Skip to content

მთელ სამყაროს დავუტოვებ ჩემს სიყვარულს

   ხვალ მივგზავრები – ახალი სამყარო უნდა აღმოვაჩინო , სამყარო სადაც   შენს გარშემო შემოდგომის  ფოთლები მიმობნეულია და მიუხედავად ამისა ადამიანები მაინც მარტო და ჩუმად დადიან გზებზე.მაინც უჭირთ გაღიმება, ათასი საფიქრალი აქვთ,ათასი დარდი. დიახ, ყველა ფიქრობს, რომ მათი პრობლემები უსასრულოა და არასდროს მთავრდება. თუმცა ეს ასე არ არის..

გუშინ ერთ-ერთმა მკითხველმა დამიტოვა კომენტარი, რომ ზედმეტ რომანტიზმში ვარ გადართული. მე კი გამეღიმა, გამეღიმა, რადგან რომანტიკა და სულის სინაზე არის ერთადერთი რამ, რაც ამ სამყაროში  განსაკუთრებით მომწონს. ლამაზი ფერები,სილამაზე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა არის ყველაფერი, რაც  მაცოცხლებს. ამაში არაფერია ცუდი, პირიქით ეს არის გზა, რომ გადავრჩე და ჩემი სული შემოვინახო უფრო ლამაზი დღეებისთვის. ხვალ მივემგზავრები. ჩავალაგე ჩანთა, ჩავაწყვე წიგნები, თბილი პლედი, რომელიც აუცილებლად დამჭირდება. წავიღებ ფლეშკას, რომ დავწერო ახალი ამბები და ფლეშკით ვატარო  ყველაფერი – აზრები, ფიქრები, თუმცა მე ვერ გადმოვცემ სურნელს, რომელსაც ყოველი ახალი ადგილის მონახულებისას ვგრძნობ. მე მთის შვილი ვარ, ერთი უბრალო გლეხის გოგონა ვარ – დადუნა..

ყოველთვის, როცა ჩემი ქვეყნის რომელიმე ლამაზ მხარეს ვსტუმრობ ერთი და იგივე აზრი მიტრიალებს თავში. ვფიქრობ,რომ ამ მშვენიერ ტყეებს და მთებს, ამ სურნელს მე გულში ჩავიტევ, გულში შევინახავ  ასეთ სილამაზეს და ასე ვიცხოვრებ. როცა დამჭირდება და მომენატრება, ჩამოვწევ რომელიმე ტოტს, მასზე შემოსკუპებულ ჩიტუნას გადავუსვამ თავზე ხელს და გამითბება გული. როცა მოვიწყენ და მომინდება გავიხსენო ამბები ჩემი მოგზაურობის შესახებ, გადავშლი ჩემს მოგონებების წიგნს, როგორც გულს და ტრიალ მინდორზე გავირბენ ფეხშიშველა. და ვირბენ დიდხანს, ძალიან დიდხანს სანამ არ მივალ უსასრულობამდე. ან არ ვიცი რაში მჭირდება ეს უსასრულობა? ალბათ მჭირდება..

ყოველი ახალი ადგილის მონახულების დროს, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდა ცხოვრებაში. მე შემიძლია ჩემი ამბები მოვუყვე სამყაროს. მე შემიძლია ფიქრები  საყვარელ ადამიანზე დავუტოვო ყველა ხეს, ყველა ყვავილს. მე შემიძლია თითოეულ ჩემს ნაკვალევში მისი ნაკვალევი დავინახო და  ასე გავაგრძელო ცხოვრება.

  ლამაზი  ადგილები მეხმარება ბედნიერი ვიყო. სიმინდებისა და მზესუმზირების სახლი რომ მქონდეს, გავიფიქრე. ძველ შეშის ფეჩზე კი ჩაიდანი დუღდეს. შემდეგ კი ბეღურებთან,ჩიტებთან ერთად მივირთმევდე ცხელ ჩაის და მსიამოვნებდეს. მოვიხურავდი მხარზე პლედს და ნისლიან მთებზე მომინდებოდა ცხოვრება.

ახლა კი წვიმს.სახურავზე წკაპუნებს წვიმა. მე რა უნდა დავწერო ისეთი, რაც მწერლებს არ დაუწერიათ. მაგრამ ადამიანებს ყველას გვიყვარს მოგზაურობა, ამიტომ სათქმელიც ყველას ჩვენი გვაქვს.არ გემშვიდობებით. ლეპტოპი თან მიმაქვს, მართალია იქ სადაც მივდივარ არ ექნებათ  wi – fi, მაგრამ  ვეცდები ახალი განცდები გაგიზიაროთ როგორმე.