Skip to content
იჩქარე ნელა ფორმულაა მდგრადი შენების,
შენ შეგიძლია წყარო გახდე დიდი მშვენების.
იჩქარე ნიშნავს აქტიური რომ იყო მარად,
მკვირცხლი გონება სიზარმაცეს დაუდო ფარად.
ნელა კი ნიშნავს, რომ შეკრიბო ინფორმაცია,
გათვლილი გეგმით აიცილო დეგრადაცია.
მომავლის რწმენის შესუსტებას უთხარ უარი.
სინელის არსი დინჯად ყოფნის არის თვისება,
შენს მისიას კი არ სჭირდება სხვისთვის მტკიცება.

უმნიშვნელოვანესი პრინციპი წარმატების მიღწევისა და ბედნიერების მოპოვებისათვის არის მოქმედების შემდეგი წესი: იჩქარეთ ნელა. უნდა იჩქაროთ იმიტომ, რომ ადამიანის ცხოვრება დროში შეზღუდულია. თქვენი ამ ქვეყანაზე ცხოვრება ლიმიტირებულია, რაც ნიშნავს, რომ არ უნდა დაკარგოთ დრო უმნიშვნელო საგნებზე, არ უნდა გაფანტოთ თქვენი საათები უმოქმედობაში და არ უნდა გაუშვათ ხელიდან ის საოცრების წამები, რომელსაც ფლობთ. დაისახეთ ოცნებები, შეკარით ისინი მიზნებად, გარდაქმენით მიზნები მისიად და განავითარეთ სიჩქარეები, რომ დროულად მიაღწიოთ საწადელს. კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც სიჩქარეა აუცილებელი ისაა, რომ რაც უფრო დიდი სისწრაფით მიჰქრით წარმატებისაკენ მიმავალ ბილიკებზე, მით უფრო ადვილი ხდება ამ ბილიკებზე არსებული ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა. ამასთან, რამდენადაც სწრაფად მიიწევთ მიზნისაკენ, იმდენად ბევრ ადამიანს იზიდავთ თქვენსკენ და განაწყობთ მათ თქვენს სასიკეთოთ.


რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს იმისათვის, რომ თქვენმა სიჩქარემ თქვენს მისიამდე მიგიყვანოთ აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ნელა გააკეთოთ. თითოეული გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც დროის ძალიან მცირე მონაკვეთებში მოგიწევთ უნდა იყოს ნათელი ალტერნატივებიდან გაკეთებული, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების სასურველობაზე დაფუძნებული. სინელის სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ იგი ნებისყოფას აწრთობს, რომლის გარეშეც ზედმეტია საუბარი ნებისმერი სახის შედევრზე. სინელის არსი წარუმატებლობიდან შემდგომი წარმატებისათვის საჭირო გაკვეთილების ამოღებაშია. სინელე აუცილებელია, რადგან სამყარო ჯილდოებს ცხოვრების ბოლოს არიგებს და არა მის დასაწყისში.

იჩქარეთ მოქმედება, რომ ნელა-ნელა მოიმკოთ შედეგი. იჩქარეთ ფიქრი, რომ ნელ-ნელა დაიწყოს მოსვლა გენიალურმა იდეებმა. ისწავლეთ ნელა სვლა სიჩქარეში, რომ მარცხმა მისიის მისაღწევად ანთებული მწველი სურვილი არ გაანელოს.

ავტორი: გივი კუპატაძე