Skip to content

ეს უკვე შენი ცხოვრება აღარაა. მას შენ ვეღარ აკონტროლებ

თუმცა საინტერესოც აღარაფერი მომხდარა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანი ცხოვრებისგან არ უნდა ელოდეს სიახლეს, საინტერესო ფაქტებს, მოვლენებს. მიუხედავად ამისა, აღმოვაჩინე, რომ ყოველდღიურ პრობლემების გადამკიდეს აღარ გრჩება ენერგია ეძებო სურპრიზები. ხანდახან იმდენი რამე გინდა გააკეთო, რომ უბრალოდ გაგყავს დრო და ვეღარაფერს აკეთებ. დილით იღვიძებ და თავი ფანტაზიით, იდეებით გაქვს სავსე, მაგრამ სიზარმაცის მომნუსხველი საოცრება მაშინვე გაფხიზლებს და ყველაფრის ხალისს გიკარგავს. უამრავი დრო გადის და შენ ისევ ის ხარ რაც დიდი ხნის წინ იყავი. არანაირი განვითარება, არანაირი წინსვლა. დროის გალიაში გამოკეტილს გავხარ, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცამ ვისაც ძალა და გამბედაობა ეყოფა, შენზე ექსპერიმენტი ჩაატაროს. შენზე ისწავლოს ცხოვრება. საღამოვდება გეზიზღება მთელი დღე და მასთან ერთად შენი თავიც. გეზიზღება, რადგან ყველაზე უსუსურს სისუსტეებს შორის- სიზარმაცეს, მიეცი უფლება მთელი დღე წაერთმია შენთვის, დღე, რომლის მსგავსიც წელიწადში სამასი ცალი მაინც არის. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და შენს უმწერო, საცოდავ არსებობას ხაზს უსვამს. შენი არსებობის სისწორეს კითხვის ნიშნად უზის. დასაძინებლად წვები და ცდილობ არაფერზე იფიქრო, რადგან მხოლოდ საცოდავი აბსურდიზმი ტრიალებს გონებაში. საკუთარი თავი გეცოდება, რადგან იცი, რომ იყო დრო, როცა ეს შენთვის დღის საუკეთესო ნაწილი იყო. წამოწოლილი ალაგებდი ოცნებებს და აშენებდი მომავალს. გეგმავდი შემდეგ დღეს და ნაწილს მაინც ასრულედი დაგეგმილისას. დიდების ცათამბჯენებს ებღაუჭებოდი და მათთვის საძირკველს აშენებდი. ყოველდღე უფრო და უფრო პატარა ნაწილს ვიდრე იქამდე არ მიხვედი, რომ ერთი ბლოკი დაგრჩა დასადები და ვეღარა და ვეღარ დაადე. უკვე აშენებული ნაწილი კი ნელ-ნელა დაინგრა… გინდა რომ თავიდან დაიწყო შენება, მაგრამ ძალა აღარ შეგწევს. ეს უკვე შენი ცხოვრება აღარაა. მას შენ ვეღარ აკონტროლებ.

არის შენში, რაღაც მცირე… ენერგიის ნაპერწკალი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს ენერგიით აგავსოს და შენი ცხოვრება შეცვალოს. უკვე საუკუნეზე მეტია უცდი მის ამოფრქვევას, მის ვარსკვლავურ წამს, მაგრამ წყნარადაა და უმოქმედოდ. ხანდახან ადამიანებზე გაბრაზდები, გაგამწარებენ და გგონია, რომ ეს გამწარება მოგცემს საკმარის ძალას შეცვალო ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ორი ან სამი საათით. მალე ყველაფერი თავის თავს უბრუნდება. შენ ისევ ვიღაც ხდები, ვიღაც ვინც ასე ძალიან გეზიზღება… აანალიზებ, რომ ზიზღი გამოსავალი არ არის და ამიტომაც არ გაძლიერებს ის. გეამაყება კიდეც… ფიქრობ, რომ გამოსავალი სიყვარულშია, ესაა ერთადერთი უწმინდესი და უძლიერესი მაგიური ხსნა. უცდი მას და დეპრესიაც მეტად იმატებს. უცდი და მთელი ეს პერიოდი ისევ ძველებურად ცხოვრებას აგრძელებ, არაფერს ცვლი. ადრე თუ გვიან სიყვარულიც გამოჩნდება, თუმცა როგორც არის და როგორც უნდა იყოს, ბედნიერება წითელ ხალიჩაზე არ მოსეირნობს შენსკენ. დარწმუნებული არ ხარ ეს ნამდვილად სიყვარულია თუ არა. ანდა უფროსწორად საკუთარი თავის რწმენა იმდენად გაქვს დაკარგული, რომ ვერ ბედავ სიყვარული დაარქვა გრძნობას, რომელზეც პირველივე შემხვედრი მგრძნობიარე ადამიანი სიხარულის, აღტაცების ცრემლებს ჩამოყრის. დიახ ეს ნამდვილად სიყვარულია, მაგრამ შენ ხარ კიდევ ადამიანი? შენ შეგიძლია კიდევ შიყვარო? შედიხარ ინტერნეტში ათვალიერებ უამრავ სურათს სადაც ადამიანები ვერ უბედავენ ერთმანეთს გამოუტყდნენ თუ როგორ უყვართ. ანდა მთლად უკეთესი, უბედავენ და ბედნიერებიც არიან, მაგრამ თვითონ კი იცი, რომ არასდროს გეყოფა გამბედაობა გამოუტყდე მას, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს.

ყველაფერი ზემოთ თქმული კარგად გესმის, შენზე კარგად ვინ შეიძლება იცნობდეს შენს ცხოვრებას გესმის, მაგრამ მთელი ეს საშინელება და უბედურება რეალობის ზუსტად აღქმას რომ მოსდევს, გაკარგვინებს ყოველგვარ ძალას, შნოს ებრძოლო საკუთარ ნაკლოვანებებს გახდე უკეთესი. იცი, რომ ოდესმე აუცილებლად, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ დაკარგული დღეების გამო პასუხისმგებლობა დაგაწვება ზურგზე. პასუხისმგებლობა, რომელიც მათთვისაც კი მძიმეა, ვისაც არ დაუკარგავს ეს დღეები და შენთვის ხომ მითუმეტეს. ერთ დღესაც იმდენად შეგძულდება საკუთარი თავი, რომ მასზე აღარ იფიქრებ, მას აღარ დაადანაშაულებ. არამედ იტყვი: „საშინელებაა ეს ცხოვრება, მეზიზღება ცხოვრება“. ერთ ბედნიერ დღეს ჩემნაირი ადამიანი შეგხვდება, რომელიც შენს უკანასკნელ ფრაზას მოისმენს, შენს ისტორიას მთლიანად ამოიცნობს და გეტყვის: „ მე ოპტიმისტი არ ვარ, მაგრამ შენს ადგილას იმ სამოცი დღის გულისთვის ვიცხოვრებდი, რომელიც არ გეზიზღება. ვიცხოვრებდი იქამდე ვიდრე მთლიანად არ გაქრებოდა ეს დღეები. ეს შენს ადგილას და რაც შეეხება ჩემს შემთხვევაში, მე იმ სამასი დღის გამო ვიცხოვრებდი, რომელიც გამოსასწორებელი მექნებოდა…

დიდი მადლობა ვახტანგ ბარამაშვილს – ადამიანს, რომელმაც ეს ნაშრომი მოგვაწოდა. ასევე თუ გსურთ გაეცნოთ მის შემოქმედებას შეგიძლიათ ეწვიოთ მის ბლოგს http://myownpersonality.wordpress.com/