დიახ, ეს მე ვარ, და ჩემი ისტორია. პირველ რიგში კი ეს შენთვისაა ჩემო აფხაზო მეგობარო, სადაც შესაძლოა შენ არაფერს გიყვებიან ჩემზე, მაგრამ მე შემიძლია მოვყვე ჩვენზე და ჩვენი ერთიანობის გარღვეულ ცნობიერებაზე.
მე აფხაზეთში დავიბადე, მაგრამ დაბადებიდან, რამდენიმე თვეში სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მეტიც უფრო ადრეც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ვიბრძოდი სიცოცლისთვის.
მაშინ, როდესაც მე და დედა მუცლის შიგნით და გარეთ ვატოლებდით ხელებს სამყარო ახმაურდა, მუცლის რომელიღაც კუთხეში მოვიკუნტე და სმენად ვიქეცი. მაშინ პირველად არ მეტკბო დედას ხმა. ვგრძნობ, რომ მთელი სხეული უცახცახებს.
ომი დაიწყო… ყველა სადღაც გასაქცევად ემზადება… მე გასაქცევი არსად მაქვს, მაგრამ ვბობოქრობ და ვიბრძვი. გაუჩერებლივ და უმისამართოდ მივდივართ. ვგრძნობ , რომ დედა იღლება, დროდადრო ხელს მადებს, მაგრამ ვერ ვბედავ თითები დავატოლო, ვიკუნტები თითქოს ამით სხეულს ვუმსუბუქებ. არ ვინძრევი, არ ვტკენ , არ ვხმაურობ. გარეთ რაღაც ხდება, რაღაც უპატიებელი …
მამა… მამა სად არის, უკვე წრიალს ვიწყებ. მის სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობ. ყოველთვის, როცა მეხებოდა ვჩერდებოდი, ბრაზდებოდა კიდეც მე არასდროს მეხმაურებაო…დიახაც, იმიტომ, რომ განსაკუთრებული პირველი შეხვედრისთვის ვემზადები.
-მანაქანაში ადით ქალები, მოხუცები და ბავშვები სატვირთო მანქანაში აიყვანეთ, საზღვარზე ამ მანქანით გადაიყვანეთ ეს გზა უსაფრთხოა ენგურის ხიდამდე მივა მერე ყველამ თავის თავზე იზრუნოს. მესმის მამაკაცის ხმა .
დედაჩემს მანქანაში ასვლაში ეხმარებიან. მე ისევ ვყუჩდები და თითქოს უფრო ვუმსუბუქებ მუცელს. აი მამაც, მამაც აქ არის. ახლა ერთ უსაფრთხო მანქანაში ვართ, რომლის დახმარებითაც ყველანი სამშვიდობოს გავალთ და თავს დავაღწევთ ამ ომს. ვერ მოვითმინე, ასე თბილად ასდროს შემხებია… ფეხს ვურტყამ, ჯერ ერთ მერე მეორეს და ვესალმები ესეც ასე მამიკო … ყველაფერი კარგად იქნება. ვიღიმი და ვიჯერებ კიდეც, მაგრამ ხელს მალევე მაცილებს და მანქანიდან ხტება. დედა წრიალს იწყებს თითქოს ვიღაცას საყელოზე ექაჩება…. სხეული უთრთის, რაღაც ხდება, ტირის, ვყუჩდები და ვუსმენ.
-აქ ვერ დარჩები, მოგკლავენ დაბრუნდი.
ეს დედაჩემის ხმაა .
– გადახტდი დედა! არ მეშინია გადახტი, გადახტი მეთქი. დეე.. გადახტი.
რამდენიმე წამში წაშინელ ტკივილს ვგრძნობ. მინდა ვაგრძნობინო კარგად ვარ მეთქი, მაგრამ ფეხებს ვერ ვურტყამ. ძრავა ითიშება და ქალების ხმა მესმის… ქალი, ქალი გადახტა… გააჩერეთ , მიეხმარეთ.
კარგად ვარ ვყვირი, მაგრამ არავის ესმის უბრალოდ ვერ ვმოძრაობ. რამდენიმე წუთი და ოთხ ხელს ერთდროულად ვგრძნობ, ბედნიერებისგან მთელი უბედურება მავიწყდება. ერთად მივდივართ.
იმათგან , ვისთან ერთადაც მამა აპირებდა დარჩენას, ცოცხალი არავინ დაბრუნებულა. ეს ალბათ ერთადერთი დიდი სიკეთეა რისი გაკათებაც მე და დედას მისთვის შეგვეძლო, ნიშნად ჩვენი მისდამი სიყვარულისა. ომი ხანდახან მხოლოდ ნგრევა არ არის, ის მისდასაუბედუროდ და მისდაჭირად, უფრო ღირებულს ქმნის. ეს თანადგომაა, რასაც ადამიანები ყველაზე რთულ დროს იჩენენ ერთმანეთის მიმართ. დიახ. შესაძლოა სიკვდილი მაშინ სვამს წერტის, როცა ვინმეს , ან რამეს თხრობა ჯერ არც კი დაიწყია… მაგრამ სამჯერ უშედეგოდ დასმული წერტილი უკვე დაუმთავრებელი თხრობაა. ჰოდა სწორედ ამ დაუმთავრებელი თხრობისთვის ვაპირებ დაბადებას…
ავტორი: მარიკა კოკაია