სამშობლო ოჯახიდან იწყება და თუ ოჯახს მოუშლი კაცს,ცოლს გაუბახებ,შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ,მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწაწყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარს და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცის ქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.
ადამიანი წისქვილივითაა, რასაც დააყრი,დაფქვავს, მაგრამ წისქვილისგან განსვავებით,ის მაინც უნდა იცოდეს, რასა ფქვამს.
როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.
რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს როცა რამე აწუხებს, ანდა სიამოვნებს? იქნებ იმიტომ,რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს თავის წუხილთან, თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის…
მას მერე, რაც ღმერთმა ადამიანს კაცის კვლა აუკრძალა, სინამდვილეში, ამით უარესად გაუმძაფრა მკვლელობისაკენ მიდრეკილება და ისიც განუწყვეტლივ კლავდა თავის მსგავსს.
ადამიანი წისქვილივითაა,რასაც დააყრი,დაფქვავს,მაგრამ წისქვილისგან განსვავებით,ის მაინც უნდა იცოდეს,რასა ფქვამს.
ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის, მაგრამ ქალმა ერთხელ მაინც თუ გაიტანა შენი ქოთანი თავისივე სურვილით, არათუ გიცნობს უკვე, დედაზე მეტი უფლებითაც სარგებლობს, რადგან დედა რასაც განუსჯელად და სიხარულითაც გააკეთებდა, ის განსჯითა და ზიზღით აკეთებს. ზიზღსაც ძლევს, რადგან ადამიანად გთვლის, სულერთი არა ხარ მისთვის და ყველაფერი აინტერესებს შენი.
ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი. ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის.
ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერცერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი, უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა, და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხურები, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც, რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს.