თუ გსურთ ზუსტად შეიცნოთ თქვენი მდგომარეობა, დააკვირდით ამ იგავის არსს:
„ერთი კაცი ქარიშხალმა გარიყა უცხო კუნძულზე, რომლის მცხოვრებნიც ფრიად შეჭირვებულნი იყვნენ, რადგანაც მეფე დაჰკარგვოდათ და ვეღარ ეპოვნათ. ეს კაცი სახითაც და ტანითაც ზედმიწევნით დაკარგულ მეფეს ჰგავდა, ამიტომ კუნძულელებმა თავიანთ მბრძანებლად მიიჩნიეს და მეფედ დაისვეს. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, შეცბა, არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა, მაგრამ მალევე გადაწყვიტა თავისი კეთილდღეობისთვის ეზრუნა. უყოყმანოდ მიიღო ყველა პატივი, რომელსაც ქვეშევრდომნი მიაგებდნენ და ამიერიდან თითოეული მათგანისგან უსიტყვო მორჩილებასა და მოწიწებას მოითხოვდა.
მაგრამ რაკი თავისი ბუნებრივი მდგომარეობა დაივიწყა, თავიდან ვეღარ იცილებდა ერთ აზრს: მართალია, მეფესავით მცემენ პატივს, მაგრამ მე როდი ვარ ის მეფე, რომელსაც ეს ხალხი დაეძებს და კანონით, არც ეს სამეფო მეკუთვნისო. ასე რომ, მისი აზრი ერთთავად გაორებული იყო: ხან ფიქრობდა მეფე ვარო და მედიდურად იქცეოდა, ხანაც ახსენდებოდა თავისი ჭეშმარიტი მდგომარეობა და იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ბრმა შემთხვევამ დასვა სამეფო ტახტზე. მაგრამ ის ცდილობდა ჩაეხშო მეორე აზრი და გულისყურს პირველს მიაპყრობდა ხოლმე.“
ნუ გგონიათ, რომ უფრო ნაკლები შემთხვევითობის წყალობით ფლობთ იმას, რაც გაქვთ. არამარტო თქვენს წოდებას, არამედ თვით თქვენს ამქვეყნიურ არსებობასაც მხოლოდ და მხოლოდ უამრავი შემთხვევითობა განაპირობებს. თქვენი დაბადება დამოკიდებულია ქორწინებაზე, ან, უფრო ზუსტად, – ყველა თქვენი წინაპრის ქორწინებაზე. მაგრამ რაზეა დამოკიდებული თვით ყველა ეს ქორწინება? შემთხვევით შეხვედრაზე, ანაზდად წამოცდენილ სიტყვასა, თუ ათასგვარ სხვა გაუთვალისწინებელ ვითარებაზე.
რა გამომდინარეობს აქედან? ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც მოგვეცა. თქვენი გონება იგავის გმირი კაცივით გაორებული უნდა იყოს. და თუ გარეგნულად, თქვენი წოდებისა და ღირსების მიხედვით ექცევით ხალხს, შინაგანად, უფრო იდუმალი, მაგრამ მეტად ჭეშმარიტი აზრის მიხედვით, უნდა აღიაროთ, რომ თქვენი ბუნებით სულაც არ აღემატებით მათ. თუ გარეგნულად შემთხვევამ სხვებზე მაღალი წოდება გიბოძათ, შინაგანად ქედს უნდა იდრეკდეთ და თავს უნდა უყადრებდეთ უბრალო მოკდავთ, რადგან ესაა თქვენი ჭეშმარიტი მდგომარეობა.