Skip to content

ცნობილ მწერალთა სახალისო ისტორიები

“ის, რაც სასაცილოა, არ შეიძლება საშიში იყოს.” – ვოლტერი.

დანიელი მწერალი-მეზღაპრე ქრისტიან ანდერსენი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა თავის ჩაცმულობას. მწერლის გაცვეთილ პლაშს და შლაპას მთელი კოპენჰაგენი იცნობდა.

ერთხელ, როცა ანდერსენი კოპენჰაგენის გაკრიალებულ ქუჩებში სეირნობდა,ერთმა გამვლელმა ჰკითხა:

– უკაცრავად, ამ საცოდავ საგანს თქვენს თავზე თქვენ შლაპას ეძახით?
ანდერსენი არ დაიბნა და მშვიდად შეუბრუნა კითხვა:

– როგორ, ამ საცოდავ საგანს, თქვენი შლაპა რომ ახურავს, თქვენ თავს უწოდებთ?

* * *
ერთხელ გერმანელ მწერალს ბერტოლდ ბრეხტს უცნობმა პროვინციელმა დრამატურგმა პიესა გაუგზავნა და მისწერა:

“მთელი მსოფლიოს დრამატურგებისაგან იმით გამოვირჩევი, რომ მძიმეებს არ ვსვამ, რადგან ზედმეტად მიმაჩნია. თუ თქვენ სხვა აზრისა ბრძანდებით, გთხოვთ,სადაც საჭიროდ ჩათვალოთ, დასვით მძიმეები.”

ბრეხტმა პიესა დაუბრუნა და მისწერა: “მიმაჩნია, რომ მძიმეები აუცილებელია და გთხოვთ, შემდეგში მხოლოდ მძიმეები გამომიგზავნოთ, ტექსტს კი როგორმე თავად შევთხზავ.”

* * *
საფრანგეთის აკადემიაში ისმენდნენ ლექციას მხატვრულ ლიტერატურაზე.

– ფრანგული ენის დაცემა დაიწყო 1719 წელს… განაცხადა მხცოვანმა მომხსენებელმა.

ჰიუგო წამოდგა და მოკრძალებით ჰკითხა:

ხომ არ ინებებდით და დააზუსტებდით, რომელ საათზე?

* * *
დიუმა საფრანგეთის ერთ ქალაქში ჩავიდა და გადაწყვიტა წიგნების მაღაზიას სწვევოდა. მაღაზიის გამყიდველმა წინასწარ შეიტყო მწერლის განზრახვა და ყველა თარო დიუმას წიგნებით შეავსო. მწერალს გაუკვირდა და ჰკითხა:

– სხვა ავტორები სად არიან?
– სხვები? – დაიბნა გამყიდველი, სხვები გაიყიდა.

* * *
ერთმა მეცნიერმა სოკრატეს ჰკითხა: როგორ უნდა განვიკურნოთ ერთი ნახვით შეყვარებისაგანო.

– საჭიროა, ყურადღებით შეხედოთ მეორედ! – უპასუხა ფილოსოფოსმა

* * *
ერთხელ მარკ ტვენმა რედაქციაში ანონიმური წერილი მიიღო. წერილში ერთადერთი სიტყვა ეწერა: “ღორი”. მეორე დღეს მარკ ტვენმა საკუთარ გაზეთში პასუხი გამოაქვეყნა:

– წესისამებრ, ხელმოწერილ წერილებს მიგზავნიან, გუშინ კი მივიღე ავტორის ხელმოწერა წერილის გარეშე.

* * *
ერთხელ მარკ ტვენს რედაქციაში ერთმა ავტორმა ბევრი სუსტი ლექსი გაუგზავნა საერთო სათაურით – “რატომ ვარ ცოცხალი?”

“იმიტომ, რომ ლექსები ფოსტით გამოაგზავნეთ და პირადად არ გამოცხადდით რედაქციაში”,- უპასუხა მარკ ტვენმა.

* * *
ერთმა მოპოეტო პიროვნებამ ვოლტერს წაუკითხა საკუთარი ოდა, რომელსაც ერქვა _ “შთამომავლობას”, და სთხოვა, აზრი გამოეთქვა. “ვფიქრობ, თქვენი ოდა შთამომავლობამდე ვერ მიაღწევს”, – უპასუხა ვოლტერმა.

* * *
ხანგრძლივი მოგზაურობისას ფრანსუა რაბლეს ერთ-ერთ ქალაქში ფული გაუთავდა და პარიზში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ გზის ფულიც არ აღმოაჩნდა. აიღო შაქრის ნატეხი, გაახვია ქაღალდში, წააწერა: “საწამლავი ხელმწიფისათვის”, და მაგიდაზე დადო. შეშინებულმა სასტუმროს დამლაგებელმა ეს პაკეტი სასტუმროს დირექტორს მიურბენინა, ამ უკანასკნელმა კი სასწრაფოდ გამოიძახა პოლიცია. რაბლე დააპატიმრეს და უმალ პარიზისაკენ გააქანეს. პარიზის პოლიციაში რაბლემ აღიარა თავისი განზრახვა და შაქარი თვითონ მიირთვა. პოლიციელებს გაეცინათ და სახლში გაუშვეს.

* * *
– რამდენი შემოსავალი დაგაკმაყოფილებდათ, რომ თავი ბედნიერად გეგრძნოთ? – ჰკითხეს ბერნარდ შოუს.

– იმდენი, რამდენიცა მაქვს ჩემი მეზობლების აზრით, – უპასუხა ბერნარდმა.

* * *
ერთხელ, ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა, რომ ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:

–სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?

–დიახ, ჩემო დედოფალო.

–მეც?–გაიოცა დედოფალმა.

–თქვენც…–უპასუხა შოუმ.

–როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?

–10 000 ფუნტი სტერლინგი–ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა.

–ნუთუ  ასე იაფი?–გაიოცა დედოფალმა.

–აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით.–გაეღიმა შოუს

* * *
ერთხელ, თანამედროვე ტექნიკის მიღწევებზე საუბრისას, შოუმ განაცხადა:

– ახლა, როცა ვისწავლეთ ჩიტივით ცაში ფრენა და თევზივით წყალქვეშ ცურვა, ისღა დაგვრჩენია, ვისწავლოთ მიწაზე ადამიანური ცხოვრება.

* * *
ბერნარდ შოუმ თავისი ცნობილი პიესის «კანდიდის” პრემიერის შემდეგ მთავარი
როლის შემსრულებელ მსახიობ ქალბატონს დეპეშა გაუგზავნა: “შესანიშნავია, განუმეორებელია, ღვთიურია”… აღელვებულმა მსახიობმა უპასუხა:

“თქვენ აჭარბებთ”. შოუმ მეორე დეპეშა გაუგზავნა: “მე მხედველობაში მქონდა პიესა”.

მსახიობმა უპასუხა: “მეც!”.