Skip to content

ჯიმ რონი: 6 ნაბიჯი მეტად ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისკენ

თუ ამ პრინციპებს ცხოვრებაში დანერგავთ, შეძლებთ უკეთესი ცხოვრებით იცხოვროთ.

ალბათ სხვადასხვა ადამიანებისგან განსხვავებულ რჩევებს მოისმენთ, მაგრამ ვფიქრობ ჩემს სიას, უმეტესი მათგანი დაეთანხმება:

1. იყავით პროდუქტიული.

პირველი ნაბიჯი პროდუქტიულობაა. მერწმუნეთ, ბედნიერი ვერ იქნებით, თუ პროდუქტიული არ გახდებით. სიტყვა პროდუქტიულობის ძირი ხომ შექმნაა (produce – წარმოება, შექმნა). მნიშვნელოვანია, შექმნათ ამ სამყაროში რაიმე ღირებული.

თავს აუცილებლად უკეთ იგრძნობთ, როცა პროდუქტიული გახდებით. ჩვენ ყველას გვაქვს მოთხოვნილება, ვგრძნობდეთ რომ ჩვენი ცხოვრება ღირებული და მნიშვნელოვანია. იყო პროდუქტიული ეს ამ მიზნის მიღწევის უმნიშვნელოვანესი გზაა.

2. დააფასეთ ურთიერთობები

შემდეგი ნაბიჯი კარგი მეგობრების ყოლაა. ჩამოაყალიბეთ მყარი ურთიერთობები თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან, რომლებმაც იციან ვინ ხართ და ასეთს გაფასებენ.. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ცხოვრებას „მე“ და „მხოლოდ მე“ გადმოსახედიდან. ამიტომაც, ასეთი ადამიანები, საბოლოოდ, მარტონი და უბედურები რჩებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ერთგული მეგობრების შეძენა და გრძელვადიანი, მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება. ადამიანები რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ, საბოლოოდ მარტოობით იხდიან სასჯელს.

კლინიკური გამოკვლევებიც მკაცრად მიგვითითებენ, რომ ჯანსაღი ურთიერთობები ზრდის ცხოვრების ხანგძლივობას და თუ ასეა, რატომ არ უნდა ვიზრუნოთ კარგი მეგობრების შეძენაზე? უბრალოდ ეცადეთ საქმე ისეთ ადამიანებთან დაიჭიროთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას პოზიტიური ენერგიით ავსებენ.

3. დააფასეთ თქვენი „ფესვები“.

უნდა იცოდეთ თქვენი კულტურა, მემკვიდრეობა, ენა და ისტორია. ეს ყველაფერი აყალიბებს საზოგადოებრივ და პიროვნულ თვითშეგნებას. აუცილებელია იცოდეთ თქვენი წინაპრების და მათი ღვაწლის შესახებ!

4. სულიერი ჯანმრთელობა

არ დაგავიწყდეთ თქვენს სულიერ მხარესაც მიხედოთ. არა აქვს მნიშვნელობა რის გჯერათ, აუცილებელია კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენს სულიერებასა და რწმენაზე. არ დატოვოთ ეს რწმენა შეუსწავლელი. ეს არის ძლიერი ქვეყნის, ოჯახის და საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი.

5. აშენეთ შიდა წრე

შექმენით თქვენი საკუთარი წრე და ეცადეთ შთააგონოთ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რამოდენიმე მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრებიც შთაგაგონებენ თქვენ. მეგობრებისა და ოჯახის წევრების ძლიერი შიდა წრის ყოლა, დაგეხმარებათ ადვილად გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს.

არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ფრთხილად იქცევით და როგორ ხვდებით თითოეულ შესაძლებლობას, თუ პრობლემას – ყოველთვის შეიძლება დამარცხდეთ! და როცა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდება, მშვენიერია ვიცოდეთ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან და ძალას მოგვცემენ. სხვა შემთხვევაში, ცხოვრება მხოლოდ ცივი და მარტოსული ადგილი იქნება. ხშირად ადამიანები ამ სიმართლეს ძალიან გვიან ამჩნევენ!

6. დათესეთ მარცვლები

ბოლოს მაინც ღმერთამდე მივდივართ. არ ვამბობ რომ ექსპერტი ვარ ამ საკითხში, მაგრამ არსებობს აზრი რომელიც მსურს გაგიზიაროთ. დააკვირდით, ღმერთი ამბობს „თუ მარცვალს დასთესთ, მე ხეს შევქმნი.“ რა საოცარი წესრიგია! ღმერთი არ ელის თქვენგან შექმნათ ხე, ის მხოლოდ მარცვლის თესვისკენ მოგვიწოდებს. ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომლის საფუძველზეც პიროვნული განვითარება და თვითგანათლება მუშაობს. თუ მარცვალს დასთესთ, ღმერთი მოგცემთ დანარჩენს… ღვთის წყალობით არსებობს ეს მშვენიერი სამყარო, თუმცა საჭიროა ჩვენი წვლილიც, რათა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს!

ჯიმ რონი, წიგნიდან “ჩემი ფილოსოფია წარმატებული ცხოვრებისთვის”.

თარგმანი: 4motivi.com