Skip to content

რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომი?!

ხელისუფლების შეცვლის შემდგომ საქართველოში კვლავ აქტუალური გახდა აგვისტოს ომის საკითხი. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ეჭვს გამოთქვამენ ომის დაწყების იმ ვერსიაზე, რომელსაც წინა ხელისუფლება დღემდე იმეორებს. გაიჟღერა ხელახალი გამოძიების ჩატარების ინიციატივამაც რათა საბოლოოდ გაირკვეს თუ რამ გამოიწვიას კონფლიქტის გაღვივება.


თუმცა არის კი საერთოდ მნიშვნელოვანი თუ ვინ დაიწყო ომი? ან საერთოდ რატომ ვაქციეთ ეს ამ ომის მთავარ შეკითხვად? მე, პირადად ვფიქრობ, რომ პასუხი ნათელია და ამ შემთხვევაში იძულებული ვარ დავეთანხმო ე.წ. ტალიავნის კომისიის დასკვნას სადაც ვკითხულობთ:  „ღია საომარი მოქმედებები დაიწყო ქალაქ ცხინვალისა და მის შემოგარენის წინააღმდეგ ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყების შედეგად.“


ეს იყო უმარტივესი ჭეშმარიტება რომლის აღიარებაც არ ისურვა წინა ხელისუფლებამ რადგანაც ეს ნიშნავდა იმას, რომ: 1. „დიახ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, რომ არ ჩავრთულიყავით ფართო მასშტაბიან კონფლიქტში, თუმცა ჩვენ მათ არ მოვუსმინეთ“ და 2. დიახ ჩვენ დავიწყეთ ომი რომლის დასრულებაც ვერ მოვახერხეთ ჩვენს სასარგებლოდ. პირველის აღიარება ნიშნავდა კიდევ უფრო მძიმე დარტყმას საქართველოსა და მისი იმდროინდელი ხელისუფლების იმიჯზე საერთაშორისო ასპარეზზე ხოლო მეორეს აღიარება იმავე ხელისუფლების რეიტინგის კიდევ უფრო მწვავე ვარდნას ქვეყნის შიგნით. შედეგად მათ ჩათვალეს, რომ რჩებოდათ ერთადერთი გზა, ემტკიცებინათ, რომ მათ ეს ომი არ დაუწყიათ, არამედ უბრალოდ განახორციელეს პრევენციულო ოპერაცია რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდგომ, რომლის გარეშეც საქართველო მიიღებდა კიდევ უფრო ფატალურ შედეგს ვიდრე მან მიიღო ამ სამხედრო ოპერაციის განხორციელების შედეგად.


ამან კი საპასუხოდ გამოიწვია შემდეგი: იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აქცენტი გადაეტანა განსჯა/გამოძიებაზე, თუ რამდენად ჰქონდა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ოპერაციის ჩატარების უფლება, მთავარ გასარკვევ საკითხად იქცა თუ ვინ დაიწყო ომი. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰქონდა ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით რუსეთთან მიმართებაში მას ვერავინ გაამტყუნებდა, რადგანაც, როგორც არ უნდა იყოს კონფლიქტი არ გასცდენია საქართველოს ტერიტორიას. შესაბამისად ვერავინ იტყოდა, რომ საქართველოს არ ჰქონდა უფლება საკუთარ ტერიტორიაზე არსებული უკანანო შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია, ხოლო რუსეთს ჰქონდა უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განეხორცილებინა ფართო მასირებული შეტევა საზღვაო ფლოტისა და ავიაციის გამოყენებით, მათ შორის კონფლიქტის ზონის მიღმა. თუმცა რადგანაც მთავარ სადავო თემად ომის დამწყების გარკვევა იქცა ამ საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, საერთაშორისო გამოძიება კი წარიმართა იმ მიმართულებით, რომ გაცემულიყო პასუხი კითხვაზე „ვინ დაიწყო ომი“. ამ გამოძიების პასუხი კი უკვე მოგახსენეთ.

ანუ მივიღეთ ის, რომ ერთადერთმა გამოძიებამ, რომელიც ამ ომის ფარგლებში ჩაატარდა, და რომლის მთავარ კითხვასაც წარმოადგენდა ვინ დაიწყო ომი, რუსეთსა და საქართველოს შორის უფრო მეტად დამნაშავე საქართველო სცნო. ომის, რომელიც არ გასცდენია საქართველოს ტერიტორიას.

შესაბამისად ომის დაწყებაზე კვლავაც აქცენტის გაკეთება მიმაჩნია, რომ შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. ფაქტია, რომ საქართველო არ ემზადებოდა ამ ომისთვის, ეს იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების, სპონტანური, იმპულსური და მოუმზადებლი გადაწყვეტყილება, რომლის შედეგადაც საქართველო თავით ფეხებამდე აღმოჩნდა რუსეთის  მიერ წლების განმავლობაში კარგად მომზადებულ ხაფანგში, ხაფანგში რომლის ერთერთ ნაწილსაც კონფლიქტის მთავარ პრობლემად არა რუსეთი საჯარისო ნაწილების საქრთველოს ტერიტორიაზე შეჭრა არამედ  სწორედ  საქართველოს მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების წარმოჩენა წარმოადგენდა.


ლევან ნიშნიანიძის ანალიზი