თუ გსურთ ამაოდ არ იდავოთ და თქვენს თანამოსაუბრეს დაუმტკიცოთ, რომ სცდება, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის დავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის, ჩვეულებრივ, სწორად ხედავს. აღიარეთ მისი სიმართლე და იმწამსვე უთხარით, რომ თუ სხვა მხრივ შეხედავს საგანს, მისი თვალსაზრისი მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგთანხმდებათ: მთავარია დაიჯეროს, რომ კი არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა მხედველობის არედან. რადგან ადამიანებს მაშინ კი არ მოსდით გული, როცა ყველაფერს ვერ ხედავენ, არამედ მაშინ, როცა ცდებიან.
შესაძლოა ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანს, თავისი ბუნებით, არ შეუძლია ერთბაშად აღიქვას და ყოველმხრივ გაიაზროს საგანი; მაგრამ თუ აღიქვამს (სულ ერთია რა მხრივ აღიქვამს), ყოველთვის სწორად აღიქვამს მას, რადგან აღქმის ყოველი მონაცემი, გრძნობის ყოველი მოწმობა მისთვის ეჭვმიუტანელია.
ადამიანს, ჩვეულებრივ, ის აზრი უფრო არწმუნებს, რომელიც მას მოსდის თავში, ვიდრე ის, რომელიც სხვის გონებაში იბადება..