“მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.”
იერ. 10,10
რამდენჯერ შეგვინდო უფალმა მიწისძვრის დროს, დიდება მის სახელს! მაგრამ ჩვენ მაინც გვეშინია. გვეშინია იმ ბავშვის მსგავსად, რომელმაც ცუდი რამ ჩაიდინა და ელოდება, რომ მშობლები დასჯიან… გვეშინია ჩვენი ცოდვებისა გამო, იმის გამო, რომ გადაუხვიეთ ღვთის მიერ მითითებულ გზას.
ვაღიარებთ, ჩვენ, ქართველებმა, ბოლო დროს ბევრი ისეთი რამე ჩავიდინეთ და ჩავდივართ, რაც სიბილწეა ღვთის თვალში, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რადგანაც ვიცით, რომ დიდია ღმერთის სიყვარული და მოთმინება.
8. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
9. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
ფს. 102. 8-11.
ვართ კი ღვთისმოშიშნი? გვახსოვს ის, რომ უფალმა დასჯაც იცის? უფალი ხომ ერებსაც სჯის. იგი ხშირად სჯის იმას, ვინც უყვარს და ვისზეც მეტი წყალობა გაიღო. გავიხსენოთ რამდენჯერ და რა სისასტიკით სჯიდა უფალი თავის რჩეულ ერს, ებრაელებს.
იოსებ ფლავიუსთან აღწერილია მიწისძვრა, რომელზედაც ლაპარაკია ბიბლიაში:
“გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს.”
ზაქ. 14, 5
სხვადასხვანაირია უფლის სასჯელი. არის შემთხვევები, როდესაც ერებმა ისეთი რამ მოიმოქმედეს, რომ უფალმა ისინი ამოძირკვა, მაგალითად მოაბი. მოაბელთა ქვეყანა, რომელიც მდიდარი და აყვავებული იყო, დღეს უდაბნოდაა ქცეული და მხოლოდ ნანგრევებიღა მეტყველებენ ბიბლიის წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტებაზე.
მთლიანად განადგურდა ყამალეკი, პალესტინის სამხრეთით მცხოვრები ხალხი.
ყამალეკების უკანასკნელი წარმომადგენელი, პამანი, თავისი წინაპრების მსგავსად დაიღუპა (ესთ. 7).
უფალი ზოგიერთ ერს აღდგენას ჰპირდება.
არის ღვთის სასჯელი, რომლის მიზანია გამოცადოს, გამოასწოროს ადამიანები.
მიწისძვრა უფლის რისხვის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
25. გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.
26. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს.
ლევ. 18, 25-26.
მეორე მხრივ, მიწისძვრა ღვთის ხალხისათვის ნიშანია იმის, რომ ღმერთს ესმის მისი ლოცვების და ხსნას უგზავნის:
“და რა ილოცეს, შეიძრა ადგილი, სადაც შეკრებილნი იყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით, და იტყოდნენ ღმერთის სიტყვას დაუფარავად”.
საქმე 4, 31.
მიწისძვრა ღმერთის ძლიერებასა და სიდიადეზე, მის განსჯაზე და სასჯელზე მეტყველებს.
ვარაუდობენ, რომ სოდომი და გომორა მიწისძვრამ დაანგრია.
“მიწამ შთანთქა კორახი და შეთქმულების სხვა მონაწილენი თავისი ნათესავებითა და ავლადიდებით, რადგანაც ისინი წინ აღუდგნენ მოსესა და აარონს” (რიცხ. 16).
უდიდესი მიწისძვრაა ნაწინასწარმეტყველები იოანეს გამოცხადებაში, სადაც ლაპარაკია ღვთის მძვინვარების შვიდი თასის გადმოღვრაზე დედამიწაზე, რაც უფლის მოსვლასა და არმაგედონის ბრძოლის დამთავრებას უსწრებს წინ.
17. და მეშვიდემ დასთხია თასი ჰაერში, და მოისმა ციური ტაძრიდან და ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა
18. და იქმნა ელვა და ქუხილი, და გრგვინვა და მიწისძვრა დიდი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას აქეთ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.
გამოცხ. 16, 17-18.
ქალაქ ნინევეს ბედი მაგალითია იმის, რომ როდესაც უფალი ხედავს, რომ ადამიანებმა მიატოვეს ბოროტების გზა, მოინანიეს, იგი შეიწყალებს მათ და აღარ დასჯის.
უფალი ერებს გადარჩენის გზას უჩვენებს:
12. ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.
20. ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
იოვ. 2, 12; 20.
საღვთო წერილი მრავალგზის აფრთხილებს ადამიანებს:
8. მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა, თავხედობათა და ანგარებათა გამო.~
ზირ. 10, 8.
უფალს სურს ადამიანები ვიყოთ ღვთის მოშიშნი და მისი მცნებების შემსრულებელნი.
ღვთის მოყვარულთ და მცნებების შემსრულებლებს უფალი სიკეთეს პირდება:
18. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით, შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.
19. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღარისად შეჭამთ და მშვიდათ იცხოვრებთ იქ.
ლევ. 25, 18-19.
რუსუდან ხოჯავა, წიგნიდან “მუსიკისმცოდნეობა, პუბლიცისტიკა. მოგონებები”;