„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი…“ დიახ, ეს ტერენტია, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან… და მე, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს, სატრფო მიკითხავს… ჩვენ ვსეირნობთ გაზაფხულის მშვიდ საღამოს და ვსაუბრობთ ამ სტრიქონების ავტორზე.
შემთხვევით არ დავიწყე წერა ტერენტი კვირკველიას სიტყვებით. მე თქვენთვის კარგად ცნობილი ორი ადამიანის, ტერენტი გრანელისა და ალექსანდრე ყაზბეგის ლეგენდებად ქცეული სიყვარულის შესახებ გიამბობთ. ძნელია, გერქვას პოეტი, ანდა იყო ყაზბეგი და გიყვარდეს ჩვეულებრივად. ვიღაც შემედავება, ჩვეულებრივი სიყვარული არ არსებობსო… არსებობს! ეს წერილი „სხვაგვარი სიყვარულის“ აღმომჩენთათვისაა. დანარჩენები კი თითქოს ერთმანეთს ჰგავს…
ტერენტი საკუთარ პოეზიასავით ნაზი, სევდიანი და ლამაზი იყო. ზრდილი და თავაზიანი ტერენტის ბაგეებიდან მხოლოდ ასეთ „სალანძღავ“ სიტყვას თუ გაიგონებდა ვინმე: „შენ პოეზიისა რა გაგეგება?“ უშუალოს და თავმდაბალს თავისებური ხასიათი ჰქონდა. ხან ბავშვივით სათნო და გულუბრყვილო, ხან კი უმიზეზოდ ჭირვეული და ეჭვიანი იყო…
მოგეჩვენებათ, რომ ისეთი არაფერი… და ამ აბზაცს ხელახლა გადაიკითხავთ… მერე მიხვდებით, რა ფაქიზი და სათუთი სული ჰქონდა პოეტს… რატომ უყვარდა არა-ჩვეულებრივად… რატომ იბადებოდა მისი მაღალი, ლამაზი შუბლის იქით ასეთი სიტყვები:
„მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიგრძელდა!
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს…“
ტერენტი კვირკველიამ თავისი ხანმოკლე ცხოვრების ოცდამეორე წელს ფსევდონიმად „გრანელი“ აირჩია. მისი დების გადმოცემით იმიტომ, რომ ლათინური სიტყვა „granum“ მარცვალს ნიშნავს. „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარ“, – წერდა პოეტი.
ჩვენ კი სიყვარულზე ვსაუბრობთ. მიჯნურებს უყვართ სხვათა ლამაზი სიყვარულის ლეგენდების მოსმენა: თურმე, ტერენტი ოპერის „აბესალომ და ეთერი“ მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს ეტრფოდა… უცნაური და ამაღელვებელი სიყვარული ორ წელს გაგრძელდა. შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ტერენტის ფსევდონიმმა კი მისი სპეტაკი სიყვარულის ისტორია შემოგვინახა… „არა სიცოცხლე… არა სიკვდილი… არამედ რაღაც სხვა…“ და მიჯნურებს გვინდა გვჯეროდეს: მესამე გზა არის სიყვარულის გზა, რომელსაც ბოლო არ აქვს და უსასრულოა, როგორც სამყარო…
მართლაც, რა არის სიყვარული? ამ გრძნობის მეცნიერული ახსნა ჯერ კიდევ არასრულყოფილია. სიყვარული კი ნამდვილად რთული ფენომენია, ის აერთიანებს ყოველგვარ: ქალვაჟურ, მშობლიურ, მეგობრულ გრძნობებს, ერთმანეთში წნავს და ჩვენს ყოვლისშემძლე ხელებში თაიგულად მოგვევლინება… შემდეგ კი ჩვენი ნების გამოხატულებაა, რამდენად დიდხანს გაგვყვება მისი სურნელი.
გვჭირდება კი ვინმეს მეცნიერული ახსნა, როცა მასზე იქმნება მუსიკა, პალიტრაზე ირევა ფერები მის გადმოსაცემად, სიტყვებით ივსება და ივსებოდა სული და ფურცლები:
„…მშვენიერს თეთრს უმტვერო პირსახეზედ ეშლება ვარდსავით სიწითლე. ტუჩები ასი ფერი მარჯანსავით მომღელვარე, პატარები და მუდამ მომცინარი. ნიკაპი რგვლათ მოყვანილი, ცხვირი სწორე და რიგიან პირის სახესთან მშვენიერი დიდი ლურჯი თვალები, მოელვარე, თითქო ცეცხლი ეს არის უნდა ამოხდესო, რომელსაც იფარავენ გძელი მშვენიერი წამწამები. ზემოდან მშვენიერათ წამოსდგომიან შვილდსავით მოხრილი წარბები, მაღალი შუბლი და ხუჭუჭი თმები ამგზავსებენ ანგელოზს, დაუდარებელს გრაფინიას. მშვენიერი თითები, გრძელი და თეთრი, როგორც ბროლი, უფრო მშვენიერდებიან ალის ფერის ფჩხილებით…“ – ასე აღწერს სატრფოს, ნინო ჩერნიშევ-კრუგლოვას, ალექსანდრე ყაზბეგი დედასადმი გამოგზავნილ წერილში,- „… ციური უმანკოება! ამასთან სიკეთე იმისი, რომელსაც საზღვარი არა აქვს!.. იჯდა და უკრავდა… ერთბაშად სრულებით დამავიწყა ჩემი თავი და მივვარდი ხელზედ საკოცნელათ სიტყვებით: ,,ნინო, მიყვარხარ, ნუთუ არა გრძნობ ამ ამბავს?” ცოტათი შეკრთა ამ სიტყვებზედ, გაწითლდა, მაგრამ ხელი არ წამართო. მე დაუწყე ლოშნა და კიდევა ვკითხე: უყვარვარ მეცა თუ არა? ამაზედ მიპასუხა მღელვარებით:,,ისე როგორც ჩემს სიცოცხლეში არავინ მყვარებია”. ამის უკან წამოდგა და ჩემ გულზედ გამოდო თავისი თავი. ერთმანეთი გვესმოდა ორთავ…“
ალექსანდრესა და ნინოს უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, ყაზბეგი ხშირად სტუმრობდა სატრფოს. დაქორწინება გადაწყვიტეს. წერილში მწერალი დედას ფულისა და ნივთების გაგზავნას სთხოვდა. დედამ ყველაფერი და, მათ შორის, ლოცვა-კურთხევა გაუგზავნა შვილს. დაქორწინების ამბავს ნინოს მამაც სიხარულით შეხვდა: ,,აი, შვილო, აღმიზდია ჩემი ქალი კეკლუცობაში და სიყვარულში. ჩემი სიცოცხლე გამიტარებია იმაში, რომ იმ ცოტა დღეების უკან, რაც მე დამრჩა საცხოვრებლათ, ჩემმა ნინომ იმავე მხიარულებაში გაატაროს. ღმერთს უნდოდა, რომ მე ჩემს სიბერეში შენ გამჩენოდი პატრონათ და ნინოს საყვარელათ”.
მწერლის წერილი სიყვარულის საგალობელი იყო, ალექსანდრე დიდ ბედნიერებას განიცდიდა, რადგან: „…ქალმა, რომელსაც გრაფებიც დასდევდნენ, თავადებიც, ღენერლებიც და სხვებიც, ამოარჩია კაცი ბევრით სხვებზედ ღარიბი, ბევრით სხვებზედ ულამაზო, ბევრით სხვებზედ უარესი!“
მაგრამ, რას გაუგებ ბედისწერას! ქორწინება არ შედგა. სატრფოს ოჯახში წვეულებაზე მისულ მწერალს შელაპარაკება მოუხდა სასიმამროს მეგობარ გენერალთან, რომელიც თავის დროზე კავკასიაში მსახურობდა. მწერალი ისე გააღიზიანა ამ ადამიანის შოვინისტურმა გამოთქმებმა (რუსი გენერალი ალექსანდრეს ქართველ პატრიოტთა საქმიანობას უწუნებდა), წვეულება მიატოვა. ხოლო სიტყვები: „რუსეთს შესწევს ძალა, რომ ქართველები წელში გაგტეხოთ“ მწერლის მეტამორფოზის მიზეზი გახდა. ერთ დროს მგზნებარე მიჯნურმა მოგვიანებით თქვა: „მე და ნინო სხვადასხვა გვარ-ტომისა ვიყავით, ერთმანეთის სიწმინდეებს გულწრფელად ვერ დავაფასებდით…“ მანამდე კი სამშობლოში დაბრუნებული სასოწარკვეთილი მწერალი ონისესავით ცხვარში გაეშურა. უფრო გვიან „ხევისბერი გოჩა“ დაწერა და ნინოს გარეგნობით ძიძიას სახე შექმნა. უცნაურმა მწერალმა სახელი ამ პერსონაჟისთვის პირველი სიყვარულიდან აიღო. მწერალს წყევლასავით სდევდა სიმარტოვე. პირადმა ტკივილებმა და ქვეყნის უბედურებამ ალექსანდრეს ფაქიზი სული გატეხა და 47 წლის ასაკში ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში აღესრულა.
მძიმე იყო ტერენტის აღსასრულიც. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული პოეტი, ყველასგან მივიწყებული და მიტოვებული, თბილისში, “არამიანცის” სავაადმყოფოში, 1934 წელს გარდაიცვალა.
მე თქვენ ორი არა-ჩვეულებრივი ადამიანის სამიჯნურო ამბები მოგიყევით. დღეს კი… გაზაფხულია… აპრილი…თქვენ პაემანზე მიგეჩქარებათ…
„გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.“
მარადიულ სიყვარულს გისურვებთ.