1925 წელს ესპანეთში მყოფმა ერნესტ ჰემინგუეიმ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისთვის მიწერილ წერილში ხუმრობით აღწერა თუ როგორ წარმოედგინა სამოთხე. გთავაზობთ წერილს.
ძვირფასო სკოტ,
ხვალ პამპლონაში მივდივართ. აქ კალმახზე ვთევზაობდი. როგორ ხარ? ზელდა როგორაა?
იმაზე კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე ოდესმე მიგრძვნია – მას შემდეგ რაც პარიზიდან ჩამოვედი, ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ღმერთო, რა კარგი სოფელია. თუმცა, შენ სოფელი გძულს. კარგი, სოფლის აღწერას არ დავიწყებ.
ვფიქრობ, როგორ წარმოგიდგენია სამოთხე – ლამაზი ვაკუუმი, რომელიც სავსეა მონოგამებით, ყოვლის შემძლე, საუკეთესო ოჯახებიდან გამოსული ადამიანებით, რომლებიც თავს სასმელში იხრჩობენ. ჯოჯოხეთი კიდევ ალბათ უშნო ვაკუუმად წარმოგიდგენია, სადაც საბრალო პოლიგამები ვერ შოულობენ სასმელს ან კიდევ მუდმივი კუჭის პრობლემებით იტანჯებიან.
ჩემთვის სამოთხე ხარების გრანდიოზული რინგია, სადაც ორი შემოღობილი ადგილი მაქვს და სადაც კალმახს მხოლოდ მე ვიჭერ, იქვე ქალაქში ორი მშვენიერი სახლი მექნებოდა. ერთში მეუღლე და ბავშვები მეყოლებოდა, მანდ მონოგამური ვიქნებოდი და ისინი ბოლომდე მეყვარებოდა, მეორეში კი ცხრა სხვადასხვა სართულზე ცხრა საყვარელი მეყოლებოდა. ერთ-ერთ სახლში “The Dial” [ამერიკული ჟურნალი] რბილ ქაღალდზე მექნებოდა დაბეჭდილი და ყველა სართულზე ტუალეტში იპოვიდი. მეორე სახლში კი, “American Mercury” და “New Republic” [ასევე ამერიკული ჟურნალები] გვექნებოდა დაბეჭდილი.
მანდვე ეკლესია იქნებოდა როგორიც პამპლონაშია, სადაც ერთი სახლიდან მეორეში სიარულისას ცოდვების მონანიებას შევძლებდი. ჩემს შვილთან ერთად ცხენს შევაჯდებოდი ხოლმე და ხარების რანჩოსკენ გავაჭენებდი, რომელსაც სახელად Hacienda Hadley ერქმეოდა, გზაზე ჩამწკრივებულ ჩემს უკანონო შვილებს მონეტებს ვესვროდი. ჰასიენდაზე მისული, ჩემს შვილს საყვარლებთან ერთგულების ქამრების დასარიგებლად გავაგზავნიდი, რადგანაც ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ლოთების კომპანიაში ცნობილი მონოგამი, გვარად ფიცჯერალდია ჩამოსული.
მოკლედ, ხვალ ადრე დილით ქალაქში მივემგზავრებით. ამ მისამართზე მომწერე,
სასტუმრო კინტანა
პამპლონა
ესპანეთი
თუმცა, შენ მგონი წერილების წერა არ გიყვარს. მე მიყვარს, რადგანაც ერთი მხრივ მუშაობისგან გათავისუფლებს და ამავდროულად ისეთი გრძნობა გაქვს, რომ რაღაც გააკეთე.
ზელდა მოიკითხე,
შენი ერნესტი.
წყარო: litagora.ge