არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, ყოველ ჩვენგანთან, ცხოვრებაში ერთხელ, ღმერთი მოდის. ამასთან, ის შეიძლება ნებისმიერი სახით მოგვევლინოს – დასველებული კნუტის, მოხუცის, მათხოვრის… და ჩვენი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ამ შეხვედრის დროს… ამასთან დაკავშირებით. ერთი იგავიც არსებობს.
ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე ერთი ადამიანი. და ჰქონდა მას სამი სურვილი: უნდოდა კარგი სამუშაო, მაღალი ანაზღაურებით, დაქორწინება უნდოდა ლამაზ, კეთილ გოგონაზე და უნდოდა ცნობილი გამხდარიყო… მთელს მსოფლიოში.
ცხოვრების მანძილზე, ბევრი რამ გადახდა მას თავს. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ სამს მოგიყვებით:
I. ზამთარში, ერთ სუსხიან დილას, მიდიოდა ის გასაუბრებაზე, ერთ ცნობილ კომპანიაში. შეხვედრამდე მხოლოდ 5 წუთი რჩებოდა, მას კი მთელი კვარტალი უნდა გაერბინა. უცებ, მის წინ, ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა მოხუცი კაცი. ჩვენმა გმირმა შეხედა მას, იფიქრა მთვრალი არისო, მოხუცი არ წამოაყენა და თავის გზაზე წავიდა. გასაუბრებაზე დროზე მივიდა, მაგრამ მისი ოცნების სამუშაოზე არ აიყვანეს.
II. ზაფხულის ერთ თბილ საღამოს, ის ქუჩაში სეირნობდა. მან ქუჩის მსახიობები შეამჩნია, რომლებიც წარმოდგენას მართავდნენ. გადაწყვიტა, შეჩერებულიყო და სანახაობით დამტკბარიყო. მაყურებელი ბევრი არ იყო, ხოლო პიესა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ხალხმა დაშლა დაიწყო. ჩვენი გმირიც აპირებდა წასვლას, მაგრამ ვიღაცამ, მორიდებულად მხარზე ხელი შეახო. ეს იყო პიესის მთავარი გმირი – მოხუცი მასხარა ქალი. მას აინტერესებდა, მოეწონა თუ არა სპექტაკლი და კმაყოფილი იყო თუ არა მსახიობთა თამაშით. მაგრამ, ახალგაზრდა მამაკაცმა სიძულვილით შეხედა, მასთან საუბარი არ ისურვა, მიბრუნდა და წავიდა.
III. შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს, კაცი ბრუნდებოდა მეგობრის დაბადების დღიდან სახლში. მისთვის ეს დღე ძალიან რთული და დამქანცველი იყო. მას ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო, აბაზანა მიეღო და თბილ ლოგინში ჩაწოლილიყო.
სადარბაზოს რომ მიუახლოვდა, ვიღაცის მოგუდული ქვითინის ხმა მოესმა. გაიხედა და დაინახა, რომ სადარბაზოს გვერდით, სკამზე ქალი იჯდა და ტიროდა. მას ქოლგა არ ჰქონდა და მხოლოდ თხელი კაპიშონიანი ქურთუკი იცავდა ცივი წვიმისგან. ქალმა ახალგაზრდა კაცი რომ დაინახა დახმარება სთხოვა. მას ოჯახში რაღაც შეემთხვა და ძალიან სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი. კაცი დაფიქრდა, მას თვალწინ აბაზანა და საწოლი წარმოუდგა, ჩუმად რაღაც წაილუღლუღა. ალბათ, დაღლილი ვარ ან არ მცალიაო და სასწრაფოდ სადარბაზოში შევიდა.
ადამიანმა ისე იცხოვრა, რომ ბედნიერი არასოდეს ყოფილა… და მოკვდა. ზეცაში ის თავის მფარველ ანგელოზს შეხვდა:
– იცი, მე ძალიან უინტერესო და უბედური ცხოვრებით ვიცხოვრე. მე მხოლოდ სამი სურვილი მქონდა და არცერთი არ ამისრულდა. რა სამწუხაროა…
– ჰმ… ჩემო მეგობარო – უთხრა მან კაცს – მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ შენი ყველა სურვილი ასრულებულიყო. მაგრამ, ამისათვის, შენ მხოლოდ ერთხელ უნდა გაგეწოდებინა დახმარების ხელი სხვა ადამიანისთვის, გაგეხილა თვალები და გაგეთბო გაყინული გული.
– რაზე მელაპარაკები?
– გახსოვს ადამიანი, რომელიც ზამთრის ერთ დღეს დაეცა გზაზე? მე შენ ახლავე გაჩვენებ ამ სურათს… ის მოხუცი იმ ფირმის გენერალური დირექტორი იყო, რომელშიც შენ გინდოდა მუშაობის დაწყება და მას რომ დახმარებოდი, წინ თავბრუდამხვევი კარიერა გელოდა. შენ მხოლოდ დახმარების ხელი უნდა გაგეწოდებინა.
გახსოვს მოხუცი მასხარა, რომელმაც ქუჩის წარმოდგენის შემდეგ კითხვით მოგმართა?
ის ახალგაზრდა, ულამაზესი, მსახიობი გოგონა იყო, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდი. თქვენ ბედნიერი მომავალი გელოდათ, ბავშვები, მარადიული სიყვარული. შენ მხოლოდ ერთი რამ გევალებოდა – თვალები უნდა გაგეხილა.
გახსოვს ქალი რომ ტიროდა შენს სადარბაზოსთან? რომელიც სულ სველი იყო წვიმითა და ცრემლებით… ის ცნობილი მწერალი იყო და იმ დროს ოჯახური კრიზისი ჰქონდა. მას შენგან მხოლოდ სულიერი მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. შენ რომ სახლში შეგეყვანა, გაგეთბო და დაგემშვიდებინა, ის წიგნს დაწერდა, რომელსაც შენ მოგიძღვნიდა, მასში შენთან შეხვედრის შესახებაც დაწერდა და ამ წიგნით, მთელი მსოფლიო გაგიცნობდა.
მაშინ, ერთადერთი რაც მოგეთხოვებოდა, მხოლოდ პატარა ნაპერწკალის გაცემა შენი გულიდან. შენ უყურადღებო იყავი ჩემო მეგობარო, ძალიან უყურადღებო.
ადამიანმა ერთი ამოიოხრა და გაუყვა მთვარის ბილიკს, შორს ვარსკვლავებისკენ…
მორალი: მოუსმინე სამყაროს, ის შესაძლებლობებს გთავაზობს. სხვას დაეხმარე, დახმარება შენც ითხოვე და ის ღირსეულად მიიღე.