შეყვარებული ხართ? ან იქნებ ბოლომდე ვერ გარკვეულხართ თქვენს გრძნობებში? გაინტერესებთ ნამდვილია თუ არა თქვენი სიყვარული? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალზედ რთულია და ხშირად ადამიანებს საგონებელში აგდებთ.
სიყვარულის განმარტება რომ არსებობდეს, ანუ ზუსტად რომ ვიცოდეთ, რას გულისხმობს ეს გრძნობა, რა ეტაპები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ სრულყოფილ სიყვარულამდე მივიდეთ, მაშინ ყველაფერი ადვილი იქნებოდა. თუმცა რეალობა სხვაგვარია და ფაქტია, რომ ჩვენ უამრავ დროს ვხარჯვთ იმის გარკვევაში, ურთიერთობების რა ეტაპზე ვიმყოფებით, ღირს თუ არა მათი გაგრძელება, ან საერთოდ მართლა გვიყვარს თუ არა ჩვენი პარტნიორი.
ამ საკითხით არა მარტო რიგითი ადამიანები ვართ დაინტერესებულნი, არამედ მეცნიერებიც ცდილობენ ამოხსნან სიყვარულის საიდუმლოებანი. მათ შორის არის ფსიქოლოგი რობერტ სტენბერგი, რომელსაც ეკუთვნის “სიყვარულის სამკუთხა თეორია”.
არ ვიცი, ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად ვაკვირდებით ამას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიყვარულისთვის დამახასიათებელია 3 კომპონენტი: ინტიმურობა, ვნება და ვალდებულებები.
ინტიმურობა, სიყვარულის მსგავსად ისეთი ტერმინია, რომლის ახსნაც რთულია. ინტიმურობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს გულახდილობა წარმოადგენს. მაგრამ ინტიმურობაში მხოლოდ გულახდილობა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნება როდი იგულისხმება. არამედ ინტიმურობას მაშინ აქვს ადგილი ურთიერთობაში, როცა ჩვენ ვზრუნავთ, ვენდობით და ვუგებთ ჩვენს პარტნიორს და მისგანაც ვგრძნობთ მხარდაჭერას.
ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს რაღაც განსაკუთრებული კავშირი, მიჯაჭვულობა წყვილს შორის . ინტიმურობის პროცესი იწყება მაშინ, როცა ერთი პიროვნება მეორს უზიარებს თავის გრძნობებსა თუ პირად ინფორმაციას. ეს გაზიარება შეიძლება განხორციელდეს ვერბალურად ან არავერბალურად – სხეულის ენის საშუალებით.
ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანს შექმნია პრობლემები სამსახურში, სასწავლებელში ან ოჯახში; ნებისმიერი ჩვენგანი დამდგარა საშიშროებისა თუ დილემის წინაშე. და რა გინდოდათ ამ დროს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, გჭირდებოდათ ადამიანი, ვისაც მოუყვებოდით თქვენი პრობლემების შესახებ, გაუზიარებდით თქვენს გასაჭირს. და ვისზე შეაჩერებით არჩევანს, თუ არა იმ ადამიანზე ვისაც ენდობით, ვინც თქვენს პრობლემებს გაზიარებს და სითბოთი გიპასუხებთ, რჩევებს მოგცემთ და პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
უამრავი კვლევა მეტყველებს იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ინტიმურობა. ერთ-ერთ კვლევაში გამოკითხეს ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი წყვილები, რომლებსაც უნდა ესაუბრათ მათ ურთიერთობებში არსებულ ინტიმურბაზე. უმრავლესობა ინტიმურობაში გულისხმობდა შემდეგს: გაუზიარო პარტიორს შენი შინაგანი ფიქრები და გრძნობები და მიიღო მისგან უკუკავშირი. ერთ-ერთმა რესპოდენტმა ასეთი რამ თქვა:“ მასთან ყოფნის დროს, მე ვგრძნობ თუ ვინ ვარ სინამდვილეში…არ ვთვალთმაქცობ,.. მე მაქვს ისეთი თვისებები, რომლებიც არ მოწონს საკუთარ თავში, მაგრამ მასთან ურთიერთობების დროს ამ თვისებების დაფარვას არ ვცდილობ, რადგან ვიცი რომ მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ.“
ვნების კომპონენტი გულისხმობს იმ შინაგან ენერგიას (დრაივებს), რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობის დროს იწვევს ფიზიკურ მიმზიდველობას, სექსის მოთხოვნილებას და სხვა მსგავს ფენომენებს. მოკლედ რომ ვთქვათ ვნება არის ძლიერი აღზნება სხვა პირის მიმართ.
ვნებაზე რა თქმა უნდა ძალიან დიდ გავლეას ახდენს ჩვენი სექსუალური მოთხოვნილება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასევე მნიშვნელოვანია სხვა ისეთი მოთხოვნილებები, როგორებიცაა: თავდაჯერებულობა, ადამიანებთან ურთიერთობა, აღზრდა, ლიდერობა, მორჩილება, თვითრეალიზაცია და სხვა. ეს მოთხოვნილებები სხვადასხვა სიტუაციისა თუ პიროვნების შემთხვევაში განსხვავებულად მოქმედებს ვნებაზე.
აღმოჩნდა რომ ინტიმურობა და ვნება მჭიდრო კავშირში არიან. ურთიერთობათა უმრავლესობაში ინტიმი და ვნება თითქმის ერთდროულად ვითარდება. თუმცა ასევე შეიძლება ჯერ ჩამოყალიბდეს ინტიმი და შემდეგ განვითარდეს ვნება, რაც ხშირად იჩენს თავს მაშინ როცა ახლო მეგობრებს ერთმანეთი უყვარდებათ.
არის შემთხვევები, როცა ურთიერთობის დროს ინტიმი და ვნება საერთოდ არ თანხვდება ერთმანეთს. მაგალითად პროსტიტუციის შემთხვევა, როცა ადამიანები ეძებენ ისეთ პიროვნებას, რომელიც რაც შეიძლება მაღალ დონეზე დააკმაყოფილებს მის სექსუალურ მოთხოვნილებას, ანუ ვნებას, მაგრამ ყოველგვარი ინტიმის გარეშე.
ვალებულება/გადაწყვეტილება არის ყველა ის პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორი, რომლებიც გვიბიძგებენ შევინარჩუნოთ ის ურთიერთობები, რომლებშიც ვიმყოფებით.
ამ ფაქტორებს შორის სამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
1) გვიზიდავს ჩვენი პარტნიორი ან ის ურთიერთობა, რომელიც მასთან გვაქვს. თუ ჩვენ მოგვწონს კონკრეტული პიროვნება, მოგვწონს მის კამპანიაში ყოფნა და მას კარგად ვეწყობით, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ მასთან ურთიერთობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ვალდებულების ხარისხი მით მაღალია, რაც უფრო კმაყოფილები ვართ ჩვენი ურთიერთობით. ამას ეწოდება „პიროვნული ვალდებულება“, რადგან გულისხმობს ინდივიდის სურვილს წამოიწყოს ან განავითაროს ურთიერთობა.
2) ჩვენი ღირებულებები და მორალური პრინციპები. ამას უწოდებენ „მორალურ ვალდებულებებს“ და ის ეფუძნება ჩვენს მოვალეობების გრძნობას, რელიგიურ ეთიკასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. ზოგიერთი ადამიანისთვის ქორწინება იმდენად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და წმინდა რამაა, რომ მას შემდეგ რაც ამ ნაბიჯს გადადგამენ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ განქორწინება.
3) ბარიერები, რომლებიც რთულს ხდის ურთიერთობის შეწყვეტას. მაგალითად, სასურველი ალტერნატივის არარსებობა ან ის ძალისხმევა, რომელიც უკვე ჩავდეთ ამ ურთიერთობაში. დაქორწინებულ ადამიანს შეიძლება ეშინოდეს იმ სოციალური, ფინანსური თუ იურიდიული შედეგებისა, რომლებიც შიძლება განქორწინებას მოყვეს თან ამიტომ რჩება უიღბლო ქორწინებაში. იმ განცდას, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სურვილის მიუხედავად მაინც უწევს ურთიერთობის გაგრძელება ეწოდება „იძულებითი ვალდებულება“.
ალბათ, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ურთიერთობაში ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, როცა ინტიმურობა და ვნება უკვე არსებობს. უმეტეს შემთხვევაში ეს ასეა. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ურთიერთობებში ჯერ ვალდებულება ჩნდება და შემდეგ იჩენს თავს ინტიმურობა და ვნება ამის კარგი მაგალითია გარიგებით ქორწინება, როცა წყვილები დაქორწინებამდე ერთმანეთს არ იცნობენ.
იმის მიხედვით თუ რომელი კომპონენტი იჩენს თავს ურთიერთობაში სტენბერგმა გამოყო 7 სახის სიყვარული:
1. მოწონება – მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას, ეს არის მეგობრობა ვნების და ვალდებულებების გარეშე.
2. რომანტიული სიყვარული = ინტიმურობა + ვნება. პარტნიორები ერთმანეთისკენ ფიზიკურად და ემოციონალურად მიიზიდებიან, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.
3. მეგობრობა და სიყვარული = ინტიმურობა + ვალდებულებები. ასეთ ურთიერთობის მაგალითია ხანგრძლივი ქორწინება, როცა ვნება გაფერმკრთალებულია, თუმცა წყვილს შორის ინტიმის შეგზნება კვლავ მაღალ დონეზეა.
4. ძლიერი გატაცება შეიცავს მხოლოდ ვნებას. ეს არის ურთიერთობა, როცა ვნებაა მოზღვავებული და არანაირი ვალდებულებები და ინტიმი არ იჩენს თავს.
5. განუსჯელი სიყვარული = ვნება + ვალდებულებები. ეს არის ზედაპირული ურთიერთობა, რომელიც ქარბორბალასავით გადაივლის ხოლმე.
6. ჩამქრალი სიყვარული – მოიცავს მხოლოდ ვალდებულებებს. როცა ურთიერთობაში ქრება ყველანაირი ვნება და ინტიმი, ვალდებულებები კი ინერციით გრძელდება.
7. სრულყოფილი სიყვარული = ვალდებულებები + ინტიმურობა + ვნება. იდეალური, ურთიერთობა, რომლის მიღწევა ყველას სურვილია.
გამომგზავნი/ავტორი: თეკლა ნემანიშვილი