“გიგზავნით 15 წლის მარიამ ქარელის ჩანახატს. გოგონას დედა გარდაეცვალა ერთი წლის წინ. მას შემდეგ დაიწყო ჩანახატების წერა. ჩვენი სამსახური მას რეაბილიტაციაში ეხმარება. გთხოვთ განიხილოთ ნაშრომი და თუ საჭიროდ ჩათვლით განათავსოთ თქვენს საიტზე.” – ამ შინაარსის წერილი მივიღეთ, გუშინ, ვინმე ქალბატონი ელზა პანკრატოვასგან, რომელიც მისი თქმით სამთავისისა და გორის ეპარქიის ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურში ,,გადარჩენის გზა” მუშაობს. ვიდრე ჩანახატს შემოგთავაზებდეთ, გვსურს წარმატებები ვუსურვოთ ამ სამსახურის ყველა თანამშრომელს იმ კეთილ საქმეში, რომელსაც აკეთებენ და დიდი მადლობა გადავუხადოთ პატარა მარიამის ისტორიისა და ნაშრომის ჩვენამდე მოტანისათვის.
გულიდან ამოძახილი
“დაწყება ყოველთვის ძნელია, მაგრამ მოდი დავიწყოთ! ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. მათ აქვთ უფლება იყვნენ ბედნიერნი ისე, როგორც თვითონ სურთ! ზოგჯერ ამაში ხელს ვუშლით! ყველას გვაქვს ოცნება! ყველა ერთხელ მაინც ვნანობთ რაღაცას! ყველა ადამიანი განსხვავებულია და ვხვდებით, რომ ზოგჯერ თვითონაც არ ვართ ისეთი, როგორიც უნდა ვიყოთ!
დავფიქრდეთ, რამდენი რამ შეგვეძლო გაგეკეთებინა, სხვის აზრს ხელი რომ არ შეეშალა ჩვენთვის. ტკბილი ტყუილი? მწარე სიმართლე? და რას ვირჩევთ ჩვენ? საშინელებაა, როცა იმედს გიცრუებს ადამიანი, რომლისთვისაც ლოცულობდი!. საუკუნეების განმავლობაში ადამიანს თავისი უსაზღვრო სიხარბის გამო მთელს ქვეყანაზე ბატონობა სურდა. ამისთვის იბრძოდა ორი მხარე ყოველთვის. ბრძოლის დასასრულს გამარჯვებული მხარის მეთაური სიამაყით დასცქეროდა სისხლით გაჟღენთილ მიწას. რა აზრი აქვს იმისთვის ბრძოლას, რადაც ბოლოს თვითონ ვიქცევით!
ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ, ოჯახს არჩენენ, ურთიერთობენ მეგობრებთან, ზრუნავენ ერთმანეთზე. თუმცა ზოგს მხოლოდ საკუთარი თავი აღელვებს.მხოლოდ იმაზე ფიქრობს რა ესიამოვნება და არ ფიქრობს უმთავრესზე… რომ არ არის უკვდავი და როდესაც გარდაიცვლება შეიძლება აღარც კი ახსოვდეთ იგი საკუთარი ამპარტავნების გამო.
ადამიანები ადრე თუ გვიან მიდიან ამქვეყნიდან და შეუვსებელ სიცარიელეს გვიტოვებენ. ვიდრე ცხოვრებაზე დავიჩივლებთ, ვიფიქროთ მათზე, ვინც ძალიან ადრე წავიდა ამქვეყნიდან. როდესაც ცხოვრება რამეს გვართმევს, სანაცვლოს ყოველთვის გვჩუქნის. ალბათ იმიტომ, რომ წარსული დავივიწყოთ და წინ ვიხედოთ, მომავლისკენ…
ისე ვერ ვექცევით სხვას, როგორც გვსურს ჩვენ მოგვექცნენ. ხშირად ჩვენი სიტყვები არაფერს ნიშნავს მოქმედების გარეშე. გვავიწყდება, რომ ისე თითქოს ყოველი ერთმანეთს რაც გულში გვაქვს და მერე ტყუილად.ვკარგავთ დროს!
მოვექცეთ ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს, ისე, თითქოს მათ უკანასკნელად ვესაუბრებით!… წამზომი ჩართულია,…დრომ ათვლა დაიწყო!… რას ვეტყოდით ადამიანებო ერთმანეთს სიკვდილის წინ? ნუ დავიშურებთ სითბოს, სიყვარულს, რადგან მერე ვინანებთ როცა დავკარგავთ ყველაზე ძვირფასს! ნუ დავკარგავთ დროს უქმად იმ სამყაროში, სადაც ყველა სიყვარულის დეფიციტს უჩივის…”
მარიამ ქარელი, 15 წლის.