Skip to content

“სიცოცხლე არსებობს ახლა. ხვალ ყველაფერი პირობითია”

იცით, სიცოცხლის მნიშვნელობა ყველაზე ცხადად როდის შევიგრძენი? ან გნებავთ დროის? ან სიკვდილის? მოგიყვებით: შარშან, ნოემბრის ოცდაექვსში ექიმმა მამაჩემის პალატიდან გამიყვანა, დაძაბული სახით შემხედა და მითხრა: ჰა, ჰა, ერთი თვე ან თვენახევარი დარჩენია და თქვენ როგორ გირჩევნიათ? მერე აღარ მაგონდება, რა ინტერესებდა იმ ექიმს: სახლში წავიყვანდით თუ აქ დავტოვებდით, მკურნალობას ვეცდებოდით თუ რამე გამაყუჩებელს ვიყიდდით. არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ იქ მჯდარი ნეიტრალურ სახიანი ექთნის დაზეპირებული ამოხვნეშა: ეჰ, ეჰ! და ის რომ მაშინ უცებ რამე კი არ მეწყინა, გავბრაზდი. დიახ, გავბრაზდი ამ უდანაშუალო ექთანზე და ყველაზე, ვინც ამის მერე მამაჩემთან შემოვიდოდა თავს დანანებით გადააქნევდა: ნაცნობებზე, ნათესავებზე, სხვებზე. ეს ,,ნწ, ნწ’’ , ,,ვაი’’ და ,,ეჰ, ეჰ’’ – ეს ,,ცოცხლებისგან’’ ,,მომაკვდავისკენ’’ მიმართული თანაგრძნობა, თითქოს ღმერთები დასტიროდნენ ოლიმპოდან ადამიანებს. და მინდოდა მეყვირა: შეხედეთ, აი, ის, ცოცხალია, ტელევიზორს უყურებს, ისევე როგორც შენ და მე? ზეგ მოკვდება? მაზეგ? მერე რა? აი, ახლა, ამ წუთას ცოცხალია!’’

წეღან ფანჯარა გამოვაღე. რაღაც იმ ამინდის სუნი მეცა, მაშინ რომ იდგა და მომინდა მეთქვა: ყველა თანაბარი ვართ ამ წუთებში, ამ წამებში, რომელიც ახლა მიდის, სანამ ცოცხლები ვართ. თუ მაინცდამაინც გინდათ, ასე ვიტყვი: რაც ვიბადებით, მას შემდეგ ყველანი პალიატიური ავადმყოფები ვართ და სანამ სიკვდილი დადგება, სანამ ერთმანეთს ცოცხლად ვგრძნობთ, ნუ გადავცემთ და ვაგრძნობინებთ ერთმანეთს სამძიმარს ამ ყოფის გამო. სიცოცხლე არსებობს ახლა. ხვალ ყველაფერი პირობითია.

#გიორგიკეკელიძე
10 ოქტომბერი. 2016