ძველად, სოფლის ერთ ღარიბულ, პატარა სახლში ცხოვრობდა ლამაზი გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა სახლის უკან მდებარე ბაღში თამაში და მთელ თავისუფალ დროს იქ ატარებდა.
ბაღს რომ გასცდებოდით წინ თვალუწვდენელი ველი გადაგეშლებოდათ , ამ ველის ბოლოში კი პატარა გორა ჩანდა, რომლის თავზეც ერთი უზარმაზარი სახლი იდგა და თუ მას მზის სინათლეზე დააკვირდებოდით შეამჩნევდით, რომ მისი სარკმლები ოქროსფრად ბრწყინავდა.
გოგონა ძალიან პატარა იყო და ბაღს იქით არასოდეს გაუშვიათ . ხოლმე როცა ბაღში თამაშობდა, სევდიანად გასცქეროდა გორაკის თავზე მდგარ უზარმაზარ სახლს და ოცნებობდა, მასაც ჰქონოდა ისეთი სახლი, რომელსაც ოქროს სარკმლები ექნებოდა.
გავიდა ხანი. გოგონა წამოიზარდა და უკვე ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გარეთ მშობლების გარეშე წასულიყო.ერთ დღესაც მან გადაწყვიტა თავისი საოცნებო სახლი მოენახულებინა.
მიღებული გადაწყვეტილებით აღფთოვანებულმა გოგონამ დედას სთხოვა, რომ გარეთ გაეშვა და დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ თანხმობა მიიღო. გზა გორაკამდე ცოტა არ იყოს და დამღლელი აღმოჩნდა. გორაკს რომ მიაღწია გოგონამ იქვე მოჩუხჩუხე წყაროს წყალი დალია და სახლისაკენ მიმავალ ბილიკს აუყვა.
როდესაც აღმართი აიარა მან აღტაცებული სახით გაიხედა თავისი საოცნებო სახლისაკენ, მაგრამ მისდა გასაოცრად ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. ამ სახლსაც ისეთივე ჩვეულებრივი სარკმლები ჰქონდა, როგორიც მის მშობლიურ სახლს.
სად გაჰქრა? ნეტავ, სად გაქრა ოქროს სარკმლები? – იმეორებდა გაკვირვებული გოგონა და თვალებს არ უჯერებდა.
იმედგაცრუებულმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა და როდესაც იგი უკან შებრუნდა და თავის სახლისაკენ გაიხედა მისი თვალები საოცარმა სანახაობამ დაატყვევა. გორაკის ქვემოთ უზარმაზარი ველი იყო გადაშლილი, მის ბოლოს კი ერთი პატარა, ღარიბული სახლი იდგა, რომლის სარკმლებს მზის სხივები ოქროსფრად ანათებდნენ…
გოგონა დაფიქრდა და მიხვდა, რომ თურმე მთელი ცხოვრება თავის საოცნებო, ოქროს სარკმლებიან სახლში ცხოვრობდა და ამას აქამდე ვერ ამჩნევდა..