Skip to content

დიმიტრი უზნაძე: ომის ფსიქოლოგია და ცხოვრების აზრი

ზოგი ერი სულის ამოძრავებასა და ამოქმედებას ხშირად მის გაუნძრევლობასა და შეუწუხებლობას არჩევს. ამიტომ იგი თავისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სხვას, უფრო ადვილ გზას ეძებს. იგი სხვა ერს ეცემა და მისი ჩაყლაპვით თავისი ინტერესების გაძღოლას ლამობს.

ერის ნამდვილი ინტერესები ომს არ მოითხოვს. პირიქით, ომი სხვის თავზე დასხმის სახით ღალატია ეროვნული სულის ნამდვილი ინტერესებისა, რომელიც, როგორც ვიცით, მის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაში პოულობს თვის დანიშნულებას და არა მის დაძაბუნებასა და დატუქსვაში და მისი განვითარების დროებით შეჩერებაში. ომი კი, სწორედ იმ ერის ინტერესებსი დაძაბუნებას იწვევს, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული, და ამავე დროს ომის გამომწვევი ერის სულიერი შემოქმედების დრობით შეჩერებას, რადგან იგი თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას ახალი ფორმების შემოქმედების მაგიერ სხვისი ინტერესების დატუქსვაში ეძებს.

ცხადია ამგვარად, რომ ცხოვრების აზრი თავისთვად სრულებით არ მოითხოვს ომს, როგროც თავისი განხორციელების აუიცილებელ იარაღს. იგი ამგვარად არ იწვევს ომს, მაგრამ რაკი ეს უკანასკნელ ფაქტად იქცევა, ცხოვრების აზრი უკვე ცდილობს მის დამორჩილებას და თავისი მიზნებისათვის გამოყენებას. ომი ცხოვრების აზრის თვასსაზრისით არ არის საჭირო იმ ერისათვის, რომელმაც იგი გამოიწვია. მაგრამ იგი შეიძლება დამღუპვე-ლი იყოს იმ ერისათვის, რომლის წინააღმდეგ არის იგი მიმართული. აქედან ცხადია, რომ იერიშის მიმტანი ეროვნება, ამ შემთხვევაში, ცხოვრების ობიექტური დანიშნულების საწინააღმდეგო მიმართულებას იღებს, მაშინ, როდესაც მოგერიებითი პოლიტიკის მიმდევარი ერი თვისი ვინაობის, თავისი განვითარების და დანიშნულების შესაძლებლობის დაცვით არის გატაცებული. და, მაშასადამე, ცხოვრების აზრის განხორციელების გზას ადგია.

აქედან ცხადია, რომ ყოველი ცალკე პიროვნების ცნობიერებაში, რომელიც თავის ღრმა კუნჭულებში მაინც ცხოვრების აზრის შესაფერი გამოხატულების მატარებელია, ორგვარი განწყობილება იქნება ომისადმი. როდესაც ომი მოგერიებითი ხასიათისაა, მაშინ თითოეული პიროვნების ძალღონე ეროვნული ვინაობისა და არსებობის დაცვისკენ, ე.ი. ცხოვრების აზრის განხორციელებისაკენ არის მიმართული; ასეთ შემთხვევაში ყველას სიამოვნებითა და აღტაცებით მიაქვს ზვარაკად თავისი სიცოცხლე ომის სამსხვერპლოზე. ასეთი ომის დროს ადამიანის ჩვეულებრივ შიშს სიკვდილის წინაშე ადგილი აღარ რჩება და ყველა რაინდად და გმირად იქცევა. ამიტომაც იბადება ყოველთვის თავდაცვითი ომის დროს საკვირველი ერთსულოვნება ერის სხვადასხვა ნაწილთ შორის, და ისიც კი, ვისაც აბსოლუტურად ომის წინააღმდეგ მოაქვს თვი, ისიც ერთბაშად იცვლება და მახვილით ხელში მტრის წინააღმდეგ ილაშქრებს.

ვინც თავის მოძმეს მუდამ მტრულად ეგებოდა, ვინც სისხლის დანახვაზე საშინელებით ცახცახებდა, ვისაც სასიკვდილოდ უბრალო მწერიც არ ემეტებოდა, ახლა გამხეცებულ მეომრად იქცევა და ცეცხლითა და მახვილით მტრის ბანაკში სიკვდილი და მუსრი შეაქვს. მხოლოდ მოგერიებით ომს შეუძლია წარმოშვას ისეთი წარმტაცი პიროვნებები, როგორც მაგალითად, საფრანგეთის ეროვნული გმირი ჟანა დარკი იყო. მაგრამ, როდესაც ომი შეტევითი ხასიათისაა, როდესაც მას მიზნად სხვა ერის ინტერესთ გადალახვა და მისი დაძაბუნება აქვს დასახული, მაშინ ყოველი ცალკე პიროვნების ცნობიერების ღრმა კუნჭულში იბადება და იზრდება თანდათანობით, მაგრამ განუწყვეტლივ, ღრმა წინააღმდეგობა ამ ომისადმი. მისი, როგორც დიდი ბოროტების შეფასება, მაშინ თავგანწირვა და გმირობა სანთლით საძებნი ხდება. შიში და მხდალობა სიკვდილის წინაშე ჩვეულებრივსა და გადამდებ სენად იბუდებს და ვრცელდება ხალხში; მოღალატეთ რიცხვი თანდათან მრავლდება, და ასე ამ სახის ცხოვრების აზრი სასტიკად სჯის მას, ვინც მისი განხორციელების გზაზე სიარულის სიძნელეს გაექცა და უფრო ადვილად სავალი გზა აირჩია.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოგერიებითი ომი ჩვეულებრივ გმირული სულის განწყობილებას იწვევს, სულის განწყობილებას, რომლისთვისაც უცხოა შიში და სიკვდილის რიდი; ხოლო შეტევითი ომი სამაგიეროდ ნიადაგად იქცევა, რომელზეც ადვილად იზრდება სიმხდალე, შიში და უკმაყოფილება ომის დამწყებთა მიმართ. ჩვენ უკვე ვიცით, თუ რად ხდება ასე. პირველ შემთხვევაში ერის ინტერესებს ემუქრებიან, მის დატუქსვას ლამობენ, ე.ი. ცხოვრების დანიშნულების სუბიექტს გულზე ფეხს აბიჯებენ. ეს კი ცხოვრების აზრის საწინააღმდეგო აქტია. აქ, მაშასადამე, თავის დამცველი ერი, დამცველი გამოდის თვით ცხოვრების აზრის განხორციელებისა. ამიტომ აქ ომი გმირობად იქცევა. მეორე შემთხვევაში კი იგი ცხოვრების აზრის წინააღმდეგ არის მიმართული. ცხადია, ასეთმა ომმა საზოგადოდ გმირობა და გატაცება არ უნდა იცოდეს. მაგრამ შეტევითი ომი ხშირად მოგერიების ხასიათს იღებს. ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოპირდაპირე ძლიერი აღმნოჩნდება. ასეთია მაგალითად, დღევანდელი ომი, რომელიც გერმანიის მთავრობამ დაიწყო; ამ სახით იგი შეტევითი ომის, მაგრამ იმთვითვე აშკარა შეიქნა, რომ გერმანელთა დამარცხება აუცილებლად მთელი გერმანიზმის დატუქსვითა და დაქვემდებარებით გათავდებოდა.

ამგვარად, ეს შეტევითი ომი მოგერიებით ომად გადაიქცევა და გერმანელები გრძნობენ, რომ ისინი მარტო თავიანთი ეროვნული ინტერესების სფეროების გასაფართოებლად კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი ვინაობის ღირსეულად შენახვისთვისაც. მხოლოდ ამით აიხსნება ის უკიდურესი გატაცება თანამედროვე ომით, რომელიც გერმანიის საზოგადოების ყველა სფერომ განიცადა.

თუ შეტევითი ომი ცხოვრების აზრის განხორციელების მცდარ გზაზე სრბოლაა და მორიგეობითი ომი მისი პირდაპირი მსახურება, აქედან ცხადია, პირველი მუდამ დამარცხებით უნდა თვდებოდეს და მეორე კიდევ აუცილებელი გამარჯვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენგან აღიარებული აზრი ცხოვრებისა ნამდვილი ცხოვრების აზრი არ იქნებოდა. ცნება ცხოვრების აზრისა ხომ მთელი ცხოვრების მიმდინარეობის მისკენ მიმართვასა და ყოველი ცალკე მომენტის მისთვის მსახურებას გულისხმობს. მაშასადამე, იგი არსებობის ყოველ ფაქტში უნდა ხორციელდებოდეს, და არც ერთ ფაქტს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელიც მას ეწინააღმდეგება.

ისტორიული წარსულის წიგნი რომ გადავფურცლოთ, მართლაც ხშირად შევხვდებით ისეთ მომენტებს, რომლებიც ამ დებულებას ბრწყინვალედ ამტკიცებენ. აიღეთ თუ გნებავთ ძველ სპარსელთა ომი ელადასთან. ყველამ იცის, რომ ამ ორი ერის ძალთა განწყობილება ისეთი იყო, რომ ელინთა დამარცხება თითქმის უეჭველი იყო, მაგრამ ბერძნები, უწინარეს ყოვლისა თავიანთი დაცვის საქმეს ემსახურებოდნენ და სხვა პირებთან ერთად სწორედ ამ გარემოებამ შთაბერა უტეხი და უძლეველი სული ბერძენთა ტომებს, და ბოლო ამ ომისა სპარსელთა ურიცხვი ჯარის დამარცხება იყო. სუკის ასეთ აღფრთოვანებას ჩვენ ზნეობრივ ძალას ვუწოდებთ ხოლმე, და სწორედ ეს ზნეობრივი ძალაა, ბევრ სხვა ომის მოულოდნელ შედეგს რომ გასაგებად ხდის. მაგრამ მეორე მხრივ, ხშირად შეხვდებით ომების მატიანეში ისეთ ამბებსაც, რომლებიც სულ სხვას გვეუბნება.

აიღეთ მაგალითად, რომაელთა ომი პუნიელებთნ. მოგეხსენებათ, იგი პუნიელების სრული დამარცხებით დასრულდა. ჩვენი თეორიით კი უფრო მოსალოდნელი იქნებოდა პუნიელების გამარჯვება. მაგრამ ომში მარტო ზნეობრივი მომენტი როდი თამაშობს როლს. აქ დიდი მონაწილეა აგრეთვე სრულიად გარეშე ხასიათის პირობები. მაგალითად, გეოგრაფიული შეუფერებლობა სტრატეგიული თვალსაზრისით, ან ხალხი სიმრავლე, ან საზოგადო ტექნიკური განვითარება. პუნიელებს საკუთარი ჯარი არც კი ჰყავდათ, რომ მრავალრიცხოვან რომაელთა ლეგიონებს გამკლავებოდნენ. მოვაჭრე პუნიელები მაინც და მაინც არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას თავიანთ საომარ ძალთ განვითარებას. მათ ფული ჰქონდათ და ფულით კი, მათი შეხედულებით, ისეთ ჯარს იქირავებდი, როგორსაც მოისურვებდი. მაგრამ ნაქირავები ჯარისკაცი, უცხო ქვეყნიდან გადმოგდებული, ცუდი დამცველი იქნებოდა უცხო ერის ინტერესებისა. ამიტომ საკვირველი არ არის, რომ პუნიელები დამარცხდნენ.

მაშასადამე, ეს ომი სრულებით არ ეწინააღმდეგება ჩვენგან წამოყენებულ შეხედულებას, პირიქით, იგი კიდეც ამტკიცებს მას. მართლაც, მხოლოდ თავდაცვით ომს შეუძლია წარმოშვას ისეთი გმირები, როგორიც იყო დიდი ჰანიბალი. განსაკუთრებით უკანასკნელი ომის დროს, როდესაც კართაგენი სამუდამოდ ეცემოდა, იფეთქა საკვირველი სულის სიმტკიცემ კართგენის მოქალაქეთა შორის: რომაელთა დიდ ჯარს ძალზე გაუჭირდა პატარა იარაღახსნილი კართაგენის აღება და კინაღამ დამარცხებული დაბრუნდა ომის ველიდან, მაგრამ რიცხვმა და იარაღმა მაინც სძლია სულგაწირულთა მხნეობასა და გმირობას და კართაგენი დაეცა.

თქვენ ხედავთ, რომ ამ კართაგენელთა ცხოვრებისა და გრძნობის მიმართულება და მათი დამარცხება მართლაც უფრო ამტკიცებს ჩვენს თეორიას, ვიდრე რომაელების გამარჯვება არღვევს მას.

ამგვარად, ომის ფაქტი თავისთავად ძირიანად ეწინააღმდეგება ცხოვრების აზრის ძირითად მიმართულებას და, სწორედ ეს გარემოება ხსნის იმ საკვირველ მივლენას, რომ თავდაცვითი ომი თავგანწირვისა და გმირობის უშრეტ წყაროდ იქცევა, და ხშირად სუსტი და მცირერიცხოვანი ერი ძლიერსა და უდრეკ ერთან შეტაკებაში გამარჯვებული გამოდის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ცხოვრების აზრმა მაინც თვის შესაფერ კალაპოტში უნდა ჩააყენოს ადამიანთა მოქმედების ათსგვარი მცდარი და შეუფერებელი სახე და ცხოვრების ყოველი სფერო თავისი მიმართულებით უნდა აამოძრაოს. ჩანს უნდა დადგეს ისეთი დრო, როდესაც ფუჭი და უაზრო ხარჯვა ჩვენი ენერგიისა სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს; უნდა დადგეს ისეთი ხანა, როდესაც სხვათაშორის ომიც, სრული დავიწყების ტალღებს უნდა გაჰყვეს. მაგრამ როგორ განხორციელდება ეს ხანა რეალურად, და არის თუ არა თანამედროვე ომი უკანასკნელი რგოლი იმ სისხლში ნაბანი ჯაჭვისა, რომელიც დღევანდელ კულტურულ კაცობრიობას თავის ველურ წინაპრებთან აკავშირებს, – ეს სულ სხვა ხასიათის პრობლემებია და მათი გადაწყვეტა ნაშრომის საზღვებს სცილდება.

გაზეთი “სახალხო ფურცელი”, 1914 წელი;