Skip to content

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მუსიკა!

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს სმენა არ აქვს და საშინლად მღერის, მიუხედავად იმისა, რომ სახლში არ მოიძებნება ფორტეპიანოს ადგილი, ბებიას არ შეუძლია ბავშვის “მუსიკაზე ტარება”, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს საერთოდ არ სცალია – ინგლისური, ესპანური, ცურვა, ბალეტი და ა.შ., მაინც არსებობს საკმარისი მიზეზი იმისა, რომ ყველა ეს წინააღმდეგობა გადაილახოს და ბავშვმა მიიღოს მუსიკალური განათლება.

რატომ არის ეს აუცილებელი?

1. მუსიკის გაკვეთილები დისციპლინასა და ნებისყოფას ავითარებს:ინსტრუმენტზე მეცადინეობა საჭიროა რეგულარულად, ზამთარსა თუ ზაფხულში, დასვენების დღეებსა თუ დღესასწაულზე ისეთივე მონდომებით, როგორც ჩემპიონები ვარჯიშობენ სპორტდარბაზში. მაგრამ სპორტსმენებისაგან განსხვავებით, ბავშვი არ მოიტეხავს კისერს, არც ფეხსა და ხელს. ძვირფასო მშობლებო! მუსიკა ხასიათისა და ნებისყოფის გამომუშავებაა – ტრავმების რისკის გარეშე: რა კარგია, რომ ეს შესაძლებელია!

2. დაკვრა – ეს ტრადიციაა. თავის დროზე მუსიკას ასწავლიდნენ ყველა არისტოკრატსს. დიუკ ელინდტონმა როიალზე დაკვრა ისწავლა იმიტომ, რომ გოგონების ყურადღება მიეპყრო. როდესაც ბიჭი უკრავს, როიალთან ყოველთვის ბევრი გოგონა იყრის თავს… და როდესაც გოგონა უკრავს, ის უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მამაკაცზე.

3. მუსიკის მეცადინეობის დროს ვითარდება მათემატიკური უნარები. ბავშვი წინასწარ ფიქრობს საჭირო კლავიშზე მოხვედრას, მანიპულირებს აბსტრაქტული ხმოვანი ფიგურებით, იმახსოვრებს ახალ ტექსტს და იცის, რომ მუსიკალურ ტექსტში, ისევე როგორც მათემატიკურ მოცემულობაში ვერაფერს შეცვლი, ვერც დააკლებ და ვერც მიუმატებ! შემთხვევითი არ არის, რომ ალბერტ აინშტაინი უკრავდა ვიოლინოზე, ხოლო მათემატიკისა და ფიზიკის ოქსფორდის პროფესორების 70% უნივერსიტეტის მუსიკალური წრის მონაწილეები იყვნენ.

4. მუსიკა და უცხო ენები – ძმები არიან. ისინი დაიბადნენ კვალდაკვალ: ჯერ მუსიკა შემდეგ – მეტყველება. ჩვენს ტვინში ისინი გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ფრაზები და წინადადებები, მძიმე და წერტილები, კითხვისა და ძახილის ნიშნები მუსიკაშიც არის და მეტყველებაშიც. მომღერლები და ინსტრუმენტზე დამკვრელები უკეთესად მეტყველებენ და წერენ, ადვილად იმახსოვრებენ უცხო სიტყვებს, ადვილად ითვისებენ გრამატიკას. მელომანი-ლიტერატორები ტურგენევი და სტენდალი, ბორის პასტერნაკი და ლევ ტოლსტოი, ჟან-ჟაკ რუსო და რომენ როლანი, რომელთაგან თითოეულმა არაერთი უცხო ენა იცოდა, მომავალ პოლიგლოტებს ურჩევენ – შეისწავლონ მუსიკა. ყურადღება! მომავალი ჟურნალისტებისა და მთარგმნელთა მშობლებო! პირველად იყო სიტყვა, მაგრამ მანამდე იყო – ხმა.

5. მუსიკა სტრუქტურული და იერარქიულია. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ პატარა მუსიკოსებმა – ცნობილი შინი სუზუკის მოსწავლეებმა, გაუსწრეს თანატოლებს სტრუქტურული აზროვნებით. მომავალი პროგრამისტების, აიტი-ინჟინრების, სისტემური ადმინისტრატორებისა და პროგრამისტების მშობლების საყურადღებოდ! მუსიკას მივყავართ პირდაპირ კომპიუტერული მეცნიერების მწვერვალებისაკენ; შემთხვევითი არ არის, რომ Microsoft-ი უპირატესობას ანიჭებს თანამშრომლებს, რომელთაც მუსიკალური განათლება აქვთ მიღებული.

6. მუსიკის გაკვეთილები ავითარებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. წლების მანძილზე ბავშვი-მუსიკოსი გაიცნობს გალანტურ და მეგობრულ მოცარტს, ათლეტურ პროკოფიევს, ფილოსოფოს ბახს და სხვა მრავალ გამოჩენილ მუსიკალურ პერსონას. მათი ნაწარმოებების შესრულებისას ბავშვი გარდაიქმნება კონკრეტულ მუსიკოსად, მიაქვს მაყურებელთან ხასიათი, შეგრძნების მანერა, ხმა და ჟესტები. ახლა ერთი ნაბიჯიღა გაშორებთ მენეჯერის უნარ-ჩვევებამდე.

მუსიკოსები ლმობიერები და ამავდროულად ვაჟკაცურები არიან. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, მამაკაცი-მუსიკოსები მგრძნობიარეები არიან, ხოლო ქალები გამოირჩევიან მტკიცე ხასიათით. იმ მშობლების საყურადღებოდ, რომლებიც სიბერეში თანადგომასა და დახმარებას ელიან! ბავშვები, რომლებიც შეისწავლიან მუსიკას, მგრძნობიარეები და ამავე დროს მომთმენები არიან. მზად არიან მშობლებს სიბერეში მიაწოდონ “ჭიქა წყალი”.

8. მუსიკოსებს არ ეშინიათ სიტყვა “deadline”-ის ვადის ფარგლებში სამუშაოს ჩაბარებისა. მუსიკალურ სკოლაში არ შეიძლება 1 კვირით გადადო საკლასო კონცერტი. შემსრულებელს აჩვევენ, სცენაზე მაქსიმალურ მზადყოფნაში იყოს საჭირო დროს. ბავშვი ასეთი უნარჩვევებითა და გამოცდილებით არ ჩააგდებს სერიოზულ გამოცდას, გასაუბრებას – სამსახურში მიღების დროს და საპასუხისმგებლო ანგარიშს. შეშფოთებული მშობლების საყურადღებოდ! მუსიკალური გაკვეთილები ბავშვობაში – მაქსიმალური გამძლეობა და არტისტიზმია მთელი ცხოვრების მანძილზე.

9. მუსიკის გაკვეთილები აყალიბებენ პატარა “ცეზარებს”, რომლებსაც რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება შეუძლიათ. მუსიკა ეხმარება, ორიენტირება მოახდინონ ერთდროულად რამდენიმე საქმეში: პიანისტი, რომელიც კითხულობს ნოტებს, ერთდროულად აკეთებს რამოდენიმე საქმეს – ახსოვს წარსული, იხედება მომავლისკენ და კონტროლს უწევს ახლანდელ დროს. მუსიკა მიედინება თავის ტემპში. ადამიანს, რომელიც უკრავს, არ შეუძლია შეწყვეტა, შესვენება და სხვა რამეზე გადართვა. ასევეა ავიაოპერატორი ან ბირჟის ბროკერი, რომელიც რამდენიმე ეკრანს ერთდროულად აკონტროლებს, უსმენს და გადასცემს ინფორმაციას რამდენიმე ტელეფონით. მუსიკა აჩვევს რამდენიმე მიმართულებით აზროვნებას. გადატვირთული და გადაღლილი მშობლების საყურადღებოდ! ბავშვ-მუსიკოსს ბევრად გაუადვილდება რამდენიმე ცხოვრებისეულ გზაზე ერთდროულად სირბილი და პირველობის აღება, ვიდრე თქვენ.

10. და ბოლოს, მუსიკა – საუკეთესო გზაა ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად. რატომ? იხილეთ პუნქტები 1-9. შემთხვევითი არ არის რომ მუსიკალური წარსული აქვთ ცნობილ ადამიანებს:

– აგათა კრისტიმ თავისი პირველი მოთხრობა დაწერა იმაზე, თუ რატომ იყო რთული ფორტეპიანოზე დაკვრა სცენაზე;
– კონდოლიზა რაისს პირიქით, ყველაზე მეტად უყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა მაყურებლის წინ თავის თვალისმომჭრელ საკონცერტო კაბაში.

– ბილ კლინტონი დარწმუნებულია, რომ საქსოფონის გარეშე ვერასოდეს გახდებოდა პრეზიდენტი.

შეხედეთ წარმატებულ ადამიანებს ნებისმიერ სფეროში და ჰკითხეთ, ბავშვობაში შეისწავლიდნენ თუ არა მუსიკას – თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. რა თქმა უნდა, შეისწავლიდნენ. ჩვენ გვაქვს 10 მიზეზი იმისა, რომ აუცილებლად მივდიოთ მათ მაგალითს.

კირნასკაია დ.კ. – გნესინის სახელობის რუსეთის მუსიკის აკადემიის პრორექტორი, ფსიქოლოგი, პროფესორი, ფსიქოლოგოური მეცნიერების დოქტორი, საპროდიუსერო ფაკულტეტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

მასალის გამოყენების პირობები

UG MUSIC ACADEMY
მუსიკალური სკოლა
ტელ: 2140233
https://www.facebook.com/U.G.MusicAcademy/