ჩვენს პლანეტაზე სენტიმენტალური ადამიანების ათეული რომ შეადგინონ, ალბათ პირველ სამეულს არ ჩამოვცდები, მაგრამ ზოგჯერ სახეზე ყველა კუნთი მეყინება და ეს შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს, რა დროც ერთ ჩეულებრივ გამოზამთრებას სჭირდება.
როდესაც ასე ხდება სარკეებს ვემალები, საჭირისუფლო სახლივით კედლებიდან ვხსნი და შავ ნაჭერში საგულდაგულოდ ვინახავ, შემდეგ საღებავის საყიდლად გავრბივარ.
ფერს დიდი მნიშნელობა არ აქვს. ოთახის შუაგულში ვდგები და თავმოხდილი კოლოფით წრეზე ძლიერად გავიქნევ, რომ კედლებს შემოევლოს და განსაკუთრებული მოვლენის კვალი მხოლოდ ჩემს ქვეცნობიერში არ დარჩეს.
ეს ცოტა არანორმალური შეგრძნებაა, მაგრამ არ არის იმაზე მეტი ვიდრე, რომელიმე ნატვრის ახდენა და მერე ყველაფრის, ისევ ილუზიის ჯოჯოხეთურ ღრუბლებში აცილება. როდესაც გრძნობ, რომ ხელის დაქნევის ძალაც აღარ შეგრჩა და ერთი სული გაქვს თვალს როდის მიეფარება, რომ მხრებში აიწურო ჯინსის ჯიბიდან ერთი ღერი ამოაძვრინო და უბრალოდ დატკბე ადამიანური სევდის შეგრძნებით.
აი ეს ლურჯი, ძლივს რომ ეტყობა კედლებს, სულ პირველია. ერთ კლასში ვსწავლობდით, იშვიათად საუბრობდა. როდესაც რამეს იტყოდა პროვინციული კილოს გამო, სხვა კლასელები ერთმანეთს ღიმილით გადახედავდნენ. არადა, არ შეიყვარა ნინიმაც, ყვავილებიც სცადა, რომანტიკული წერილებიც, სახლისკენ მიმავალ გზაზე მოხატული ფერადი გულებიც. იმედის დაკარგვა ერთი წამიც არ გაუვლია ფიქრად. იმ ზაფხულს მთლიანად შეიცვალა, ყველა გაოცებული ვუყურებდით. თითქოს ტკბილი შეგრძნებები ჯადოსნური სამყაროდან მოჰქონდა და ყველას გულში ფრთხილად ჩამოფქვავდა, მთელი ხმით გვაცინებდა. გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ თვალები უნდა დაგვეხუჭა და გახელის დროს ერთმანეთის გაღიმებული სახეების დანახვა, ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ამ პლანეტაზე. მაშინ ვერცერთი ვიფიქრებდით, რომ ერთ დღესაც , უწყინარი თამაშისას, ჩვენს ბავშვობასთან ერთად მოულოდნელად გაქრებოდა.
ეს მწვანე, ჩემი სოფლის სახლია,ღამით, ჭის ძირში ჩასახლებული მოხუცი მთვარით და ციცინათელებისგან ზღაპრულ სამყაროს დამსგავსებული ეზოთი. ჩემი ყველა ოცნება ზაფხულობით ალუბლების ხეზე გაბმულ ჰამაკში იყრიდა თავს. თვალებს ვხუჭავდი და ბებიის გამომცხვარი ხაჭაპურის და \”ადესის\” სურნელი სასიამოვნოდ ზავდებოდა ერთმანეთში. როდესაც კედელზე ამ ფერს ვუყურებ ლიანდაგების ხმა მესმის, თითქოს წამიც და ბაქანზე მატარებელი ჩამოდგება და ჭიშკრამდე გზას ნაცნობი შეგრძნებებით გავივლი.
ეს ცისფერი რკალი, უსასრულო მონატრების დასაწყისია. ჩემი მფარველი ანგელოზის ემიგრაციის პირველი დღე, აეროპორტში გამომშვიდობებისას გაყინული ჩახუტების სხეულამონგრეული, სიტყვებგამომშრალი წამის შეგრძნება. მეორე მესგან ბედისწერის ბინძური ხელისგულებით დაცალკევება და ყრუ, დაუსრულებელი ტკივილის გამოძახილი სულის სიღრმიდან.
ეს? ეს ნაცრისფერი მე ვარ, თავდაჯერებული, წარმატებული, ძლიერი, რეალიზებული და საშინლად იმედგაცრუებული, როდესაც პირველად აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტიკას მწერლობასთან არანაირი საერთო აქვს და ამ პროფესიიდან ისევე შორს ვარ, როგორც მეოცნებე სპორტსმენი _დაქირავებული მკვლელისგან.
ეს… მარტო რომ დავრჩი, მთლიანად ყვითელი ვიყავი, ფეხი დამიცდა და ნახევარი სულ ზედ გადმომექცა, გიჟივით მეცინებოდა გულაღმა მწოლიარეს.
იასამნისფერი მისთვის შეგნებულად არ ამირჩევია. სულ პატარამ გამოვიგონე, თბილი სახე დავუხატე, თმები მხრებზე ჩამოვუყარე, ღიმილი ოდნავ სევდიანი გამომივიდა, ტკბილი ხმის ტემრბით პირველი სიტყვის წარმოთქმისას სამუდამოდ ჩამისახლდა სულში. არათითზე ძაფი გამოვაბი და სიზმრებში შევიყოლე, ხელს ჩავკიდებდი და მთელი სამყარო ჩემი მეგონა, მერე გავიზარდე, სიზმრებს იშვიათად ვნახულობდი, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ თან მახლდა. ვიცოდი შევხვდებოდი ზუსტად ისეთს, როგორიც ჩემს ქვეცნობიერში გამოიძერწა, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ოთახის შეღებვა კიდევ ერთი ფერით მომიწევდა…
თეთრი? ეს ოთახის ფერია, მე არ ჩავრეულვარ თავისით დაემსგავსა ყველა დანარჩენს.
ავტორი: ტატო გოგოლაძე