ხშირად თვლიან რომ
- სიმდიდრისა და შემოსავლების უთანაბრობა ბოროტებაა;
- სამართლიანობა მოითხოვს თანაბარ განაწილებას;
- მიზანშეწონილია ჩამოერთვას მდიდარს და მიეცეს ღარიბს.
ამ თემაზე გამოთქმული ბოლოდროინდელი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია თომას პიკეტის წიგნში „ოცდამეერთე საუკუნის კაპიტალი“ მოყვანილი თვალსაზრისი.
ქონებისა და შემოსავლების უთანასწორობის შესახებ მოამბე ფრანგი პროფესორისტატისტიკური მონაცემების გამოყენებით ცდილობს დაასაბუთოს, რომ საბაზრო ეკონომიკას, ანუ კაპიტალიზმს ახასიათებს შინაგანი წინააღმდეგობა, რისი ყველაზე მტკივნეული გამოვლინება სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილის მცირეთა ხელში თავმოყრაა, რის შედეგადაც განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების ქონების ღირებულებასა და მიმდინარე შემოსავლებს შორის მნიშვნელოვნად დიდია.
პიკეტი, ისევე როგორც მისი წინა და შემდგომ მორბედნი, მიიჩნევენ, რომ ეს უსამართლოა და მოუწოდებენ ხელისუფლებებს ხელახლა გადაანაწილონ სიმდიდრე. კერძოდ, 80%-ით დაბეგრონ ნახევარ მილონზე მეტი ამერიკულ დოლარზე შემოსავლები, 15%-ით ქონება, სრულიად გამჭვირვალე გახადონ საბანკო ანგარიშები და გადარიცხვები, აგრეთვე მიმართონ ფულის ემისიას სხვადასხვა სოციალური ხარჯების და ეკონომიკის სტიმულირებისთვის.
ეკონომიკური აქტივობის შედეგების პოლიტიკური კორექციის სურვილი არ არის სიახლე. ეკონომიკური კანონზომიერებების უარყოფა პოლიტიკის კანონზომიერება ყოველთვის იყო, არის და იქნება.
თუმცა,რადგან ამ საკითხში მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობაა, უპრიანია საკითხი სხვაგვარად დაისვას:
- ბოროტება სიმდიდრისა და შემოსავლების უთანაბრობაა?
- თანაბარი განაწილება სამართლიანობაა?
- რომელ მიზანთანაა შეწონილი მდიდრისთვის ჩამორთმევა და ღარიბისთვის მიცემა?
წარმოვიდგინოთ ვინმე სოლომონი. აი რა შეეძლო რომ მას დაეწერა:
“1820 წ. თიბვის დროს სოფ. წითლიანში ყოველ გლეხ კაცს უჭირდა ფული და მე პური კი აღარ ვიყიდე, არა, ფული გავასესხე სარგებლით. სარგებელი დავაწესე სამ მანეთზე ერთი კოდი პური წელიწადში და ესრეთ სოფ. წითლიანი მაძლევდა წელიწადში ორას კოდს სარგებელსა.
წლისთავზე, 1821-სა სრულებით ავკრიფე სარგებელი წითლიანელებისაგან, გავყიდე ოც თუმნად. ამ ფულს დავუმატე ჩემი ერთი წლის ნაწვავ-ნადაგიცა — ოცდაათი თუმანი, და ეს ორმოცდაათი თუმანი ვასესხე დიღმელებსა და მცხეთელებსა.
მესამე წელიწადს ზემოხსენებულ სოფლებში აღებული სარგებელი და ქალაქშიაც მოგებული ფული გავასესხე წილკანსა, წეროვანსა და ოკამსა.
ამავეგვარად მეოთხე, მეხუთე, მეექვსე… 1826 წლამდის მოვალე სოფლებიდან ვიღებდი სარგებელსა და წლის მოგებასთან, რომელიც მქონდა ქალაქში კინტუობით და ჩარჩობით, გავცემდი ხოლმე სხვა სოფლებზე. ასე რომ მთელ ქართლში მტკვრის ორივე მხარეს არ იყო სოფელი, რომელსაც ჩემი ფული არა მართებოდა”.
გამოდის, რომ სოლომონი წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა, სოფელ-სოფელ დადიოდა და სხვადასხვა გზით, მათ შორის ქუჩის ვაჭრობით და შუამავლობით დაგროვებულ ფულს სესხად გასცემდა, თავადაც სარგებელს ნახულობდა და მსესხებელიც არ იყო უკმაყოფილო: ნებაყოფლობით იღებდა მისგან ვალს და სარგებლით უბრუნებდა კიდეც. შეგახსენებთ: „ყოველ გლეხკაცს უჭირდა ფული“-ო. ე.ი. მისი შეთავაზება დროული და ხელსაყრელი იყო.
მოკლედ, ამ გზით სოლომონმა გარკვეული ფული დააგროვა. შემდგომ – ქალაქის შუაგულში სახლი იყიდა, ოჯახთან ერთად იქ გადასახლდა და შეძლებულ საზოგადოებასთან დამეგობრებას შეეცადა. პიკეტისეული კლასიფიკაციით შეიძლება ითქვას, რომ ის ყველზე მდიდარი 1%-ის სტატისტიკური წევრი გახდა.
ლოგიკურია რომ თომასს ვკითხოთ თუ რატომ არის უსამართლო სოლომონის გამდიდრება და რატომ უნდა დაიბეგროს მისი ნახევარ მილონზე მეტი შემოსავალი 80%-ით? ამასთან, უნდა დავაზუსტოთ, ვის უნდა მოხმარდეს ეს 80%? ვინმეს ისეთს ხომ არა, ვისაც ასეთი შრომა ეთაკილებოდა და პოლიტ-ბიუროკრატიის კარზე დგომა ერჩივნა ხელგაწვდილს? თავად პიკეტის ხომ არა, რომელმაც სხვის ჯიბეში ყურების აუცილებლობის დასაბუთებას 700 გვერდიანი წიგნი მიუძღვნა?
საბაზრო ეკონომიკა არ არის თამაში ნულოვანი ჯამით. ანუ ერთი მეორის ხარჯზე არ მდიდრდება. ანუ როცა ერთს ემატება, მეორეს არ აკლდება. ეს არც ის შემთხვევა, როდესაც მდიდარი მდიდრდება და ღარიბი ღარიბდება.
სინამდვილეში ორივეს „რაღაც“ რჩება და ეს „რაღაც“ უფრო ღირებულია მათთვის ვიდრე ის, რასაც ისინი თმობენ, რომ ეს „რაღაც“ მიიღონ. გაცვლა ურთიერთ სარგებელზეა დაფუძნებული, სხვა შემთხვევაში ის არ შედგებოდა. საბაზრო ეკონომიკა ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა. ყველა მონაწილეს შეუძლია ერთდროულად გაიუმჯობესოს მდგომაროება. სწორედ ესაა საბაზრო ეკონომიკის ხიბლი.
სოლომონმა და მისმა მომხმარებლებმა ერთდროულად ნახეს ხეირი. სოლომონმა მათ შესთავაზა ფულადი რესურსი, ხოლო მსესხებლებს ქონდათ ამ რესურსის გამოყენების გარკვეული გეგემა. სოლომონს სამართლებრივი წინააღმდეგობა არ ქონია თანხის არც გაცემისას და არც მისი დაბრუნებისას. მისი ქმედებები იყო ფრთხილი და გრძელვადიანი. არც მოთმინება და შრომისმოყვარეობა აკლდა. მოკლედ, თავადაც იხეირა და სხვებსაც ახეირა.
გამდიდრდა, რადგან მოახერხა მრავალი მომხმარებლისთვის საჭირო მომსახურების შეთავაზება. მისი სიმდიდრე გაწეული სამსახურის ანაზღაურებაა. და, თუ შედეგად მისმა სიმდიდრემ სხვებისას გადააჭარბა, განა რა არის ამაში ბოროტება? არ წაურთმევია – უშრომია!
სოლომონი მეწარმე იყო. მისი ამოცანა – მოგების მიღება. იყო მუყაითი, მომჭირნე, ანგარიშიანი, ალღოიანი, სხარტი, თამამი, მოხერხებული, სიახლეების მაძიებელი, მიზანდასახული.
ამავდროულად ის დამკვეთიც იყო. თუმცა ძალიან ხელმოჭერილი დამკვეთი. ჭირდება სახლი და მისი მოვლა-პატრონობა, კვება, ჩაცმა-დახურვა, განათლება, ექიმი, ვექილი, შიგადაშიგ ე.წ. ფუფუნების საგნებიც, ღვინოც, დუდუკიც და დროსტარებაც და ა.შ.მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბევრი სხვა მეწარმე გაისარჯა და ღირსეული ანაზღაურებაც მიიღო. ღირსეული რომ არ ყოფილიყო – არც მოემსახურებოდნენ. სხვას იპოვიდნენ.
თომას პიკეტი სოლომონის აღზევებას ვერ დააბრალებს მემკვიდრეობით მიღებულ სიმდიდრეს და ვერც რაიმე საგანგებო, მისთვის დაშვებული შეღავათებით სარგებლობას.
ის, რაც აქვს, მანვე გამოიმუშავა. არავისთვის წაურთმევია. არ გამოუძალავს. არ მოუტყუებია. არ დაუღალატებია. არავის გაუსაჩივრებია. არავის დაუმადლებია. შესაბამისად, არ არის დანაშაული, მათ შორის მორალური, არ არის დამნაშავე!
ამდენად, საღი აზრით,ის არ უნდა იმსახურებდეს არც მორალურ განკითხვას და არც ზე-მაღალ, სხვებისგან გამორჩეულ დაბეგვრას. არც იმას უნდა იმსახურებდეს, რომ მისი დანაზოგი ფულის ინფლაციის შედეგად გაუფასურდეს.
უდანაშაულოს დასჯა მისთვის ქონებისა (15%) და შემოსავლების (80% – ნახევარი მილიონის ზემოთ და „ჩვეულებრივი“ განაკვეთით – მანამდე) მნიშვნელოვანი ნაწილის დაბეგვრის (არსებითად კონფისკაციის)გზით რომელი სამართლის პრინციპია?
სამართალს საყრდენი წერტილი ჭირდება: მისი დადგენა გარკვეული ლოგიკური, იდეალური ნიმუშის მიხედვით მიმართ ხდება.
კერძო საკუთრების აღიარება და ხელშეუვალობა არის ის პრინციპი, რომელიც ადამიანის საქმიანობას სამართლებრივ ჩარჩოში სვამს: სწორედ საკუთრებაა ის ზღვარი, რომელიც უნებართვოდ არ უნდა იქნეს დარღვეული. გაცვლა გარიგების საფუძველზე ნიშნავს საკუთრების პატივისცემას. საკუთრების ხელყოფა კონფლიქტის საფუძველია.ცივილიზებული საზოგადოების ამოცანაა თავი აარიდოს კონფლიქტებს და საშუალება მისცეს ადამიანებს შექმნან, სრულყონ და გაამრავლონ თავიანთი საკუთრება. მიიღონ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მისი გამოყენებიდან. იყვნენ დაცული და შესაბამისად, მოწადინებული, რომ დრო და ენერგია ახლის შექმნას მოახმარონ.
როდესაც სიმდიდრის გამრავლება, ანუ „კარგის კეთება“ დასჯადია, მისი ფასი ეცემა. იმ საქმის წამოწყება, რომლის დანახარჯები სარგებელზე ნაკლებია, გონივრული არ არის.
რატომ უნდა დაღვარო ოფლი თუ შედეგად არც ნაშრომს შეგარჩენენ და არც გაოფლილ ტანსაცმელ? მითუმეტეს რომ შენ ნაოფლარს სხვა ხელის გაუნძრევლად მიიღებს და თან ზემოდან დაგხედავს და გისაყვედურებს – ოფლიანი რატომ არისო?
მეწარმისთვის მოგებასა, ანუ სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობასა და ზარალს, ანუ გაკოტრებისა და სიღარიბის საფრთხეს შორის, სინამდვილეში, მომხმარებლები დგანან. მეისრის მსგავსად, რომელიც ოსტატურად ამისამართებს მატარებლებს სხვადასხვა მიმართულების ლიანდაგებს შორის და უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან და დროულ მგზავრობას, ისინი მოხერხებულად ანაწილებენ ფინანსურ ნაკადებს ისე, რომ წარმოების საშულებები, საქონელი და მომსახურება სწორედ იმათ შეხვდეთ ვინც ყველაზე მეტად აფასებს მათ.
მათი გადაწყვეტილება შეიძინონ თუ თავი შეიკავონ, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს:
- თუ რა უნდა იყოს წარმოებული, რა რაოდენობით და რა ხარისხით;
- როგორი უნდა იყოს საწარმოს ორგანიზების საუკეთესო გზა;
- ვის უნდა ერგოს მოგება და ვის – ზარალი.
თუ წარმოებას მოგება მოაქვს, ეს მიანიშნებს, რომ წარმოების საშუალებები არის იმათ ხელში, ვინც მათ მომხმარებლებისთვის ყველაზე საჭირო საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად იყენებს. ხოლო ზარალი ამხელს, რომ რესურსები იფლანგება, მათ მესაკუთრე-განმკარგველს არ ყოფნის ცოდნა და ან კეთილსინდისიერება. სოლომონი ვერ დააგროვებდა სიმდიდრეს რომ არა მომხმარებლების თანხმობა. ის თითოეული მათგანის გადაწყვეტილება იყო.
შესაბამისად, მოგებისა და ზარალის სოციალური ფუნქცია რესურსების ოპტიმალური გამოყენების გზების ძიებაა. და ამ გზის ბოლოს დაკმაყოფილებული მომხმარებელი დგას. სწორედ მას აბარებს ანგარიშს ნებისმიერი მწარმოებელი. სწორედ ისწყვეტს ვინ გამდიდრდეს და ვინ არა. როგორც ავსტრიელი (შემდგომ ამერიკელი) ლუდვიგ ფონ მიზესი წერდა – ის არის მეფე.
ხოდა იყოს „მეფის“ ნება – მომხმარებელმა და არა პიკეტის მოწონებულმა პოლიტ-ბიუროკრატიამ გადაწყვიტოს ვინ იყოს წარმატებული და გამდიდრდეს და ვინ არ იმსახურებს ამას. თან როგორი უნდა იყოს მათი შორის ქონებისა და შემოსავლების განსხვავება..