Skip to content

პოზიტივით ავსებენ დედები ჩვენს სამყაროს !

გათენდა. მე და დედამ ერთად გავიღვიძეთ. თავზე მოვიხვიეთ მზის სხივები და ავკისკისდით.მე ყავა გავამზადე,დედამ სახლის დალაგება დაიწყო.ალაგებდა და აკრიალებდა ყველაფერს,თან ჩუმად გულში ღიღინებდა.სტუმრად მოსულ დედას არასდროს არ უნდა დავალაგებინოთ სახლი,მაგრამ დედა არ დაგიჯერებს, მაინც დაგეხმარება,მაინც გააკეთებს ყველაფერს შენთვის.მე აივანზე ვიდექი და ჩემს ნაწერებზე ვფიქრობდი.ვფიქრობდი,რა კარგია დედასთან ყოფნა,მასთან ერთად ცხოვრება და ერთ სახლში სუნთქვა,მაგრამ დედა სხვაგან ცხოვრობს და მხოლოდ სტუმრად მოდის ჩემთან.მოკრძალებით დადის სახლში და მისი ნაბიჯების ხმა სიოს ჩურჩულს მაგონებს ხოლმე.მახსენდება, დედას ყოველთვის სჯეროდა ჩემი.მომიტანდა ბლოკნოტებს,ფანქრებს და მთხოვდა მეწერა და დამეხატა მისთვის სამყარო.მეც ხშირად ვწერდი.არავის სჯეროდა,რომ ჩემგან მხატვარი გამოვიდოდა,დედას – სჯეროდა.სჯეროდა რომ მე განსაკუთრებული ადამიანი ვიყავი. ამიტომ ოცნებობდა,დამეწერა წიგნი,რომელსაც ყოველთვის დავატარებდი გულით.მე ხომ ყველაფერი მეწყო  ამ წიგნში  : მომავალი,იმედი,სიყვარული,შემოდგომის ხმელი ფოთლები და წიგნის ფურცლებში შევინახე დედის სუნთქვა,ამიტომ ახლა სადაც არ უნდა წავიდე,ყველგან თან მიმყვება დედის სუნთქვა,დედის ნაბიჯები,მისი გამოხედვა და ოქროსფერი ფოთლები მის დაშლილ თმაში.

   დავხუჭავ თვალებს – მესმის როგორ ფუსფუსებს სამზარეულოში დედა. ვიცი საუზმეს ამზადებს და უკვე მიხარია,უკვე მეგემრიელება.არ ვიცი ფანჯრებს მიღმა შეიძლება მოჩანს კიდევაც მთები,თოვლის ფიფქები და მდინარის ტალღები ეხეთქება ერთიმეორეს.არ ვიცი,შეიძლება ყველაფერი ხდება სამყაროში,მაგრამ დღეს დედა ჩემთან არის და მე ეს მანიჭებს უდიდეს ბედნიერებას.დედები ნამდვილი ანგელოზები არიან.სახლის საქმეებს რომ მორჩა დედა აივანზე გამოვიდა,ყვავილებს წყალი დაუსხა და მითხრა, რომ არასდროს არ უნდა ვინერვიულო არაფერზე,რომ ეს ცხოვრება ხელის გულებში მომწყვდეულ ჩიტს გავს,რომელსაც გული ბავშვურად უცემს.არ უნდა დააფრთხო მისი გული და  სიცოცხლის და სიყვარულის საშუალება უნდა მისცე.შემდეგ  წუთით ჩამოჯდა და ისევ გააგრძელა სახლის საქმეები,მითხრა, რომ გული ტკივა,რომ ვალაგებ და ვრეცხავ.ამიტომ ყველაფერი გამიკეთა.ცივ ნიავს არ მაკარებდა.მე კი  მისი მზრუნველებით განებივრებული აივანზე ვიდექი და ვტკბებოდი.ჩამოცურდებოდა ერთი ვარსკვლავი ჩავიდებდი გულის ჯიბეში.ჩამოცურდებოდა მთვარე, გავიღიმებდი.შემდეგ მოვიდა დედა და ჩემი წვიმისგან დასველებული თმები თავისი თბილი ხელებით გამიმშრალა.ადრე ვლოცულობდი დედაზე.ჩემი ლოცვა მშვენიერი სიტყვებით იყო ამოქარგული –  ცის კაბადონზე,წვიმის წვეთებში,ოკეანეების ნიჟარებში.ახლა კი ჩემი ლოცვის პოვნა მთელს სამყაროშია შესაძლებელი,რადგან ლოცვებს დედებზე მთელ სამყაროში წერენ ადამიანები და მალამოდ ედება ღმერთის გულს ჩვენი ლოცვა.