Skip to content
როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, თანაკლასელები და მეზობლები ამბობენ: საკმოდ საზრიანი, მოფიქრებული, იუმორისტული და ცოტათი სევდიანიც კი ვყოფილვარ ბავშვობაში. ხალხ–მრავალ და ხმაურიან ადგილებს ვერ ვგუობდი და უფრო მეტად შინაურულ, სახლის პირობებში თამაში და ყოფნა მერჩივნა. არ მიყვარდა ბაგა–ბაღი და იქაური გარემო, თმებზე მოქაჩვა, ჭიდაობა, ნაძალადევი ძილი და კვება ძალიან დამთრგუნველად მოქმედებდა ჩემზე. თან გამუდმებით დედის ალერსი და სითბო მენატრებოდა. ჭიშკართან მოწყენილად მომლოდინეს ერთი სული მქონდა ხოლმე საღამო როდის დადგებოდა, რომ დედაჩემი მოსულიყო და შინ წავეყვანე. გარდა დედის კალთისა, ჩემი დის კაბაზეც გამოკერებული ვიყავი (ჩემზე 8 წლით უფროსია ნინო) და ნახევრ! ად მისი გაზრდილი ვარ. თურმე ” არ დამიტოვებია მისი არცერთი სასკოლო წიგნი, რომ არ დამეჯღაპნოს და როგორც თავად იგონებს, ჩემდა სამარცხვინოდ, ერთხელ (2 წლამდე ვიქნებოდი) ისე გავკადნიერდი, რომ მათემატიკის წიგნზეც კი “საზეიმოდ” მოვუშარდე, რისთვისაც ახლა მინდა, რომ გულწრფელი შენდობა ვსთხოვო ჩემს დედმამიშვილსა და ყველა მათემატიკოსს.
ჩვეულებრივ, სიყრმის ასაკი თბილისის ერთ–ერთ უძველეს უბანში, ისტორიულ “პლეხანოვზე”, დ.აღმაშენებლის 95–ში მდებარე კერძო ბინაში გავატარე. ჩვენი სახლი ძალიან მომცრო და მოკრძალებული გამომეტყველებისა იყო. ოჯახში სულ ხუთი სული ვცხოვრობდით: ჩემი ტკბილი ბებია, დედ–მამა, და და მე. ეზოში ეკატერინე (კატუშა) ბებიას პატარა ბაღჩა ჰქონდა, სადაც გარდა იმისა, რომ ლამაზ ყვავილებსა და ხე! ხილს უვლიდა, მცირეოდენ საოჯახო “მეურნეობასაც” კი ეწეოდა. ხანდახან მეც დამიმოწაფებდა ხოლმე… ფილოსოფიურად, თავისი ჩვეული არისტორკრატულობითა და დახვეწილობით მაყვარებდა ბუნებას, მასწავლიდა მცენარეთა მოვლასა და მათზე ზრუნვას. მე კი, როგორც მახსოვს, ყველაზე მეტად მორწყვა და წყალში თამაში მსიამოვნებდა. ჩვენს კარ–მიდამოში, მე უმწიფარს, რამდენიმე მეტად სასაცილო და კურიოზული ამბავი გადამხდენია რის შესახებაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ.
მოგონება – 1989 წლის ემოციური გაზაფხულია და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა კულმინაციურ პიკს განიცდის. პერიოდულად მემარცხენე ოპოზიციური ძალები კი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის პროვოცირებას ახდენენ. მდგომარეობა მეტად რთულია და საზოგადოებრივი არეულობა თუ ალიაქოთი საწყის ფაზაში შედის. ამ დათაბული ვითარების ფონზე ჩვენს ოჯახში რაღაც უცნაური და ამხსნელი მოვლენები ჩნდება… პერიოდულად სახლიდან სასწაულებრივად ქრება და იკარგება საოჯახო ძვირფასეულობა. ჩემი მშობლები საგონებელში იყვნენ და ლამის იყო საკუთარი საწუხარი მილიციას გაანდეს და სამართალდამცავების დახმარებით სამძებრო თუ საგამოძიებო ღონისძიება აწარმოეს ვერაგი ქურდის გამოსავლენად, რომ არა შემთხვევის ადგილზე იდუმალი “დამნაშავის” მხილება, რამაც “პარანორმალურ” საიდუმლოს საბურველი უცაბედად ახადა. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ის უხილავი “ბოროტმოქმედი” მე ვყოფილვარ! როდესაც დედამ, მისი პირადი უჯრის წინ ჩუმად მოფუსფუსეს წამასწრო, საქმეში გართულს, ბებიის გამოცდილებისა და დარიგების შესრულებით გულანთებულმა მას თავლებით შევციცინე და დავდუმდი… როგორც აღმოჩნდა ერთ ხელში მძივით, ხოლო მეორეში კი ბეჭდით აღჭურვილი “გამფაქტეს”… დედაჩემის აღელვებულ შეკითხვაზე, თუ რატომ ჩავდიოდი მე ამას, გაღიმებულს მიპასუხია: – “ბებომ მასწავლა, რომ პატარა მარცვალს როცა მიწაში ჩარგავ გაზაფხულზე უფრო დიდი ამოვა, ბევრს მოისხავს და გამრავლდებაო, ხოდა მეც მაგიტომ “დავთესე” შენი სამკაულები, რომ უფრო მეტი გქონდეს!” – აღიარებითი ჩვენების შემდეგ დედას ბევრი უცინია, მომფერებია კიდეც და გულში ჩავუკრივარ… თურმე მიწაში ქექვის, არქეოლოგიური გათხრებისა და იქ ჩაოარხული “განძეულის” პოვნის შემდეგ, ჩემს ოჯახში ამ ამბითა და ჩემი “სიბრძნით” კარგა ხანს ჯეროვნად უხალისიათ.
მოგონება II – ე.წ. მხედრიონისა და “მაშველთა კორპუსის” პერიოდში, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოში არსებული ყველა ინსტანცია თუ დაწესებულება პარალიზებული იყო და შესაბამისად არც დასუფთავების სამსახური ფუნქციონირებდა. ერთ ნანატრ და მშვენიერ დრესაც ჩვენს ცენტრალურ ქუჩაზე, “პლეხანოვის” მიმდებარე ტერიტორიაზე წყალობად და ხმაურიანად გამოჩენილიყო “ნაგვის მანქანა”, რომლის დანახვისას მოსახლების რიგებში დიდი ჯრიამული და აღტაცებით სავსე შეძახილები მოჰყოლია: “ნაააგავიიი! ნაააგავი მოვიდა ხალხნოოო! ვაიმე ნაგავიიი! რა ბედნიერებაააა აუუუ ნაგავიიი მოვიდააა!” – თურმე მეც იქვე ვყოფილვარ… ჩემი ეზოს მიწაში გვირაბებს ვაშენებდი და დიდ პასკებს ვაცხობდი… ამ ყველაფრის ყურადღებით მოცქირალს უცებ მიწაში თამაშისათვის თავი მიმინებებია, სახლის კიბეებზე სწრაფად ამირბენია და კარებთან მდგარი დედისათვის მხურვალე შეძახილით მითქვამს: “დეე, მე რომ გავიზრდები ნაგავი ვიქნები!”–თქო… როგორც ჩანს, ამდენი გახარებული მეზობლის შემხედვარეს, ეს ტერმინი “ნაგავი” ნამეტანი კარგი რაღაცა მგონებია და ბედნიერების ინსტიქტურად მაძებარს დიდობაში “ნაგვად” გადაქცევა მინატრია… მას შემდეგ, როცა კი დედას ვაბრაზებ, ხურობით მახსენებს ჩემი ბავშვობის ოცნების და ზოგჯერ “ეჭვით” მეუბნება ხოლმე ვაითუ თუ აგიხდა ის შენი სიყრმის გულისწადილიო… 🙂
გამომგზავნი/ავტორი: გიორგი ტიგინაშვილი