Skip to content

ჩანახატი,რომელიც უხდება ზამთარს …

დაღამემდე ჯერ ადრეა.ახლა არ ვიცი რა უნდა დავწერო.ღამის სიჩუმეში უფრო გამომდის წერა. დღეს ცივა ჩემს ტყეში. საკუთარი ხელით მოვიტანე შეშა მხრებით. დათოვლილ გზებზე წვალებით ვიარე.ჩიტებს ვეძებდი მაგრამ ვერ ვიპოვე ბეღურები. ალბათ ძინავთ.ზამთარი ძალიან ლამაზია ჩემს ტყეში მაგრამ დღეს ცივი ქარიც ქრის. შეშა ეზოში დავაწყვე. დავიბერტყე მხრებიდან თოვლი.დავანთე ბუხარი და სითბო დატრიალდა გარშემო.გავთბი.ძველი ლითონის ჩაიდანი შემოვდგი ცეცხლზე და მოვიხვიე პლედი მხრებზე.როდესაც ქალაქში ყოფნით ვიღლები,აქ მოვდივარ და ასე ფუფუნებით ვცხოვრობ.კი,ინტერნეტი მაქვს, მაგრამ უმეტეს დროს კითხვას ვუთმობ. ასეთ ცივ ამინდებში კი საოცრად მოვიწყენ.დედასთან მინდება ყოფნა. ვიმზადებ ჩაის და ვთბები.

წუთით ან სულაც წამით გავიაზრე რომ კოსმოსი, ასე რომ მოგვწონს, არის სივრცეში,შორს და მეც ამ უსასრული სივრცის ნაწილი ვარ. უსასრულობას განვიცდი. დედამიწა მიწაზე კი არ არის, ცაშია,იდუმალია და მიმზიდველი ამაზე ფიქრი.სძინავთ ადამიანებს.დიდხანს იცოცხლეთ ჩემო კეთილებო,ყველანი მიყვარხართ.მე კი როდესაც ძილის წინ ვწერ, თითქოს ნამდვილი ვხდები,თითქოს ამ წუთებს ველოდები მთელი დღე.შუქი არსად ანთია. იქნებ ტყის შუაგულში ნაძვის ხეს რთავენ ფერიები.წარმოვიდგენ თოვლისგან განათებულ ნაძვებს.ფერიებს თეთრ კაბებში.ერთხელ მეც მეცვა ასეთი კაბა.დაღლილი ვარ. მეხუჭება თვალები.სიზმრებში გადავალ მალე.უბრალო სიზმრები მაქვს.აი ახლა ბოლო ფიჩხებს ვუკეთებ ბუხარს. სახლი თბილია. ძალიან თბილი.ამოდის კვამლი საკვამურიდან და ვიცი მის შორიახლოს თბებიან მელაკუდები. მიხარია.

თუ სადმე დაკარგეთ თქვენი  სიყვარული, აუცილებლად იპოვეთ და ჩაიკარით გულში.აუცილებლად,რადგან მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განკურნოს ამქვეყნიური დარდი.დაღამდა.ისევ ჩემს საბანში შევძვერი. ისევ მიინავლა ნაკვერჩხალი ჯერ სულში და მერე ღუმელში.მთვარემ გადასწია ხმელი ტოტები და სარკმელში შემოიხედა. მე ისეთი ადამიანი ვარ რომ ერთდროულად ბევრ რამეზე ვფიქრობ.ყველაფერი სულში შემოდის და რჩება, ტოვებენ კვალს ლურჯი ფრინველები. განმარტოება კი ნიშნავს, როცა ყველაფერს იხსნი გულიდან.ტვირთს,სევდას ,ფიქრებს და ხდები უბრალო შენი თავისთვის. ისეთი როგორიც ხარ, როგორიც ღმერთმა შეგქმნა.სუფთა და უბრალო. მე გვირილა ვარ. სამყაროს ყველაზე თბილ მიწაზე ვცხოვრობ.მზით ვცხოვრობ და ვსუნთქავ. ამაზე ფიქრი მაცოცხლებს. ასეთი ფიქრები მოაქვთ ზამთრის ღამეებს,მხოლოდ ცხოვრებისეული განცდები მოაქვთ.მე წარმოვიდგენ დედას მივყვები გვერდით და ვმშვიდდები.კიდევ ბევრ რამეზე ვფიქრობ. ყველაფერს ვერ გადმოვცემ.საკვამურიდან ნისლისფერი კვამლი ამოდის.