ერთი წყვილი ახალ ბინაში გადავიდა. დილით ცოლმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გარეთ მეზობელი დაინახა,რომელიც თეთრეულს ფენდა.
– შეხედე როგორი ჭუჭყიანი თეთრეული აქვს – უთხრა ცოლმა ქმარს.
კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.
– ალბათ ცუდ საპონს ხმარობს ანდა არც კი იცის როგორ უნდა რეცხოს.ნეტავ არავინ ასწავლის?! – ნიშნისმოგებით თქვა ქალმა.
და ამის შემდეგ როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა, ცოლს სულ უკვირდა, თუ რატომ იყო იგი ასეთი ჭუჭყიანი. ერთ მშვენიერ დღესაც ქალმა გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გაკვირვებისაგან ხმამაღლა შესძახა:
– დღეს რა საოცრად სუფთაა მისი თეთრეული! ბოლოსდაბოლოს ისწავლა რეცხვა!
– არა, – უპასუხა ქმარმა. საქმე იმაშია, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი სარკმლები გავწმინდე.
თარგმანი: 4motivi.com ; თარგმანის წყარო: http://www.psiholog3000.ru/