Skip to content

შეხედეთ სამყაროს ბავშვის თვალებით

როდესაც ვიზრდებით, უმეტესობა ისევ ბავშვობას შევნატრით. ვამბობთ თუ როგორი უდარდელი იყო ბავშვობის წლები, როგორ ვთამაშობდით, ვხალისობდით და გვიხაროდა ცხოვრება.

ბავშვობაში ხომ მცირედშიაც კი შესაძლებელია სასიხარულოს პოვნა, პატარა რამეზეც კი გულიანად ვკისკისებთ. ვუყურებ ჩემს 1 წლის შვილს, რომელიც ბედნიერებას ასხივებს, რომლის თვალებში ვარსკვლავები ციმციმებენ და ვეკითხები ჩემს თავს – ნუთუ მეც ასეთი უდარდელი ვიყავი?

ბევრჯერ გამიგია ფრაზა, “ბავშვობაში გაზრდას ვნატრობთ და დიდობაში პირიქით – პატარაობასო”, თუმცა თანდათან ვრწმუნდები რომ არასწორია ეს გამონათქვამი – ჩვენში მუდამ ცოცხლობს ის ბავშვი, ის უდარდელი და მხიარული, რომელიც წლების წინ იყო.

მიეცით ბავშვს, რომელიც თქვენშია თავისუფლება და ნახავთ თუ როგორ გამარტივდება ყველაფერი.

დღითი დღე ვსწავლობ ჩემს გოგონასთან ერთად, თუ როგორ დავიბრუნო ბავშვური ბედნიერება და როგორ დავტკბე ცხოვრებით. თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძალიან ჩქარია, გვეჩვენება რომ ვერ ვასწრებთ ვერაფერს, მაგრამ დრო აუცილებლად უნდა დავიტოვოთ ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. უნდა დავნერგოთ ტრადიციები, როგორიცაა ოჯახური ვახშამი, მეგობრებთან ერთად ჩაის- ყავის დალევა, შვილებთან და მეუღლესთან ერთად სეირნობა და ა.შ.

შექმენით ეს ტრადიციები და თქვენი ცხოვრების იდილია. თქვენი ბედნიერება თქვენს ხელთაა! ცხოვრების გზა ნამდვილად რთულია, ყველას ჩვენი წილი ტვირთი გვაქვს საზიდი. გამარჯვება არ მოდის მარტივად და წარმატების მისაღწევად დაუზოგავი შრომაა საჭირო, მაგრამ ვთვლი, ამ სირთულეების გამარტივება ჩვენს პოზიტიურ დამოკიდებულებაშია. შეხედეთ სამყაროს ბავშვის თვალებით.

ავტორი: ნინო ბურჯალიანი