„რა? სად? როდის?“-ში 1995 წლიდან თამაშობს და საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნეა. როცა ვკითხე თუ რა მიღწევები ჰქონდა „ რა? სად? როდის? – ის“ კლუბში, ორივეს ჩაგვეცინა. პასუხი შემდეგი იყო: “არ ვითვლი”. ბავშვობიდან კითხვა უყვარს და თავისი პატარა სამყარო აქვს შექმნილი. უბრალო, მშვიდი და უშუალო ადამიანია. ხშირად იღიმის და საუბრისას მისგან დადებითი ენერგია მოდის.
თვლის, რომ წარმატებულ ადამიანს თავისი საქმე უნდა უყვარდეს და თავადვე უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე. უყვარს ინგლისური ლიტერატურა და გულშემატკივრობს მანჩესტერ იუნაიტედს.
ჩემი რესპონდენტი „რა? სად?როდის?“-ის მაგისტრი გიორგი ბაქრაძეა.
როდის და როგორ მოხვდით კლუბ რა? სად? როდისში?
სანამ კლუბი შეიქმნებოდა ჩემი კურსელების შექმნილი იყო ე.წ. ლიტერატურული ინტელექტუალური თამაში – ლითა – რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში ვთამაშობდით. მერე შემოგვიერთდა გიორგი მოსიძე თავისი გუნდით და ნელ-ნელა ეს თამაშიც დავიწყებას მიეცა. ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ კი 1995 წელს შეიქმნა. იქიდან მოყოლებული კლუბში ვთამაშობ.
როგორია თქვენი ემოციები, როცა სარკისებრ მაგიდასთან ზიხართ და ტელემაყურებელს ეთამაშებით?
ჩვეულებრივი, რომ გითხრათ ძალიან განსხვავდება-თქო, არა. მიჩვეული რომ ხარ ხშირად თამაშს, მერეც ჩვეულებრივად თამაშობ. ჩემთვის ეს უკვე ჩვეულებრივი სათამაშო სიტუაციაა.
თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის მომენტი, როცა მაგისტრად დაგასახელეს? როგორი ემოციები გქონდათ?
ძალიან კარგი და სასიამოვნო შეგრძნება იყო, რა თქმა უნდა.
თქვენი ბავშვობის შესახებ მოგვიყევით? სად იზრდებოდით? სად სწავლობდით?
თბილისში გავიზარდე, ვარანცოვზე. თითქმის ყოველთვის სახლში ვიყავი და წიგნებს ვკითხულობდი. მაინცდამაინც კონტაქტური ბავშვი არ ვყოფილვარ. ჩემი პატარ სამყარო მქონდა.
რამ განაპიროვბა თქვენი პროფესია?
თავიდან ფიზიკური დავამთავრე, მაგრამ 90 -იან წლებში ფიზიკოსს დიდი გასაქანი არ ჰქონდა და მეც მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო. უილიამსის კოლეჯში სწავლის პერიდში შევხდი ძალიან კარგი პროფესორი პიტერ მონტილს. მასთან ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ მაკროეკონომიკა ჩემი საბოლოო პროფესია იყო.
როგორ მიაღწიეთ წარმატებას? როგორ მოხვდით თუნდაც „საქართველოს ეროვნულ ბანკში“ და რა დაბრკოლებები გადალახეთ, რომ ამ თანამდებობამდე მოსულიყავით?
„საქართველოს ეროვნულ ბანკში“ 2003 წლიდან ვმუშაობ. პირველი მაგისტრატურის შემდეგ, რომ ჩამოვედი, ვაკანსია იყო გამოცხადებული მკვლევარ ეკონომისტის ადგილზე. გავიარე საკმაოდ ბევრი ეტაპი, იყო გასაუბრებები, ტესტები, სტატიების წერა და ა.შ. 2003 წლის დეკემბრიდან დავიწყე მუშაობა. მერე 3 წელი წასული ვიყავი, რომ ჩამოვედი შემომთავაზეს პრეზიდენტის მრჩეველი ვყოფილიყავი, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
მე თვითონ არ ვიცი რამდენად წარმატებული ვარ… ვფიქრობ, პირველ რიგში ადამიანმა უნდა იპოვოს ის, რაც მას მართლა აინტერესებს და გამოსდის. თუ მას უყვარს ის, რასაც აკეთებს, რეალურად, ყოველთვის ბედნიერი იქნება. წარმატება იმის შედეგია, როცა შენი საქმე გიყვარს, შენ თვითონ გინდა განვითარდე, შენ თვითონ გინდა წინ წახვიდე. ამ შემთხვევაში არანაირ დაზარებაზე აღარაა ლაპარაკი. გიყვარს ის, რასაც შენ აკეთებ და ეს არის წარმატება.
თქვენთვის იდეალური, წარმატებული ადამიანი ვინ არის ან თქვენი მოტივატორი?
პიტერ მონტილი, ჩემი პროფესორი, ძალიან კარგი მაგალითია ჩემთვის. ბევრი ლექტორი მყოლია, ის კი ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია მათ შორის. როდესაც ლექციებს ვკითხულობ, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ გარკვეულწილად ისე ვკითხულობ, როგორც ის კითხულობს. მას კი არ ვბაძავ, ეს არაცნობიერად ხდება. არ ვიცი რამდენად იდეალი ან ეტალონია, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
თქვენი ჰობი რა არის?
წიგნები და კლასიკური მუსიკა.
რომელი ჟანრის ლიტერატურით ხართ დაინტერესებული?
რომელი მწერლის ნაწარმოებები მოგწონთ (ან გიყვართ)?საყვარელი პერსონაჟი თუ გყავთ?
არის ასეთი დეტექტივების ავტორი რექს სტაუტი, მას ჰყავს ასეთი პერსონაჟი ნირო ვულფი, რომელიც არ ვიცი მე რამდენად მგავს, ის უფრო ჭკვიანია, როგორც ცნობილი დეტექტივი. ძალიან მომწონს ვულფი, მისი ცხოვრების სტილი. მწერლებიც ბევრია, ვინც მიყვარს, ვერ გამოვარჩევ. უმეტესწილად უფრო ინგლისურენოვანი ლიტერატურა მიყვარს. მიზეზი ის არის, რომ ინგლისური კარგად ვიცი და შესაბამისად ბევრს ვკითხულობ.
ფეხბურთის მოყვარული ხართ როგორც ვიცი? რატომ და როგორ შეაჩერეთ არჩევანი მანჩესტერსა და ინგლისი ნაკრებზე?
მანჩესტერს 1993 წლიდან ვგულშემატკივრობ, იმიტომ რომ იყო ფეხბურთელი ერიკ კანტონა, რომელიც ძალიან მომწონდა. მანამდე საფრანგეთში თამაშობდა, მერე ლიდსში. რაღაც საინტერესო მოთამაშე იყო, ქარიზმატული, ყოველთვის გამორჩეული. 1993 წელს მანჩესტერში გადავიდა და იმის შემდეგ ვგულშემატკივრობ ამ გუნდს.
გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ?
ბევრი არა, მაგრამ მრჩება. ამ დროს ძირითადად ბავშვებთან, სახლში, ოჯახთან ერთად ვატარებ. რა თქმა უნდა, ვკითხულობ, როგორც კი მოვიცლი, აუცილებლად.
და ბოლოს რაშია თქვენი ბედნიერება? რა გჭირდებათ სრული ბედნიერებისთვის?
რთული სათქმელი არა, შედარებით წყნარი ცხოვრება. რაც შეიძლება მეტი დრო, ოჯახთან ერთად, ერთად მოგზაურობა. ზოგადად მოგზაურობაც მიყვარს. თუ ვახერხებ სადმე, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავიდე და მეტი არაფერი… ჩემი პატარა სამყარო.
ესაუბრა: ნინო ოთარაშვილი