,,ჩვენი გაცნობიდან 40 წელზე მეტი გავიდა,ჰო,ასეა, ჩემო ძვირფასო, მაგრამ თითქოს გუშინ იყო ჯარიდან ახალი დაბრუნებული კისერს რომ ვიტეხავდი უნივერსიტეტის ეზოში მოსასვლელად , ლექციიდან გამოსული რომ დამენახე.
სანამ გაგიცნობდი, ბევრჯერ ვმდგარვარ ,დიდხანს მიყურებია შენთვის და მოსვლა ვერც გამიბედავს.საკმარისი იყო ჩემს მხარეს შემთხვევით გამოგეხედა, ჩემს ძლიერ კუნთებს მაშინვე რაღაც ემართებოდათ და ერთიანად სუსტებოდნენ . შენ კი უბრალოდ გამოგიხედავს და არც გცოდნია, რომ ის, მე ვიყავი.
1960 წლის 19 აპრილს მეგობრის დაბადების დღეზე დამპატიჟეს,ბიჭები ერთად ავედით. დიდი სუფრა იყო გაშლილი,ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავდი,ბევრს უცნობს.დავსხედით .ამ დროს იუბილარის მამა ფეხზე წამოდგა,ასე გვეგონა შვილის დასალოცად ემზადებოდა,უცებ კი დიდი მოწიწებითა და ღიმილით ოთახში გოგონა შემოიყვანა. პირველად თვალში ღია ვარდისფერი პალტო მომხვდა,მერე ზამთარს ნასესხები ყინვისგან გაწითლებული გაბანტული ტუჩები და მათ უკან დამალული მორცხვი ღიმილი.
-გაიცანით და იცნობდეთ, ჩემს ძმისშვილს,წარჩინებულ სტუდენტსა და შესანიშნავ ადამიანს – ელენეს.
უცებ რაღაც საშინელება დამემართა,მიშომ ფეხზე ისე მწარედ მომიჭირა ხელი, რომ სიმწრისგანკინაღამ მაგიდას გადასაფარებელი ჩამოვაძრე.
-ბიჭო ეს ის არაა?? ის ,ბიჭო,ვაიმე,ბაჩოს ბიძაშვილი ყოფილა, ვაიმე, ბიჭო ,გავგიჟდები,მაინც და მაინც დღეს გაცვია რა ეს უბედური ჭრელი ჯემპრი, აი მწვანილის გამყიდველ ვალიკოს გავხარ.
იდეაში, მიშო ამ ყველაფერს ჩურჩულით მეუბნებოდა , მე კიდევ მეგონა, რომ სუფრის ყველა წევრს სათითაოდ ესმოდა. მეგონა, რომ მიცანი,მაგრამ როგორ,შენ ხომ საერთოდ არაფერი იცოდი ჩემს შესახებ . თანაც შემთხვევით,ზუსტად ჩემს პირდაპირ ,იუბილარის გვერდით დაგსვეს.
შენ გაზაფხული იყავი, ამ ოთახში ჩაკეტილი გაზაფხული,მე კი უხეში,შეუხედავი ზამთარი,ყინულს რომ ვეღარ აკავებდა და დნებოდა. ამიტომაც ბიჭები ძალით მაჩერებდნენ სუფრასთან თორემ სულ აივანზე ვიდექი და სიგარეტს ვაბოლებდი. უცებ დავინახე ჩემი მეგობარი მიშო იუბილარს რაღაცას ეჩურჩულებოდა,რომ ვკითხე რა ხდებოდა, არაფერი მიპასუხა. დათო ბიძიამ გიტარა როდესაც მომაწოდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი როგორი გრძელი ენა ჰქონდა მიშოს. თითები ერთიანად მიკანკალებდა, ნერვიულობისგან კინაღამ უკუღმა დავიჭირე გიტარა და იქვე გავფანტე ყველა ეჭვი ჩემი ვირტუოზობის შესახებ.ერთი-ორი აკორდის შემდეგ ნერვიულობამაც გაიარა და გადავრჩი თავის შერცხვენას,ისე გიტარაზე მართლა რა კარგად ვუკრავდი, რამდენი ხანია ხელში აღარ ამიღია. სტუმრების გაცილების დრო რომ დადგა,მიშო დავინახე დათო ბიძიას ელაპარაკებოდა, წარმოდგენა არ მქონდა ახლა რაღას მიმზადებდა და შიშით ვუყურებდი.
-ელენე,ბიძია გენაცვალოს, შენ ბექა გაგაცილებს, შენსკენ ცხოვრობს და მეც აღარ ვინერვიულებ, მშვიდად ვიქნები.
დათო ბიძიამ ვარდისფერი პალტო მოგახურა მხრებზე და შენი თავი მე ,,ჩამაბარა”.
არადა საერთოდ არ ვცხოვრობდი შენსკენ და არ ვიცოდი აქვე უნდა დამეხრჩო მიშო, თუ ჯერ შენ მიმეცილებინე და მერე დამეხრჩო. ძნელად გადამდიოდა ნერწყვი ყელში და მეორე კლასელი ბიჭუნასავით ვუღიმოდი დათო ბიძიას.
კარში პირველი შენ გაგატარე და გთხოვ, არ გამახსენო ,მაშინ რა სისულელეები გელაპარაკე, რაში გაინტერესებდა ზოოპარკის დირექტორის შვილი რომ ჩემი კურსელი იყო, ანდა თბილისის ანძის სიმაღლე. ალბათობა იმისა, რომ ყველაფერი სახეზე მეწერა რასაც ვგრძნობდი დიდი იყო,მაგრამ შენ იმდენად ახლოს ცხოვრობდი,რომ დრო არ გეყოფოდა ამის შესამჩნევად. ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შენც ზრდილობის გულისთვის ღიმილიანი სახით მოიხურე სადარბაზოს კარი.
ვიცი, დღემდე გგონია, რომ ბაჩოს დაბადების დღეზე გაგიცანი,მაგრამ ახლა ყველაფერი იცი .შეიძლება გაგეცინოს კიდეც ამ აღსარებისთვის 40 წელი რომ დამჭირდა. მაგრამ ყველა სისულელე რომ მომეყოლა ჩემს შესახებ,ალბათ ცოლად არც გამომყვებოდი.ამ წერილსაც ზუსტად იმიტომ გწერ, რომ გგონია აღარ მიყვარხარ და ყველაფერი დამავიწყდა ჩვენი სიყვარულის შესახებ,მაგრამ სწორედ ესაა ის ,რაც მაცოცხლებს დღემდე და მე იმაზე დიდი ხანია მიყვარხარ, ვიდრე შენ გგონია.
იმ დღიდან ერთ კვირაში წყეული ფეხი ვიღრძე და ექიმმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა,.მაშინ დავიწყე ჩემი ძმაკაცებისთვის დავალებების მიცემა: მიშო უნივერსიტეტში მოდიოდა ხოლმე და ამოწმებდა ვინმე ხომ არ გაწუხებდა,კოტეს ვარდების მოტანა ევალებოდა შენს სახლთან,ოღონდ ისე, რომ შენ არ შეგემჩნია ვის მოჰქონდა. ბიჭები მეჩხუბებოდნენ,გაუთავებლად მეწუწუნებოდნენ,რომ მოვსულიყავი და მეთქვა შენთვის ყველაფერი . თანაც ერთხელ ფანჯრიდან დაგინახავს კოტე დიდი თაიგულით ხელში შენი სახლისკენ მომავალი და შეიძლება გეგონა კიდეც, რომ კოტე გიგზავნიდა ყვავილებს. ვიცი, ახლა ამას კითხულობ და ფიქრობ, რა სულელი ვიყავი.
ფეხმა მალე გამიარა, მაგრამ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი,ღამე არ მეძინა, გათენებამდე მეღვიძებოდა ,არადა ადრე შუადღის პირველ საათამდეც მეძინა ხოლმე.ვერ ვისვენებდი, ექიმთან მივედი,ჩემი ანალიზები მაგიდაზე ედო და ძალიან უცნაური სახით მიყურებდა, მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც სასიკვდილო დიაგნოზი მქონდა დასმული. მთხოვა მომეყოლა ჩემი ჩივილების შესახებ და მეც ვუთხარი, რომ გულს ვერაფერს ვუდებდი, არ მეძინებოდა, სახლში მელაპარაკებოდნენ და არ მესმოდა, ხან გული ამიჩქარდებოდა, ხან შემინელდებოდა.ექიმმა თავი აქეთ იქით გადააქნია და მითხრა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა,მაგრამ დანიშნულებას მაინც დამიწერდა. და რა ეწერა იცი დანიშნულებაში? შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი, თანაც დიდი ასოებით.
ასე მითხრა, რომ ჩემი ტაქიკარდია,ბრადიკარდია, უძილობა ყველაფერი შენი ბრალი იყო. იცი,ის დანიშნულების ფურცელი ახლაც შენახული მაქვს.მერე დამარიგა ,რომ ჯანმრთელი ვიყავი,მაგრამ შეყვარებული. და შენთვის მეთქვა, როგორ ძალიან მიყვარდი .
ექიმისგან რომ წამოვედი,იქვე ,მელიქიშვილზე ვიყიდე წითელი ვარდები, თავიდან თითქოს ძალა არ მეყო,ან სიმორცხვემ ისევ მაჯობა,მაგრამ გზა მაინც გამოვაგრძელე და სუნთქვაშეკრული გავჩერდი ტრაფარეტის წინ , რომელსაც 62 ნომერი ეწერა.ამ დროს შენ შემთხვევით გამოხვედი სადარბაზოდან,ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო,კიდევ კარგი ვარდების თაიგული ზურგს უკან მეჭირა და არ ჩანდა.მე ასე მეგონა ყოველშემთხვევაში. მერე შენც მოხვედი და მკითხე:
-ბექა, როგორ ხარ?აქ საიდან ?
-იცი, მიშოს დეიდაშვილის ბიცოლა ცხოვრობს აქ და მიშომ რაღაც გამომატანა.
ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ მომიბოდავს და კიდევ კარგი, მივხვდი და აღარ გავაგრძელე ლაპარაკი.
-ა, ეგ ვარდები მიგაქვს მიშოს დეიდაშვილის ბიცოლასთან?
მე ჭკვიანს, რაღა თქმა უნდა ,მეგონა, რომ ვარდები ზურგს უკან დამალული მქონდა, სინამდვილეში კი ერთი ცალი ძირსაც დამვარდნია. რომ მეთქვა მიშოს დეიდაშვილის ბიცოლასთან მიმაქვს მეთქი ,დიდ სისულელეს ვიზამდი, რომ მეთქვა სხვასთან მიმაქვს მეთქი , კიდევ უფრო დიდს და კიდევ კარგი სიმართლე გითხარი .
ზუსტად ექვს თვეში ცოლად მოგიყვანე და ახლა ორივე ერთად ვემზადებით სიბერისთვის.ამ წერილს იმიტომ გწერ, რომ მინდა იცოდე მე არაფერი დამვიწყებია,უბრალოდ დრო გავიდა,ჩვენ კი ისევ ისეთები ვართ. კიდევ იმიტომ გწერ, რომ მინდა ჩვენი სიყვარული სადმე დარჩეს,თუნდაც ფურცელზე,რადგან ერთ დღესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ამ ქვეყანაზე.
სიბერე მოულოდნელად მოვიდა,პირველი მოულოდნელი თოვლივით,ერთ დღესაც იღვიძებ და ხედავ, რომ შენი თმა უკვე თეთრია და პირველი თოვლისგან განსხვავებით ის აღარასდროს დადნება. ხშირად გხედავ სარკის წინ, როგორი იმედგაცრუებით უყურებ საკუთარ თავს,აღარც ასაკზე გსიამოვნებს ლაპარაკი და ხასიათიც ადვილად გიფუჭდება.მგონი ისიც გგონია, რომ აღარ მიყვარხარ, რადგან ისევ ისეთი ახალგაზრდა აღარ ხარ,მაგრამ ცდები. ნუ უგდებ სარკეს ყურს, ჩემს გულს მოუსმინე, ის ისევ ისეთია როგორც უწინ. ეს შენს სხეულს გაუჩნდა ნაოჭები, თორემ სული ისევ ისეთია,ზუსტად ისეთი,როგორიც 40 წლის წინ და ისევ ისე მიყვარს როგორც 40 წლის წინ , შეიძლება მეტადაც კი.
უბრალოდ ახლა არც დამიჯერებ ისევ რომ გიმეორო, როგორ მიყვარხარ ,როგორც წლების წინ გიმეორებდი.ახლა არც დამიჯერებ რომ გითხრა შენს დანახვაზე გული მიჩქარდება მეთქი, მაგრამ რასაც ვგრძნობ ის სიყვარულზე მეტია ალბათ,რადგან ყველა სტადია გამოვლილი აქვს, მოწონებაც, ვნებაც, შეჩვევაც,მეგობრობაც. და ის ,რასაც მე ახლა ვგრძნობ უფრო ძლიერი და ძნელია , რადგან მაშინ, ადვილი იყო მყვარებოდა შენი ახალგაზრდობა, გარეგნობა და სილაღე.
გახსოვს ერთი ამოსუნთქვით როგორ ავრბოდით კიბეებზე, ახლა კი სიარულისაც გვეშინია ისე ვიღლებით,გახსოვს რა უდარდელები ვიყავით, ახლა კი თვალის გახელას ვერ ვასწრებთ, რომ ცრემლი მოგვდის.გახსოვს როგორ მოვდიოდით სამსახურიდან ერთად, ახლა კი პენსიის რიგსაც ვეღარ ვუძლებთ.გახსოვს რა მშვიდად გვეძინა ღამით , ახლა კი ერთმანეთის გაძნელებულ სუნთქვას ვუგდებთ ყურს.
ვამაყობ ყოველი დღით,რომელიც შენთან ერთად გამიტარებია, შენ ზუსტად ის ნახევარი ხარ რომელიც მე მავსებს,რომლიც პოვნაზეც ადამიანები ოცნებობენ.შენ არასდროს მტოვებდი როცა გასაჭირში ვიყავი, შენ მხოლოდ ცოლი არ ყოფილხარ რომელიც ჭურჭელს და სარეცხს რეცხავდა,შენ ჩემი სახლი, ჩემი თავშესაფარი იყავი ,ყველაზე მშვიდი და სანუკვარი. ყოველთვის,ყველა წელიწადის დროს, გაზაფხული იყო შენს გამო ჩემს ცხოვრებაში,ეს ზამთრის სიცივე კი სიბერემ მომიტანა.ეს სუსტი ხელები ,წერითაც რომ იღლებიან , ესეც სიბერემ მომიტანა. იცი,სიკვდილისაც არ მეშინია,რადგან რისთვისაც ღირდა ცხოვრება, მე ის ყოველთვის მქონდა და ეს შენ იყავი. მე მხოლოდ იმის მეშინია ,რომ ვეღარასდროს გნახავ, ეს შიში მაშინებს ყველაზე მეტად და ესეც სიბერემ მომიტანა, მაგრამ მჯერა, ვერაფერი დააშორებს ჩვენი სულების გადაბმის წერტილებს.
გულს ისევ სურს, როგორც ადრე,მაგრამ სხეული აღარ უგდებს ყურს მის სურვილებს -ეს ყოფილა სიბერე სწორედ და ის ,რისიც გვეშინია მე და შენ,მაგრამ ამასაც ერთად გავივლით,რადგან შენ ყოველთვის ჩემი თანამზრახველი იყავი. ერთი მინდა იცოდე, ყველაფერი შეიძლება დაჭკნეს თვალების გარდა,თვალები არასდროს ბერდებიან და სწორედ თვალებში ცხოვრობს სიყვარული, შემომხედე და დაინახავ,ნუ უჯერებ ჩემს დასუსტებულ და დაკუჭულ ხელებს,მე ისევ ისეთი ვარ და ისევ მიყვარხარ.
სულ მიკვირდა, როგორ უნდოდათ რამდენიმე ქალი ერთად, ან პერიოდულად ხან ერთი ,ხან მეორე, ხანაც მესამე.ჩემთვის კი ეს ცხოვრება არ არის საკმარისი,რომ შენ მიყვარდე,ერთადერთი და შეუცვლელი.
ჩემთვის რომ ეკითხათ სიყვარული რას ნიშნავდა, ვუპასუხებდი, რომ შენ ბევრად მეტი ხარ ვიდრე სიყვარული და რომ სიყვარული შენ გგავს.
მიყვარხარ, მიყვარხარ ,მიყვარხარ ,არ აქვს მნიშვნელობა ისევ 20 წლის ხარ თუ არა, და მე ისევ ჯიბეში კინოს ბილეთით და ზურგს უკან დამალული თაიგულით გიცდი თუ არა სადარბაზოს კართან.სიყვარული იგივეა და არ ცნობს ციფრებს.სიყვარული იგივეა,უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობით და გამოცდილებით სავსე . სიყვარული იგივეა, უბრალოდ წლები იმატებს, სიყვარული იგივეა, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს.”
თათია კობერიძე