გადის ყოველი წუთი და ყოველი წამი… მიფრინავენ ლამაზი დღეები. მეც ვიზრდები, უკან ვიხედები და უკვე მენატრება ის განვლილი წლები… რამდენი რამე იცვლება ყოველ დღე ჩემს გარშემო. მათთან ერთად მეც ვკარგავ ძველ სახეს და რაღაც ახალს, უცხოს და უცნაურ ნიღაბს ვირგებ. ხან მომწონს ეს ნიღაბი, ხან კი საშინლად მაღიზიანებს. მერე და რო! გორია ეს გამოგონილი თუ ქვეცნობიერად ჩემეული ნიღაბი? – ლამაზი? მდიდრული? იქნებ არც ლამაზია და არც მდიდრული. აბა როგორია?! აი ეს არის საკითხავი – როგორია ჩემი ნამდვილი სახე? ან როგორ ხედავს სხვა ჩემს რეალურ პიროვნებას? იქნებ სხვისთვის ერთფეროვანი ვარ ან პირიქით… თუმცა მე ჩემი სახე სხვანაირი წარმომიდგენია…
ახლა საკუთარ თავს შემოდგომის პაწაწინა ფოთოლს შევადარებდი. თუმცა ვიყავი ხასხასა მწვანეც, დედის მკერდს მიბმული. ნელ-ნელა წამოვიზარდე… დრომ შემცვალა: ცოტა გავიზარდე, ფორმა შევიცვალე, “ფერები” აირია ჩემში. კარგად თუ დამაკვირდები სულ ყვითელი არ ვარ. ასე მარტო უგუნურნი მხედავენ. კარგად დამაკვირდი და დაინახავ რამდენი ფერია ამ პაწაწინა შემოდგომის ფოთოლში, რომელიც დედას მოსწყ! ვეტია და ჯერ კიდევ ჰაერში ნავარდობს. მოასწარი და დაინახე ეს ფერები. ნახე ლალის ფერი, სულ ცოტა ოქროსფერიც. კიდევ დააკვირდი, გთხოვთ! ხედავთ? ახლა მარგალიტისფერსაც ამჩნევთ. გიშრისფერსაც ამოიცნობ, კონტურებს დააკვირდი. მოასწარი დაინახო, თორემ ძირს დავეცემი, შეიძლება სხვამ ფეხი დამადგას და წამებში ნაწილებად ვიქცე. გაქრება ჩემში ფერთა პალიტრა. ნეტავი დამინახავ ყველა ფერში? თუ მხოლოდ ყვითელი ვიქნები შენთვის?!!!
წეღან ნიღბები ვახსენე და ისიც ვიკითხე როგორია ეს სახეები. მარტო თაბაშირით როდია შექმნილი ისინი. არა ჩემო კარგო, შეხედე და დაინახავ ათასფერ მაქმანს, სხვადასხვა ძვირფას თვალს. კი, უბრალო თვლებიც არის გამოყენებული იმისთვის, რომ უბრალოებამ მეტი სისადავე შესძინოს ჩემს პიროვნებას. აი გიშერი. იცანი ხომ?! ეს ჩემი თვალებია. ლალი? ალბათ ათამდე თვალი დაითვალე… კი, კი, ეს მართლა ჩემია. სპილოს ძვალიც ამოიცანი ხომ? მართალია ფერმკრთალია, მაგრამ ეს იმისთვის, რომ ღაწვები მეტად მორიდებულ ტონალობაში ყოფილიყო გამოძერწილი. არა, მე არ ვარ ამ ნიღბით უკმაყოფილო. არ მიყვარს მკვეთრი ფერები. მირჩევნია სადა ვიყო, ისევე როგორც მარგალიტი. ის ალმასივით არ ბრწყინავს. მასსავით ძვირფასი არ არის. თუმცა, იგი მეტად იდუმალია. იმდენად, რომ ოკეანის ფსკერზე იმალება, იქ სადაც მრავალფეროვნებაა და სადაც ამოუცნობი სამყაროა. ის სამალავიც არ ყოფნის და ნიჟარაში იყუჟება. როცა მას მოიპოვებ ძალიან სათუთია. იგი ფორმებსაც იცვლის ხელში მოძრაობისას. თუმცა როცა საბოლოო სახეს მოირგებს, სამუდამოდ ინარჩუნებს თავის სილამაზესა და სისადავეს.
და მაინც გადის დღეები. მეც მარგალიტივით ვიცვლი “ფორმებს”, სულ ცოტაც და მოვირგებ საბოლოო სახეს… ვიქნები მუდამ იდუმალი და თან გულღია, ძვირფასი და თან უბრალო, მბრწყინავი და თან გამჭვირვალე.
გამომგზავნი/ავტორი: ლელა გულიშვილი