ძალიან ხშირად, როცა ადამიანები ერთი შეხედვით ამოუხსნელი დილემის წინაშე დგანან, კარგავენ იმედს და სასოწარკვეთილებას ეძლევიან. სიტუაციას, რომელმაც თქვენ შეიძლება მძიმე დეპრესიამდე მიგიყვანოთ, აუცილებლად სჭირდება გარკვევა და გაანალიზება. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ძალიან ცუდი შედეგი მოყვება ხოლმე, ადამიანები ხშირად მძაფრი ემოციების, აგრესიის, სტრესის დროს იღებენ. დაიმახსოვრეთ, თქვენ არ უნდა იყოთ თქვენი გუნება-განწყობილების მონები, არამედ გააკონტროლოთ ის.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, მაშინ როცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას დააპირებთ პირველ რიგში კარგად გამოიძინეთ და დამშვიდდით. თუმცა არის გადაწყვეტილებები ისეთ თემებზე, რომლებიც მხოლოდ ძილით როდი გადაწყდება, მათ დიდხანს ფიქრი და დასახული სტრატეგიები სჭირდებათ.
ცნობილმა ჟურნალისტმა, რედაქტორმა და ტელეწამყვანმა სუზი ველჩმა ( Suzy Welch) შემოგვთავაზა ხერხი, რომელიც დაგვეხმარება და გვასწავლის, თუ როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ამ მეთოდის სახელია 10/10/10 . მეთოდი მოიცავს სამ კითხვას, რომელმაც უნდა გაგიხსნათ თვალსაწიერი და დაგანახოთ, თუ როგორ შეიცვლებით დროთაგანმავლობაში. ეს საშუალებას მოგცემთ გაანალიზოთ რა არის ან არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. კითხვები შემდეგნაირია:
1. როგორი დამოკიდებულება გექნებათ თქვენ ამ საკითხის მიმართ 10 წუთში ?
2. რას იფიქრებთ ამ გადაწყვეტილებაზე 10 თვის შემდეგ?
3. როგორი იქნება ამ ყველაფერზე თქვენი რეაქცია 10 წლის შემდეგ?
ეს მეთოდი დაგეხმარებათ თქვენი პრობლემები დროსთან მიმართებაში გაანალიზოთ და ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ შეიცვლით დამიკედებულებას მოცემულ საკითხებზე.
მოდით ყველაფერი მაგალითზე გავიაზროთ. ვერონიკა 30 წლის ქალბატონია. უკვე 9 თვე გავიდა რაც ის და კრისი ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ვერონიკა ამბობს, ეს არის ადამიანი, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა, ადამიანი, რომელთანაც თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს, თუმცა პრობლემებმა მაინც იჩინეს თავი. 9 თვის განმავლობაში კრის არც ერთხელ უთქვამს სიტყვები: „მე შენ მიყვარხარ“. ამასთავანე კრისს ჰყავს შვილი, რომელიც ჯერ კიდევ არ გააცნო ვერონიკას, და ყველაზე მთავარი, კრისი არაფერს ამბობს ახალი ოჯახის შექმნაზე. ვერონიკა ხვდება, რომ ცოლთან დაშორების შემდეგ კრისი გაურბის ოჯახურ თემებზე საუბარს, თუმცა მაინც ძალიან განიცდის ამ საკითხს. უნდა გადადგას თუ არა ნაბიჯი პირველმა ? უთხრას, რომ უყვარს და მასთან ერთად ოჯახის შექმნაზე ოცნებობს?
ვერონიკას შესთავაზეს ზემოხსენებული მეთოდის გამოყენება და შესაბამისი კითხვებიც დაუსვეს : „ თუ ეტყვი რომ გიყვარს, როგორი შეგრძნება გექნება 10 წუთის შემდეგ?“ ვერონიკა დაფიქრდა და უპასუხა, რომ ის იქნებოდა ამაყი, მაგრამ დაძაბული. მეორე კითხვაზე, თუ რას იფიქრებდა ის 10 თვის შემდეგ, ვერონიკამ უპასუხა რომ არ ინანებდა, მაინც გარისკავდა. დადგა მესამე კითხვის დროც: „როგორი დამოკიდებულება გექნებათ ამ ყველაფრისადმი 10 წლის შემდეგ?“ ვერონიკამ უპასუხა, რომ ამ დროისთვის ის ბედნიერი იქნება კრისთან ერთად, ან ურთიერთობა ექნება სხვა ადამიანთან. ახლა გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია, ვერონიკამ იცის რომ საბოლოოდ ის არ ინანებს რომ გადადგა პირველი ნაბიჯი და გამოუტყდა კრისს გრძნობებში, ისინი იქნებიან ბედნიერები ან ვერონიკა სხვა ადამიანთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას.
მაშასადამე, მეთოდი 10/10/10 გეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში და იმის გაანალიზებაში თუ რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს მომავალში, ის ასევე ხელს უწყობს თქვენი ემოციების დარეგულირებასა და მოწესრიგებას. ეს მეთოდი შეიძლება სამსახურშიც გამოგადგეთ, თუ თქვენ პრობლემები გაქვთ ხელმძღვანელთან, 10/10/10 დაგეხმარებათ მის გადაჭრაში და იმის გაანალიზებაში თუ რა შედეგს გამოიღებს თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
10/10/10 არის მეთოდი რომელიც ხელს შეგიშლით სპონტანური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში და დაგეხმარებათ პრობლემის სწორად გადაჭრაში.