რა იწვევს ,,გაუაზრებელი ჭამის” სინდრომს? რას გულისხმობს კომფორტული წონის ცნება? როგორ აღიქვამს ჩვენი არაცნობიერი სიტყვა „დიეტას?“ – ამ და სხვა თემებზე ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე საუბრობს.
ფსიქოლოგის განმარტებით, კომფორტული წონა სხვადასხვა ადამიანისთვის შესაძლოა განსხვავდებოდეს მისი პროფესიიდან, იმიჯიდან და სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. “არსებობს პროფესიები, სადაც წონა მოითხოვს რაღაც სტანდარტს, მაგალითად, მსახიობს უნდა ჰქონდეს გარკვეული წონა, რათა ბევრ როლზე დაამტკიცონ და ეს როლები არ იყოს მხოლოდ სახასიათო, ასევეა მანეკენის შემთხვევაშიც“. აქვე აღნიშნავს, რომ თუ ჩვენი შინაგანი ენერგეტიკა არაპოზიტიურია, წონის იდეალური შეფარდებაც კი ვერ დაგვეხმარება, რათა სრულყოფილად გამოვიყურებოდეთ. „ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა შინაგან მე-სთან დაიწყოს კონტაქტი: თუ რამდენად იცნობს თავს, რამდენად გარკვეულია რა სურს, როგორი სურს რომ იყოს. როგორი „მინდა ვიყო“ სადღეგრძელოს არ უნდა ჰგავდეს, კონკრეტული იმიჯი ანუ პოზიციონირება საზოგადოებაში, დაახლოებით მაინც უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი“.
მარინა გოქსაძე გვთავაზობს „გაუაზრებელი ჭამის“ სინდრომის განხილვასაც, რაც ბევრისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. გაუაზრებელი კვება, პირველ რიგში, პირდაპირ კავშირშია შფოთვასთან, რაც ღელვისგან განსხვავებით, არაჯანსაღი რეაქციაა და დათრგუნული ემოციის პერიოდულ გამწვავებას წარმოადგენს, ხშირად ადამიანები სწორედ რაიმე კონკრეტული დადებითი ემოციის მიღებას, ემოციური სიცარიელის შევსებას საკვებით ცდილობენ – „საკვებთან ურთიერთობაც – ეს არის ურთიერთობა“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
რაღა თქმა უნდა, სასურველი წონის მიღებასა და შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სპორტი, თუმცა სპორტით სისტემატური დაკავება ბევრისთვის საკმაოდ მოსაწყენი პროცესია, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი გვირჩევს: „იპოვე შენთვის სპორტის ისეთი სახეობა, რომელიც არ იქნება, თუნდაც დიდი დატვირთვის შეიძლება კალორია არ დაწვა, მაგრამ ეს იქნება სტიმული“ . ამასთანავე, მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილების გააზრება, მკაფიოდ ჩამოყალიბება, რაც მოგცემთ მოტივაციას და დაგეხმარებათ საკუთარი მიზნის მიღწევაში.
დიეტის მიმდინარეობას თან ახლავს ფსიქოლოგიური ასპექტები, რომლებმაც შესაძლოა, მისი შედეგები მნიშვნელოვნად განაპირობონ. „ჩვენი არაცნობიერი სიტყვა დიეტას ნეგატიურად აღიქვამს, რაც უფრო მეტს იფიქრებთ დიეტაზე შიმშილის გრძნობა მოიმატებს. ვიცავთ დიეტებს და ვიცით, რომ რაღაც პირველ პერიოდში წონაში ვიკლებთ, მერე კი კლება ჩერდება, ეს გამოწვეულია ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმების გააქტიურებით. მე დიეტას შევცვლიდი რაციონალური კვებით, სადაც, შესაბამისი გამოკვლევების შედეგად, ინდივიდუალურად შეირჩევა, თუ რა საკვებია სასარგებლო კონკრეტული ადამიანისთვის“.
როგორც აღვნიშნეთ, კომფორტული წონა შესაძლოა იდივიდუალური იყოს, თუმცა მკვეთრად გამოხატული ჭარბი წონა ან სიგამხდრე ერთმნიშვნელოვნად პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, თითქმის ყველა სიმსუქნე ალიმენტარული ანუ კვებასთან დაკავშირებულია, გადაჭარბებული მადის ქონა და მისი მუდმივი მატება, შესაძლოა, ბულემიითაც იყოს გამოწვეული, ხოლო მეორე უკიდურესობაა ანორექსია. ორივე შემთხვევის დროს ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო, თუმცა პირველ რიგში ეს ფსიქიატრის კომპეტენციას წარმოადგენს.