Skip to content

თუ გიყვართ, მაშინ…

სიყვარული, – მხოლოდ იასამნის სურნელი, ბრეიგელის სავსე მთვარის შუქი, მირაბოს ხიდზე ხეტიალი, სიძველის სუნი, შიშველი ხეები, მღელვარე ზღვა, სველი თმა და შემოდგომის ცით ტკბობა, რომ არ არის… ეს ნათელია, სიყვარული უფრო მეტია ვიდრე „სიყვარულის გარე ნიშნები“…

ალბათ, სიყვარული – სულის ყველაზე ხმაურიანი და ენერგიული კივილია მხოლოდ „ორისთვის“.

ხშირად, საკუთარი ხმა არ გვესმის, უსიყვარულო ჰაერში “კივილის” გაფანტულ ბგერას კი იპარავს სხვა, სხვას მიაქვს „კივილი“… და გრძნობაც თამაშს უემოციოდ აჰყვება, იმ იმედით, რომ ეცდება გამოსცადოს საკუთარი თავი, მიაღწიოს უმაღლეს მწვერვალს და დაიტანჯოს ბედნიერებით…

… მაგრამ ბედნიერებით ტანჯვის სიხარულამდე გზა დიდი და რთულია.

ბედნიერებით ტანჯვა ნამდვილი სიყვარულის, ნამდვილი კივილის ამოხეთქვაა სულიდან.

სხვა მხრივ სიყვარული თამაშია, დროებით შემავსებლის სტატუსით.

გათამაშებული სიყვარული კი – ნამდვილი სიყვარულის ძებნაში დაკარგული გრძნობაა!

საკუთარი წესებით გათამაშებული სიყვარული კი არც ისე საინტერესოა, მაგრამ ამ დროს მიზანს (უსახელო ვნებებს) ყველაზე ადვილად უახლოვდება გრძნობა, რომ მთლიანად მოიპოვოს ის სხვა, მაგრამ არის კი ეს მიზანი ნამდვილი, ნამდვილად გვინდა დავიბრუნოთ ის გაფანტული მარტო-სული ბგერა ამ უკანასკნელით და შევქმნათ პირვანდელი თუნდაც მარტოობის კივილი..?

არა, “ეს” ბგერა არ არის საკმარისი „აკივლდეს“ სული და ყველაზე სასურველი ბარიერები დაამსხვრიოს მზის სანახავად. ისე უნდა ვისწრაფოდეთ მზისკენ, რომ ყველა ღრუბელს არ შევეჯახოთ, ასე სულ იწვიმებს და შენელდება ყველა სასიამოვნო, სასურველი და ხმაურიანი გზა მზის კივილამდე!

მორცხვი მზე თავისმხრივ, შეუმჩნევლად, სხივებს აგზავნის, რათა მალე მიაღწიო მასთან, მიწაზე ჩამოცვენილი სხივები დაუბრუნო და ცეცხლი გააძლიეროს ისევ ჩვენთვის, ესე იგი გაცემული სიყვარული უკან გვიბრუნდება, მაგრამ ზუსტად ისეთი გვიბრუნდება, როგორსაც გავცემთ, ეს საშიშია… უნდა ვიფიქროთ სასურველია კი ეს გზა მართლა ჩვენთვის, ვხედავთ კი საკუთარ თავს „მზის“ გზაზე, თუ უბრალოდ მათ შორის უმოკლეს ვირჩევთ, მოურიდებელი ვნებების და აზრების გა-მრავლფეროვნებისთვის.

უმოკლესი გზა არ არსებობს, არსებობს ნამდვილი სურვილი და ძლიერი ვნება დაადგე გზას სასურველისკენ, იმ ერთადერთისკენ, რომელიც მხოლოდ შენთვისაა შექმნილი!

როგორ მივხვდეთ სასურველია თუ არა ნამდვილად ეს, მიხვდები როცა გრძნობით მის თამაშს აყვები, მისი თამაში დაგღლის და დაგტანჯავს, ძალას და ენერგიას გამოგაცლის და ასეთი მოპოვებული სიყვარულის დაკარგვას უკვე ვეღარ შეეგუები, სიცოცხლის ფასად გიღირს დაიცვა შენი მოპოვებული და ნაპოვნი სიყვარული – სიტყვებით სიცოცხლეზე მეტად რომ გიყვარს და გიხარია!

თუ გიყვართ, (მხოლოდ) მაშინ…