარ, ოღონდ როგორც წამყვანი. ვცდილობ გავზარდო მომავალი თაობა, ხელი შევუწყო ჩემს უმცროს კოლეგებს, მეგობრებს და ნელ-ნელა მოხდეს ჩემი ჩანაცვლება. მეც, საბჭოთა ბელადებივით, ხომ არ ვიქნები, სანამ არ გარდაიცვლებოდნენ, არ მიდიოდნენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა წავიდე?! არ ვიცი როდის, მაგრამ კლუბის საქმიანობა ვიღაცამ უნდა გადაიბაროს და გადაცემაც ვიღაცამ უნდა წაიყვანოს“.
რთულია იპოვო ის პროფესია, რომელიც ნამდვილად შენი მოწოდებაა. ალბათ ეს არის მთავარი წარმატებისთვის, აღმოაჩინო ის, რაც გიყვარს, რისი კეთებაც გინდა მთელი ცხოვრება. ზოგს გამოსდის, ზოგს არა. საბოლოოდ თავის ცხოვრებას ყველა თავად ირჩევს.

გიორგი: “მე იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც თავის თავს 90-იან წლების შავბნელ პერიოდში ეძებდა. ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენელი უბრალოდ დაიკარგა, გზას აცდა, ვერ იპოვა თავისი თავი. იმ დროს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და მათი გადალახვა ბევრს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებოდა. მე ალბათ მაგალითად ვერ გამოვდგები დღევანდელი ახალგაზრდობისათვის, რომელსაც სრულიად სხვა რესურსები და პირობები აქვს, იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს ცხოვრება. ჩემ დროს არც ინტერნეტი იყო და ინფორმაციის არც სხვა რაიმე წყარო, მსოფლაღქმაც სრულიად სხვაგვარი ჰქონდა საზოგაოებას. ახლა ახალგაზრდები უფრო დამოუკიდებლები, უფრო მოტივირებულები არიან და ყველასთვის ცნობილია, რომ თუ ისწავლი, ნამდვილად ისწავლი, რეალურად მოემზადები მომავალი ცხოვრებისთვის და პროფესიონალად ჩამოყალიბდები, აუცილებლად უზრუნველყოფ საკუთარ მომავალ ცხოვრებას.“

მოამზადა მარიკო ბარაბაძემ