Skip to content

“ქართული ვიცი, ცოტა ნაკლებად რუსული, ცოტა ნაკლებად გერმანული, ოთხი სიტყვა ინგლისური და ერთი სიტყვა ფრანგული”

არასდროს მიყვარდა სურათების გადაღება და არც არასდროს გამოვირჩეოდი   ფოტოგრაფიის კარგი ცოდნით.  არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, – დღეს მსოფლიო “სელფის” მანიით არის შეპყრობილი. ადამიანები ყოველ წამს აფიქსირებენ თავის თავს, იღებენ სხვადასხვაგვარ ავტოპორტრეტს და  შემდეგ სოციალურ ქსელში საზოგადოებას უზიარებენ მათ. ეს ყველაფერი  ერთი დიდი პროცედურაა,  რომელიც ტრადიციად და რიტუალად იქცა  ჩვენს საზოგადოებაში.  შეგიძლია გადაიღო მოძრავი ფოტოები, გააშავთეთრო, გაამუქო, დღეს უფრო მარტივია ყველაფერი, თუმცა როცა გურამ წიბახაშვილმა ფოტოების გადაღება დაიწყო, მაშინ ფოტოგრაფიას, როგორც პროფესიას არ აღიარებდნენ, ხატვაც არასერიოზულ საქმედ ითვლებოდა, ამიტომ ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობა უნდოდა. ეს  იყო ტიპური, იმდროინდელი  (70-იანი,  80-იანი წლების) ქართული ცხოვრების   ერთ-ერთი წესი სკოლის  დამთავრების შემდეგ,  სამედიცინო, იურიდუიულ   ან რომელიმე  “სერიოზულ” ფაკუტეტზე  უნდა   ჩაგებარებინა.

გურამი: „ სკოლა რომ დავამთავრე, ვთქვი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებ – მეთქი, თუმცა ხატვა არ ვიცოდი, მითხრეს, რომ მხატვრობა არ არის პროფესია, მხატვრობა  გართობაა  და ამიტომ, რამე  სერიოზული ისწავლეო, მერე ხატე რამდენიც გინდაო. სერიოზული და ადვილი ჩემთვის იყო ქიმია. მხოლოდ ამ პრაგმატული გათვლით  გავხდი ქიმიკოსი.“

გურამი: „ყოველთვის მეგონა, რომ ფოტოების გადაღება მე-8-9 კლასში დავიწყე. ახლახან  ფოტო ვნახე, – პატარა ვარ და ფოტოაპარატი მიჭირავს ხელში, ეს ის ფოტოაპარატი იყო, რომელიც მაჩუქეს. არ მინატრია, რომ ფოტოაპარატი მქონოდა.  ვინ მაჩუქა და რატომ   მაჩუქეს არ ვიცი.  მახსოვს რომ „ჩაიკა“ იყო და 72 კადრს  იღებდა. შემდეგ  ჩემმა მეზობელმა და ბიძაშვილმა ფირის გამჟღავნება მასწავლეს, იმის მერე „ვანიდან“ არ გამოვსულვარ“.

 არასდროს უფიქრია  სერიოზულად ფოტოგრაფი  გამხდარიყო. 10 წლისას უკვე  ფოტოაპარატი  ეჭირა ხელში.  ეს იყო მოთხოვნილება, მოთხოვნილება, რომ ფოტოები გადაეღო, თუმცა ახალა სასაცილოა ამის აღნიშვნა, რადგან ეს მოთხოვნილება უკვე ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია.

გურამი: “უნივერსიტეტში იყო სტუდენტური დღეები, ყველას რაღაც უნდა გაგვეკეთებინა.  მკითხეს,  ფოტოებს ხომ იღებო?  მე ვუთხარი ვიღებ-მეთქი, ჰოდა შენ უნდა გადაიღო ფოტოებიო, რეალურად მაშინ  დავიწყე სერიოზული ფოტოგადაღება, 70-იანების ბოლო იყო.  თუმცა  პირველი პერსონალური გამოფენა,  85 წელს მქონდა, 25 წლის ვიყავი,   კლუბში, მგონი “ამირანი” ერქვა,  ვნახე მიშა ნაზბერგის ფოტოგამოფენა, ძალიან მომეწონა. მაშინ  მივხვდი, რომ  შემეძლო ჩემი  ფოტოების გამოფენაც. მივედი კლუბის უფროსებთან და ვუთხარი, რომ  გამოფენის მოწყობა მინდოდა, ,მოდი და მოაწყვე  თუ გინდაო.  სადღაც ერთ თვეში გავაკეთე გამოფენა”.

 ვფიქრობ, რომ საქართველოში  სათანადოდ  არ არის განვითარებული, ხელოვნების  ეს სეფრო, რაც  ალბათ გამოწვეულია საზოგადოების ნაკლები ინტერესით ფოტოგრაფიის მიმართ, ნაკლებია ფოტოგრაფიით სერიოზული დაინტერესება.  მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნებისმიერ მოყვარულ ფოტოგრაფს შეუძლია აიმაღლოს ცოდნა და გახდეს პროფესიონალი, წარმატებული ფოტოგრაფი.    საქართველოში პირველი ფოტოგალერეა  გურამ წიბახაშვილმა და მისმა გუნდამა გახსნა, თუმცა   როგორც გურამი  ამბობს, გალერეა  არ მუშაობს,  ფოტოები არ იყიდება. მაშინ დამაინტერესა, შეუძლია თუ არა  ფოტოგრაფს  შეინახოს თავი, დამატებითი  შემოსავლის გარეშე.

გურამი: „ცოცხალი  ხომ ვარ? ფოტოგრაფიით ვინახავ  თავს, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც  ამას ვერ ვახერხებდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,  ფოტოგრაფიას დიდ  დროს ვუთმობდი  და ფაქტობრივად ცოლი მარჩენდა. ცოლიც, ქიმიკოსია,  ხმას არ იღებდა,  არ მეუბნებოდა, რომ  ცუდი ქმარი ვიყავი,  ფული არ შემომქონდა ოჯახში, მაგრამ  90-იანი წლების დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა და მეცნიერებით ფულის შოვნა რთული გახდა,  მაშინ ჩემი ფოტოგრაფია ძალიან გამოგვადგა, კერძო გაზეთები დაარსდა  და  რედაქციებში  მიწვევდნენ სამუშაოდ.“

  ყოველ ადამიანს წარმატების მიღწევის საკუთარი ხერხი აქვს, თუმცა ხშირად ამბობენ, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა –  „ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა“, ზოგი  „საჭიროდ“ ნიჭს მიიჩნევს, ზოგიც  „მამიკოს ფულებს“,  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისგან კი  მოისმენთ,  რომ  წარმატების მისაღწევად „ნაცნობობაა“ საჭირო.  თუ ნაცნობი არ  გყავს მუშაობასაც ვერ დაიწყებ ვერსადო.  გურამს რომ ვკითხე თუ რა იყო მისი წარმატების მთავარი მიზეზი – მიპასუხა შრომა, შრომა და შრომა.

გურამი: „წარმატების მისაღწევად მთავარია  შრომა. არ  მჯერა  მხოლოდ  ნიჭიერების. ისტორიაში სულ თითზე ჩამოსათვლელი  ადამიანი ვიცი, რომლებსაც  ჰქონდათ განსაკუთრებული ნიჭი, მაგალითად,  ლეონარდო და ვინჩი, მოცარტი, მაგრამ ისინიც შრომობდნენ. დიდი  შრომის შედეგად ისწავლი, როგორ უნდა   გადმოსცე ფოტოგრაფიით, ის, თუ როგორ უყურებ და აღიქვამ  სამყაროს და ეს იქნება განსაკუთრებული, შენი ხედვა, ინდივიდუალიზმი. ჩემთვის ესაა საინტერესო და ყველაფრის საფუძველი“.

თავად გურამი ამბობს, რომ ფოტოგრაფისთვის, როგორც სხვა ყველა პროფესიის ადამიანისათვის, მნიშვნელოვანია იყო კომუნიკაბელური, რადგან იმასთან, რასაც იღებ უნდა დაამყარო კონტაქტი, სხვაგვარად არ გამოვა. თუ ადამიანებთან ურთიერთობის გეშინია, ადამიანებს ვერ გადაუღებ, თუ მეტროში  ჩასვლის გეშინია,  მეტროში ფოტოს  ვერ გადაიღებ.

გურამი: „ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ მაინც ვიტყვი,  ფაქტია, რომ , შრომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა საქმეში. ჩემს საქმეშიც. ძალიან ბევრი მუშაობა მიხდება საკუთარ თავზე,  მაგრამ ეს   სიამოვნებას მანიჭებს და ამიტომ  სულ  ვმუშაობ. ორი  მიზეზის გამო გავხდი „ გურამ წიბახაშვილი“- ფოტოგრაფი, ერთი – მაშინ  ფოტოგრაფია ძალიან ცუდ დღეში იყო, ამიტომ ნებისმიერი ფოტოგრაფის გამოჩენა უხაროდათ და  ფოტოგრაფობა სახელიც იყო  და მეორე,  ძალიან ბევრს ვმუშაობდი მაშინაც და  დღესაც   ბევრს ვმუშაობ. როცა ბევრს მუშაობ, აგროვებ ინფორმაციას, ამ ინფორმაციას ვერავინ ახლებს ხელს, ვერავინ მოსპობს, ის არის  დაგროვილი მასა, რომელიც უნდა აფეთქდეს და ფეთქდება კიდეც“.

პირადად მე არ მჯერა, რომ არსებობს  წარმატების მისაღწევი  რაიმე ფორმულა, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, უშრომლად წარმატებას ვერ მიაღწევ. იმისიც მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს ყოველგვარი  შრომა დაფასდება.

გურამი: “კმაყოფილი ვარ,  ჩემი ცხოვრებით, იმით  თუ როგორ ვცხოვრობ. საკუთარი მდგომარეობით. ეს რომ მოვახერხე,    წარმატებად  ვთვლი.  ასე ვუყურებ ყველაფერს,  არასდროს არ ვდარდობ, იმაზე, რომ  რაღაც არ მაქვს. ვაფასებ იმას,  რაც მაქვს.  თუ  მაქვს სამი რამ  იქედან, რაც მინდა და  ათი არა, ვცდილობ იმ ათზე არ ვიფიქრო  და  კმაყოფილი ვიყო იმით რაც გამაჩნია. ასეთი განწყობა  მშვიდ გარემოს    მიქმნის.”

მოამზადა მერიკო ბარაბაძემ