Skip to content

საკუთარი თავის ძიება: როგორ ვიპოვო, ვინ ვარ და რა მინდა ცხოვრებაში?!

ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ კითხვის ძიებაში გავატარე. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ვიყავი, სად მინდოდა მეცხოვრა და რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში.

მოჯადოებულ წრეზე დავდიოდი, დავდიოდი და დავდიოდი…. და კარებს ვერსად ვპოულობდი.

და არაფრით მეხმარებოდა ის ფაქტი, რომ ჩემი მეგობრები, ნათესავები, კლასელები თუ კურსელები ერთი შეხედვით შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს ყველა მათგანმა ზედმიწევნით იცოდა, საით მიდიოდა მათი ცხოვრების გზა.

მაგრამ სადღაც, ნელ-ნელა ციდან პიროვნული განვითარების და საკუთარ თავზე დიდი მუშაობის შედეგად გადაიკრიფა ღრუბელი და ჩემთვის ნაბიჯ-ნაბიჯ ცხადი გახდა, ვინ ვიყავი და რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში.

ყველა რჩევა თუ გამოცდილება, რომელიც მე საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარა, კი მინდა ამ სტატიის სახით გაგიზიარო. 

ვინ ვარ მეალბათ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა

რატომ?

იმიტომ, რომ ამ პასუხზე შენი მთელი ცხოვრებაა დამოკიდებული.

ყველაფერს,რასაც ახლა ცხოვრებაში აკეთებ ან რისი გაკეთებაც გინდა, ამ კითხვასთან მიჰყავხარ:

ვინ ვარ მე?“ ყოველ შემთხვევაში ვინ მინდა, რომ ვიყო?“

და იქამდე სანამ ამ კითხვაზე ნათელ პასუხს არ იპოვი,არა მხოლოდ ინტელექტუალურს, არამედ გულიდან წამოსულ პასუხს, ვერ იცხოვრებ, როგორც ოსკარ ვაილდი ამბობდა, უბრალოდ იარსებებ, ისე როგორც ადამიანთა დიდი ნაწილი.

ამის საუკეთესო მაგალითი, ვარ მე თვითონ

წლების განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა ვინ ვიყავი და რისი გაკეთება მინდოდა.და ეს ჩამოუყალიბლებლობა 2 ი ფაკულტეტის შეცვლით გამოიხატა(შეგიძლია კითხო ჩემ მშობლებს, რამდენად მოსწონდათ ჩემი ასეთი ცვალებადობა)

ხო, ახლა მეტყვი, თუ ის მაინც იპოვე, რაც გინდოდა, მაშინ ღირდა ამდენი დავი-დარაბაო.

სისულელე, დიდი სისულელე…

ამის შემდეგაც არ ვიცოდი, უფრო უარესი..

მთელი ამ ექსპერიმენტარიის შემდეგ და 2 ფაკულტეტის და საბოლოოდ ისეთი ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რომელიც არ მაინტერესებდა, უფრო დაკარგული ვიყავი.

ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, რომ შესაძლებელია სიამოვნებით გამეკეთებინა, ან ერთი პერიოდის განმავლობაში ვაკეთებდი, ძალიან მალე მბეზრდებოდა და ისევ თავიდან იწყებოდა და ახლა?!

„გადავწყვიტე, სხვა რამე უნდა გამეკეთებინა“

დავიწყე , ეკონომიკურ ჟურნალში მუშაობა.ერთი პრობლემა მქონდა:ხო თუ არ იცი გეტყვი. რომ ეკონომიკა მეზიზღება(ვიცი ძალიან ჭკვიანურია ჩემგან)

ერთი სტატიის დაწერას ერთი თვე ვუნდებოდი, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა დამეწერა და უმეტეს წილად ბრიფინგებზეც მეძინებოდა.ჩემი თავი 6 თვე ვარწმუნე, რომ ყველა სამსახური თავიდან რთული იყო და ზოგადად, სიამოვნებით არავინ მუშაობდა…ცოტა ხანს მიშველა, სულ რაღაც 6 თვე და მერე წამოვედი….

და ახლა?

ძალიან დამღლელი იყო ეს დაუსრულებელი ძიება….

ჩემი შემდეგი იდეა იყო, ერთი წელი უცხოეთში ცხოვრება.რადგან ვინც მოგზაურობს, ის ბევრს სწავლობს, თავისი თავის შესახებ.ასე ამბობდნენ ყველა დროის ფილოსოფოსები.ამის გარდა, ვფიქრობდი, რომ საქართველოში ცხოვრებას, ყველაფერი სჯობდა, ოღონდ აქედან “გამახწევინას პრინციპით” წავედი.

ასე გადავსახლდი გერმანიის დედაქალაქ „ბერლინში“.გგონია ჩემი პრობლემები გაქრა?!გგონია, რომ აეროპორტშივე ვიპოვე ყველა კითხვაზე პასუხი?!

ნურას უკაცრავად, მაგრამ ერთ რამეს კი მივხვდი და ამის შემდეგ კიდევ არაერთხელ ცხოვრებაში ამ რეალობას შევასკდი:

არა აქვს მნიშვნელობა საით გარბიხარ, შენი პრობლემები შენთან ერთად მოდიან 

განსაკუთრებულად ეს ეხება საკუთარი თავის ძიების პროცესს:ვინ ვარ / რისი კეთება მინდა ცხოვრებაში?!

სწორედ აქ მივხვდი, რომ სადაც არ უნდა გადავსახლებულიყავი, გერმანიაში, ნიუ-იორკში თუ სან-ფრანცისკოში ჩემი პრობლემები მუდმივად ჩემთან ერთად იქნებოდა და სანამ მათზე პასუხს არ ვიპოვიდი, ვერ გავხდებოდი ბედნიერი.

ასე დავიწყე ჩემი პასუხების არა გარეთ არამედ ჩემში ძიება.

და შეხედე, უკვე 2 დღის შემდეგ დაიწყო ნაბიჯ-ნაბიჯ  იმ ღრუბლის გარღვევა, რომელიც წლების განმავლობაში ჩემში დაგროვდა… 

საკუთარი თავის ძიება: პასუხი შენშია

რა გავაკეთე მე, რომ მეპოვნა, ვინ ვიყავი და რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში?

პასუხი:მე გავაკეთე….

1. N რაოდენობის საკუთარი-თავის ძიების კითხვებს ვუპასუხე (ვინ ვარ , რა მინდა, სად მინდა) ქვემოთ დავუბრუნდები ამ თემას უფრო დაწვრილებით.

2. ჩემ თავთან ვრჩებოდი დიდ ხანს მარტო სიმშვიდეში, ბუნებაში, ჩემ თავს ვუღრმავდებოდი და ვპასუხობდი ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე.

3. ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, ვკითხულობდი პრაქტიკაში ვანხორციელებდი, ხო არ მოგესმა, უამრავი ექსპერიმენტი ჩავატარე საკუთარ თავზე.

შემდეგ-და ახლა ყურადღება მოკრიბე, ჩემო მეგობარო-აქ მოდის ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ბევრი ამ პროცესში უშვებს:

მათ სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ თავის საოცნებო მდგომარეობაზე იფიქრონ.

მათ სჯერათ, რომ მათ მხოლოდ ფიქრით შეუძლიათ იმის მიხვედრა, რა უნდათ გააკეთონ ცხოვრებაში.

არასწორია.ძალიან არასწორია.ასე არაფერი გამოვა.

მხოლოდ, მაშინ იცი, გინდა თუ არა ესა თუ ის რაღაცა, როცა ცდი, მხოლოდ ცდის შემთხვევაში იცი ნამდვილად გინდა თუ არა აკეთო ის ან გქონდეს ის, რაც გინდა.

რა მინდა აქ შემოგთავაზო და რამ იმუშავა ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგად არის ის, რომ ჯერ იფიქრო რა გინდა და შემდგომ ეს ყველაფერი ცადო, ცადო ამ ყველაფრის გაკეთება და ნახო, მოგწონს თუ არა.

ყველანაირი თეორია და ყველანაირი ფიქრი მოგიტანს არაფერს,საერთოდ არაფერს თუ მას პრაქტიკაში არ განახორციელებ.

აქ გაჩვენებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს:

 ასე იპოვი, ვინ ხარ სინამდვილეში

კარგი, დიდ ხანს ვისაუბრეთ თეორიაზე, ახლა პრაქტიკულ ნაწილს მივხედოთ.მზად ხარ?მაშინ, დაიწყო….

თავდაპირველად, აიღე ხელში ერთი ფურცელი და დაწერე დიდი ასოებით:

  • „ვინ ვარ მე?“
  • „რა მინდა სინამდვილეში?“

შემდეგ უფრო უკეთესად, რომ მოეწყო აიღე ხელში ერთი ჭიქა ჩაი , რადგან  ჩვენი სამუშაო ცოტა ხანს გაგრძელდება.

ახლა აიღე პასტა და უპასუხე შემდეგ კითხვებს(და წერით და არა გონებით) და დაწერე პასუხები ფურცელზე:

  • ჩემი ცხოვრების რა პერიოდებში ვიყავი, ყველაზე ბედნიერი?
  • რა აქვთ ამ პერიოდებს საერთო?
  • რა ჩვევები მქონდა ბავშვობაში, რომელიც დღემდე არ შეცვლილა?(მაგალითად, მე ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და მარტო მეცხოვრა.არ ვყოფილიყავი მშობლებზე დამოკიდებული და ჩემი ცხოვრება ჩემით შემექმნა უცხო ქვეყანაში:დღეს მე ვცხოვრობ უცხოეთში და ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, როგორც მატერიალური ასევე სხვა თვალსაზრისითაც)
  • როგორი მინდა იყოს ჩემი სასურველი დღე? რა არის ჩემთვის მიუღებელი და რა მინდა აუცილებლად მქონდეს?
  • რომელმა სამმა რაღაცამ მომანიჭა ყოველთვის სიამოვნება და სავარაუდოდ მომანიჭებს კიდევ?
  • რას ამბობენ სხვა ადამიანები ჩემზე, ვინ ვარ მე და რა არის ჩემთვის დამახასიათებელი(რჩევა:მშობლებს და კარგ მეგობრებს კითხეთ, როგორ გხედავენ ისინი თქვენ-სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით პასუხებით-სუპერ სავარჯიშო)
  • ყველაფრის გაკეთება, რომ შემეძლოს, რაც მინდა , რას გავაკეთებდი სიამოვნებით?

ეს კითხვები კმარა დასაწყისისთვის.

დაუთმე დრო, სრულყოფილად რომ უპასუხო ყველა კითხვაზე.თუ თავიდანვე პასუხს ვერ იპოვი, არაა პრობლემა.ხშირად ინტუიციის გაღვიძებას დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში დანაშაულს გარემო პირობებში ვეძებდით. 

და შემდეგ: გადი სუფთა ჰაერზე და ღრმად ისუნთქე

და შემდეგ, როცა ყველა ამ კითხვაზე პასუხს გასცემ, დადე ფურცელი გვერდზე  და დაივიწყე მთლიანი პროცესი.გადი უბრალოდ სუფთა ჰაერზე და გაისეირნე.რომ დაბრუნდები, შეხედე ისევ შენს დაწერილ პასუხებს.

შანსები არის ძალიან კარგი, რომ მარტო ამ უბრალო წერის პროცესით, ახალი აზრი გაგიჩნდეს შენს შესახებ: „ვინ ვარ მე?“ რა მინდა ვაკეთო ცხოვრებაში?“

როგორც უკვე გითხარი, მე ეს პროცესი ძალიან დამეხმარა და მჯერა, რომ შენც ასევე ძალიან დაგეხმარება.რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ საჭირო დროს დაუთმობ  და ასევე განახორციელებ ნასწავლს პრაქტიკაში.

გისურვებ ბედნიერ და წარმატებულ ძიების პროცესს!

ავტორი:ანი არეშიძე