მე ერთხელ, ჯამაგირი რომ ავიღე, მინდოდა მიმერთმივა ორი მანეთი იმ დალოცვილისათვის, მაგრამ, თუმცა არ გამიწყრა, მიწყინა კი.
— მამა გყავს? — მკითხა მე.
— არა, შენი ჭირიმე!
— დედა?
— გახლავთ.
— ვინ ინახავს?
— მე, შენი ჭირიმე! ჩემს მეტი არავინა ჰყავს.
— მაშ ეგ ფული დედა-შენს შეუნახე, — მიბძანა თავისებურად გულთბილად, — შენ რა გაქვს, მე რა უნდა მამცე?
— დედაჩემს თავისი წილი გავუგზავნე და ეს გადავანარჩუნე, რომ თქვენ ლოცვაში მომიხსენიოთ.
— ლოცვა არც ფულზედ და არც ფულით არ იყიდება.
— საყდრის და ღვთის სადიდებლად მაინც მიიღეთ, შენი ჭირიმე!
— ღმერთი, ჩემო ძმაო, მარტო კარგის საქმით იდიდება და არა ფულითა.
— მიწყრებით, შენი ჭირიმე!
— არა, მე მართალს გეუბნები.
— მაშ რა ვქნა,მიბძანე?
— შენთვის შეინახე: თუ მეტია შენთვის, იმას მიეცი, ვინც მე და შენზედ უფრო ღარიბია, მაგას უფრო მოგიწონებს ღმერთი. აგერ, ამ თქვენის ქუჩის ბოლოს, ერთი ღარიბი სახლობა არის, პურის შოვნის ილაჯი არა აქვთ, მე და შენ კი ყოველ-დღე მაძღრები ვართ…
ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან “გლახის ნაამბობი”