ფსიქოლოგია ჩნდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა უკვე გვაქვს სინდისის კატეგორია. თუ არსებობს სინდისი, მაშინ შეგვიძლია საუბარი სამყაროზე, სადაც ადამიანებს აქვთ დადებითი თუ უარყოფითი თვისებები.
მაგრამ როგორ განისაზღვრება, როგორ აღიზრდება ან გადაიცემა თავად სინდისი? როგორ თვითწარმოიქმნება? ბერძნებმა ამასთან კავშირში შემოიტანეს დიალექტიკის ცნება, იღებდნენ რა მხედველობაში, რომ სწორედ დიალექტიკა არის ისეთი მდგომარეობა საპირისპირო დაჭიმულობათა შორის, რომლის შიგნით შეიძლება წარმოიქმნას მოვლენა, რომელიც თვით არ წარმოადგენს რომელიმე უწყვეტი მიზეზობრივი კავშირიდან გამოყვანილ წევრს ან ელემენტს.
რატომ გამოჩნდა ასეთი განსაკუთრებული სიტყვა „დიალექტიკა“, ლოგიკისგან განსხვავებით? (ამასთან, მე არ ვიღებ მხედველობაში იმ ძალზე ხშირად აბსოლუტურად უწიგნურ მსჯელობებს განსაკუთრებული დიალექტიკური ლოგიკის შესახებ, რომელიც თითქოსდა განსხვავდება ფორმალური ლოგიკისაგან და ა. შ.) ბერძნები ამ სიტყვით რეალურ გარემოებებს ასახავდნენ. მათ ესმოდათ, რომ არსებობს მოვლენები, რომლებიც არ გამოიყვანება და რომელიც ვერ წარმოიქმნება როგორც ბოლო რგოლი მათ განმაპირობელ უსასრულო ჯაჭვში.
დავუშვათ, ავაგეთ რა რაღაც პირობათა ჯაჭვი A, B, C,-თვის, მე მივიღე D, – აი, არის მოვლენები, რომელიც ვერ მიიღწევა ამგვარად, ისინი პრინციპში ვერ გამოიყვანება ან ვერ იქნება ბოლო რგოლები განპირობებულობის ამ უსასრულო ჯაჭვში. ისინი წარმოიქმნება საპირისპირო დაჭიმულობით გარშემორტყმულ ძაბრში. აი, ამას ეძახიან ბერძნები დიალექტიკას. იქ, შიგნით – აინთება ან არ აინთება. თუ აინთო – მაშინ მთლიანია.
მერაბ მამარდაშვილი / ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში