Skip to content

ჟურნალ “ოთხ მოტივზე” გამოქვეყნებულმა სტატიამ – “მიჯაჭვულობის პრობლემა ურთიერთობებში”, რომლის ავტორი თაკო მეფარიშვილი გახლავთ, მკითხველებში დიდი ინტერესი გამოიწვია. თემა ძალიან აქტუალურია, რასაც მისი უამრავი გაზიარებაც ადასტურებს. მეც რამდენჯერმე გადავიკითხე ზემოთ აღნიშნული პოსტი, რადგან იყო დრო, როდესაც მეც მქონდა მსგავსი პრობლემა. თავიდან, როგორც ზღაპრებში ხდება, ისე დაიწყო ყველაფერი.. მე “მას” შევხვდი და მეგონა, ის იყო ჩემი მეორე ნახევარი. ერთმანეთის კარგად გვესმოდა ,ვოცნებობდით ერთად ცხოვრებაზე, მაგრამ შემდეგ გაჩნდა მიჯაჭვულობის პრობლემა და” მშვენიერი ეტლი გადაიქცა გოგრად, ხოლო საუცხოო ბედაურები – თაგვუნიებად”. გავხდი ისეთი, როგორიც მას სურდა, ანუ დავთმე საკუთარი ხასიათი და მისწრაფებები. ამის გამო ძალიან უბედური ვიყავი, თავს ცუდად ვგრძნობდი. მეგონა უზარმაზარ სამყაროში დავიკარგე და როგორც პიროვნება არ ვარსებობდი. საშინლად დავიკელი წონაში და ვეღარ ვუდებდი გულს სწავლას. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სამყაროში აღმოვაჩინე უპირობო სიყვარული. თავიდან დავიწყე გარშემო ყველაფრის შეცნობა. ხშირად ვატარებდი ბუნებაში დროს. რწმენა ხეებმა,მთებმა და ყვავილებმა დამიბრუნეს, რომელთაც მარტოობის დროს ვაფარებდი თავს. საკუთარი თავი პირველად მდინარის ანარეკლში შევნიშნე, მომეწონა ჩემი ფემკრთალი სახე, სევდიანი თვალებით და ოქროსფერი ჭორფლებით მოხატული ღაწვები, უკმაყოფილებას აღარ იწვევდა ჩემში. სულიერი ტკივილის დროს, მე ჩემი თავი აღმოვაჩინე და შევიყვარე სამყარო, რომელიც ღმერთს საგანგებოდ  დაუხატავს ჩემთვის. მე არ მჭირდება სხვა იმისათვის, რომ დავინახო ჩემი ნაკლოვანებები. მე ისედაც კარგად ვიცი, როგორი “შეშლილი ვარ.

“პრაქტიკულად გავიარე ყველა ის პუნქტი, რომელსაც ავტორი გვთავაზობს ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნულ სტატიაში. საბედნიეროდ ეს პრობლემა დღეს აღარ მაწუხებს. მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ დამეხმარებოდა ეს პოსტი მაშინ, როდესაც მეც მქონდა მსგავსი პრობლემა. მშვენიერი ნააზრევია, გულწრფელი, ცხოვრებისეული რჩევებით სავსე. სტატია ჩემს ფეისბუქის გვერდზე გავაზიარე და ტკბილი ძილი ვუსურვე  მეგობრებს. როგორც ჩანს, მიჯაჭვულობის პრობლემამ თავის დროზე “კარგად იმუშავა ” ჩემს ქვეცნობიერზე, რადგან გონებამ ამ თემის შესახებ ძველი მოგონებები გამახსენა. მესიზმრა, საკუთარ თავს ვსაყვედურობდი იმის გამო, რომ ვერ შევძელი უპირობო სიყვარული. დილით ჩემი სიზმრების შესახებ მივწერე კიდეც კომენტარებში სტატიის ავტორს, ქალბატონ თაკოს. შემდეგ ყავა გავიმზადე და ჩემს ძველ ნაწერებს გადავავლე თვალი. “არქივში”, მინდოდა მეპოვა ისეთი “დოკუმენტი”, რომელშიც მექნებოდა ჩემი სიტყვებით გადმოცემული , თუ რას ნიშნავს ნამდვილი უპირობო სიყვარული. ბევრი ძიების შემდეგ ჩემს ნაწერს გადავაწყდი,რომელიც მივიწყებული მქონდა.

”სიყვარული ალუბლისფერი, სისხლივით წითელი გრძნობაა. სიყვარულისგან გადაღლილი ადამიანი თუ გინახავთ? ასეთები მრავლად არიან გარშემო. თუ ბედნიერებაა სიყვარული, რატომ ვიტანჯებით ადამიანები?

ნამდვილი სიყვარული მზეს გავს. გულს ათბობს და თუ იტირებ, შენი ცრემლები ტანჯვის კი არა, სიხარულის ცრემლები უნდა იყოს. სიყვარული სულს ათბობს და ასეთი წუთების მარადისობას ნატრობ. ღმერთმა თავისუფალი შეგქმნა და თუ ეცდები დაისაკუთრო მისი სული, შენს სულსაც დაკარგავ. რატომ გინდა ყოველდღე ერთად იყოთ და არც ერთი წამი არ გაატარო მის გარეშე? თავისუფალი სიყვარული უფრო ლამაზია. ასეთ შემთხვევაში, უფრო ბევრი წარმოსახვა და ოცნებაა შენს ირგვლივ, რაც აძლიერებს გრძნობას. გულში უნდა ააშენო სახლი შენი საყვარელი ადამიანისთვის და მერე თუნდაც ყველაფერი შეიცვალოს ირგვლივ, ასეთი სახლი მაინც არასდროს დაიშლება.

ვერავინ მიითვისებს შენს საყვარელ ადამიანს და ერთმანეთს ვერაფერი დაგაშორებთ. რადგან ადამიანის სახლი, ეს არ არის ხისგან შეკრული პატარა ყუთი. ადამიანის ნამდვილი სახლი-ჩვენი ერთმანეთისთვის მიძღვნილი გულებია. სიყვარული ზოგჯერ ლამაზი მოგონებებია, რომლის ყოველ გახსენებაზე ნეტარებას განიცდი. წარმოიდგინე გარეთ თოვს, მიუყვები ფეხით გზას. მთელი ეს მხარე, ჩაფლულია თოვლის ფიფქებში. გარშემო კოშკისებრი სვანური სახლებია , რომელთა სიმაღლე ცას წვდება. ცივა. თოვლიან ფეხსაცმელს კარებთან ტოვებ. შეშის ღუმელთან ქალები სხედან და ხელსაქმეში არიან გართული. ზამთრისთვის წინდებს და სვიტერს ქსოვენ. სხვადასხვა ფერად ძაფებში არის გახლართული მათი ხელები.  ამ მხარეში, რამდენიმე წელია ცხოვრობ, მაგრამ ვერ შეეგუე აქაურობას. ეს ქალებიც, როგორი მოწყენილები არიან. უეცრად მაგიდაზე კრემისფერ სვიტერს ამჩნევ და შენი გული გამალებით იწყებს ცემას. გახსენდება, რომ ასეთ სვიტერს ატარებდა ისიც, როცა ერთად ცხოვრობდით. დრო ჩერდება და ყვავილებით სავსე მინდორში გარბიხარ მასთან ერთად. თითქოს ისევ ერთად ხართ და ძველებურად გიყვართ ერთმანეთი. მასზე ფიქრობ და თავს კარგად გრძნობ. ეს არის უპირობო სიყვარული, როდესაც მასზე ფიქრი, მოგონებები, გათბობს და გახარებს, მიუხედავად იმისა, რომ არ იცი რა იქნება მომავალში.
****
გისურვებთ, ყველას გვეპოვნოს ნამდვილი სიყვარული და ბედნიერი გზით გვევლოს, ჩემო კეთილო ადამიანებო.

უცნობი ავტორი