-“ჩვეულ დოზაზე მეტი გაუკეთეთ დღეს..” – გარკვევით გავიგე ექიმის ნათქვამი მაგრამ რატომღაც წინააღმდეგობა არ გამიწევია. ბლანტად შეერია წამალი ცივ სისხლს.. თანდათან სიმშვიდემ მომიცვა.. მოვწყდი თუ არა რეალობას ისევ ნაცნობი სურათი ამოტივტივდა გონებაში:
“ღია ფანჯრიდან გავყურებ ცას. ალიონს ნელა ეპარება მეწამული ფერი.. ღამის ბინდს იცრიცება და მზეც ზანტად მოგორავს.. ოთახში მხოლოდ ჩვენ ორნი.. გაბატონებულ სიჩუმეს კი ჩემი გახშირებული სუნთქვის ხმა ურღვევდა მყუდროებას… ირგვლივ მიმოვიხედე, მაგიდაზე ეულად მიგდებული სიგარეტის კოლოფს ვწვდი. გამოფიტულს მხოლოდ ერთი ღერი უვსებს სიცარიელეს.. – “მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს.. მოწევა კლავს!” – წავიკითხე ხმამაღლა. მერე ურეაქციოდ გავუკეთე აბორტი კოლოფს და ხელში შერჩენილ ნაყოფს წავუკიდე. ისე ხარბად შევისუნთქე ნაფაზი, რომ ვიგრძენი როგორ გაიარა კვამლმა სასუნთქი სისტემა და ფილტვებში დატრიალდა.. მას საერთოდ არ სიამოვნებდა როცა ვეწეოდი. ახლაც უკმაყოფილება დაეტყო, ხან ერთ მხარეს იწევდა, ხანაც მეორე მხარეს. თუმცა მე ეს მაშინ ნაკლებად მაღელვებდა. ბოლო ღერსაც მალევე მოვუსწრაფე სიცოცხლე და ნამწვავი საფერფლეში შევმატე მის “თანამოძმეებს”.
-“მე მზად ვარ. წავედით!” – ვთქვი მე და წამოვდექი. ისიც უსიტყვოდ გამომყვა.
გარეთ გამოსვლისთანავე სული შემეხუთა. ქალაქი თონესავით გახურებულიყო. გამვლელებიც შეწუხებული სახეებით, იძულებით აცხობდნენ ემოციებს. მე ყოველთვის მაღიზიანებდა სიყალბე, ამიტომ ახლაც ისე გავიარე გველივით დაკლაკნილი ქუჩა, რომ არც ერთი მათგანისთვის არ შემიხედავს თვალებში. გამოჩნდა “დანიშნულების ადგილი” – ძველი, გახუნებული შენობა, ბათქაშჩამოცვენილი კედლებით.. კარის ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა ვიგრძენი მოუსვენრობისგან როგორ აწრიალდა. მე ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს აჩქარებულ გულისცემასთან ერთად მისი გულისცემის ხმაც მესმოდა და ეს მაგიჟებდა. სწრაფად გავიარე დერეფანი და კაბინეტში შევაჭერი.. არ მახსოვს ზუსტად რამდენ ხანს მომიწია იქ ყოფნა, მაგრამ იქიდან აშკარად შეცვლილი გამოვედი – მსუბუქი ხორცით და მძიმე სულით..
გარეთაც აშკარა ცვლილება შევნიშნე – მხურვალე ჰაერი სუსხს შეეცვალა, თან ისეთს, რომ სული და ძარღვებში სისხლი გამიყინა. ყველა მხრიდან ათასი წყვილი დაბოღმილი და უაზრო თვალი მომშტერებოდა.
– “მე მათთვის არაფერი დამიშავებია.. მე მათ წინაშე უდანაშაულო ვარ..” – ვამშვიდებდი საკუთარ თავს და სინდისს, რომელიც ყველაზე უფუნქციო იყო იმ დროს ჩემთვის და ვალდებულების გამო არსებობდა სხვა ადამიანურ გრძნობათა შორის ჩემში… უცებ, ვიგრძენი, ყელში რაღაც მიჭერდა და გასაქანი რომ არ მიმეცა დამახრჩობდა. – ” მე მკვლელი ვაარ!” – ავბღავლდი სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირივით..
მას შემდეგ ვარ ასე, თეთრ კედლებში თეთრი პერანგით თეთრხალათიანების გარემოცვაში.. ოთახში ახლაც ორნი ვართ – მე და სატანა.
-“მე გიჟი არ ვარ.. მე მკვლელი ვარ!” – ვბუტბუტებ ჩემთვის და მოთმინებით ვიტან სატანის ხითხითს.
ისტორიის გამომგზავნი: თამუსი