საოლქო საავადმყოფოს დერეფანში სავარძლით მივყავდი…
— საით? – ჰკითხა ერთმა ექთანმა მეორეს.
— იქნებ, ცალკე პალატაში არა. იქნებ, საერთოში?
ავნერვიულდი…
— რატომ საერთოში, თუ საშუალება არის, რომ ცალკე პალატაში მოგათავსოთ?
თქვა ერთ-ერთმა და თანაგრძნობით სავსე თვალებით შემომხედა. მხოლოდ შემდეგ გავიგე, რომ ცალკე პალატაში მომაკვდავ პაციენტებს აწვენდნენ, მათ ვისაც განკურნების შანსი არა ჰქონდათ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სხვა პაციენტებს არ დაენახათ მისი აღსასრული.
— ექიმმა თქვა ცალკეო, – გაიმეორა ექთანმა.
დავმშვიდდი. როდესაც საწოლზე დამაწვინეს, სრული სიმშვიდე ვიგრძენი იმის გამო, რომ არსად ვიყავი წასასვლელი, რომ მე უკვე აღარავისთვის არაფერი მქონდა გასაკეთებელი და პასუხისმგებელი აღარაფერზე ვიყავი. ვიგრძენი უცნაური გარიყულობა დანარჩენი სამყაროსგან და ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო, თუ რა ხდებოდა მასში. აღარაფერი და აღარავინ მაინტერესებდა. მე მოვიპოვე უფლება დასვენებაზე. და ეს ძალიან კარგი იყო. მარტო დავრჩი ჩემს თავთან, საკუთარ სულთან და ცხოვრებასთან. მხოლოდ მე და მე. წავიდა პრობლემები, გაქრა ამაოება და მნიშვნელოვანი საკითხები. ეს სირბილი წუთიერებისთვის, მარადიულობასთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან შედარებით, იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა…
და მაინც, რა ხდება ჩვენი ცხოვრების მიღმა? დავფიქრდი და მაშინ შევიგრძენი ნამდვილი ცხოვრება ჩემს ირგვლივ! აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო: ფრინველების გალობა დილაობით, მზის სხივები, ფანჯრის მიღმა ოქროსფერი ფოთვლების ცვენა, შემოდგომის მუქი ლურჯი ცა, ახლად გაღვიძებული ქალაქის ხმაური – მანქანის სიგნალები, ასფალტზე ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი, ჩამოვარდნილი ფოთლების შრიალი…
ღმერთო რა მშვენიერია ცხოვრება! და ეს მხოლოდ ეხლა გავაცნობიერე…
— მერე რა, — ვუთხარი საკუთარ თავს. – ხომ მიხვდი მაინც? და შენ კიდევ რამდენიმე დღე გაქვს, რომ დატკბე მისით და მთელი გულით შეიყვარო.
ჩემში დაგროვილ თავისუფლების და ბედნიერების შეგრძნებას გარეთ გამოსვლა ეწადა და მე ღმერთს მივმართე, რადგან ის სხვებზე ახლოს იყო ჩემთან.
— ღმერთო! – სიხარულით ვუთხარი მას. – მადლობა იმისთვის, რომ იმის გაგების საშუალება მომეცი, თუ რა მშვენიერია სიცოცხლე, და რომ შევიყვარე ის. თუნდაც სიკვდილის წინ, მაგრამ გავიგე, რა კარგი არის ცხოვრება!
აღსავსე ვიყავი ჩუმი ბედნიერებით, სიმშვიდით და თავისუფლებით და უეცრად ზეციდან ზარების ხმა ჩამესმა. სამყარო აჟღერდა და ღვთაებრივი სიყვარული ოქროსფრად ალივლივდა. მე შევიგრძენი მისი ტალღების სიძლიერე, მისი ენერგია.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ სიყვარული გახდა მკვრივი და ამავდროულად მსუბუქი და გამჭვირვალე, როგორც ოკეანის ტალღები. მან ირგვლივ მთელი სივრცე შეავსო, ჰაერიც კი დამძიმდა და უცბად აღარ გადადიოდა ფილტვებში. მე მიყვარდა! და ეს იყო ბახის ძლიერი ორღანული მუსიკის და ვიოლინოს ჰაეროვანი მელოდიის ნაზავი.
ცალკე პალატა და დიაგნოზი «მწვავე ლეიკოზის მეოთხე სტადია», და კიდევ ერთი პრივილეგია: მომაკვდავთან ყველას უშვებდნენ, დღის და ღამის ნებისმიერ დროს.
ახლობლებს ჩემი მდგომარეობა შეატყობინეს და ჩემს სანახავად მოსული, ნათესავების რიგი დადგა. ყველას მოუნდა ჩემთან დამშვიდობება. მე კარგად მესმოდა მათი: რაზე უნდა ელაპარაკათ მომაკვდავთან? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმაც იცოდა თავისი მდგომარეობის შესახებ. მეცინებოდა, როდესაც მათ დაბნეულ სახეებს ვუყურებდი. მე კი მიხაროდა – როდისღა მოვახერხებდი მათ ნახვას?! და ყველაზე მეტად მათთვის ჩემი სიყვარულის გაზიარება მინდოდა – შეიძლებოდა, ამის გამო ბედნიერი არ ვყოფილიყავი?! ისე ვამხიარულებდი ახლობლებს, როგორც შემეძლო: ვუყვებოდი სასაცილო ისტორიებს ჩემი ცხოვრებიდან, ანეგდოტებს…
მადლობა ღმერთს, ყველა იცინოდა და გამომშვიდობებამ მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა. დაახლოებით მესამე დღეს, ლოდინი მომწყინდა და პალატაში დავიწყე სიარული, ფანჯრიდან ვიყურებოდი, როდესაც პალატაში ექიმი შემოვიდა და ჩხუბი დამიწყო, იმის გამო, რომ ფეხზე ვიყავი.
მე ძალიან გამიკვირდა:
— რომ დაწვე რამე შეიცვლება?
— არა, — ახლა ექიმი დაიბნა. – მაგრამ თქვენ არ უნდა იაროთ.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ძალიან ცუდი ანალიზები გაქვთ და ამ მდგომარეობაში უკეთესია რომ იწვეთ.
გავიდა ჩემთვის მოცემული მაქსიმალური დრო – 4 დღე. მე არ მოვკვდი, მადიანად გეახლებოდით ყველაფერს, რასაც სული და გული მთხოვდა. თავს კარგად ვგრძნობდი. ექიმი კი საგონებელში იყო ჩავარდნილი. ანალიზების მიხედვით, რომლებზეც არანაირი ცვლილება არ ფიქსირდებოდა, უკვე უნდა მოვმკვდარიყავი. მე კი დერეფანში გასვლა და ტელევიზორის ყურება დავიწყე.
ექიმი შემეცოდა. სიყვარული, რომელიც ჩემში იყო, ირგვლივ მყოფების სიხარულს ითხოვდა.
— ექიმო, როგორი ანალიზები უნდა მქონდეს, რომ თქვენ დამშვიდდეთ?
— აი, მაგალითად, ასეთი მაინც. – მან ფურცელზე რაღაც ციფრები და ასოები დამიწერა. მე, რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე, მაგრამ ყურადღებით წავიკითხე. ექიმმა შემომხედა, რაღაც ჩაიბუტბუტა და წავიდა.
მეორე დღეს, დილის 9 საათზე, ექიმი პალატაში კივილით შემოვარდა:
— ეს როგორ გააკეთეთ?!
— რა გავაკეთე?
— ანალიზები! თქვენ ისეთი ანალიზი გაქვთ, გუშინ რომ დაგიწერეთ.
— აა..! აბა რა ვიცი? და რა მნიშვნელობა აქვს?
ბედნიერება დასრულდა. საერთო პალატაში გადამიყვანეს. ამ დროისთვის, ყველა ნათესავი უკვე დამემშვიდობა და ჩემთან სიარული შეწყვიტეს. მხოლოდ ოჯახის წევრებიღა მოდიოდნენ.
საერთო პალატაში, ჩემს გარდა, კიდევ 5 ქალი იწვა. ისინი ჩუმად იყვნენ და კედლებს მიშტერებოდნენ. მე მხოლოდ 3 საათი გავძელი. ჩემმა სიყვარულმა მოგუდვა დაიწყო. სასწრაფოდ რამე უნდა გამეკეთებინა. პალატაში საზამთრო შევიტანე, დავჭერი და ხმამაღლა გამოვაცხადე:
— საზამთრო, ქიმიით გამოწვეულ, გულის რევის შეგრძნებას ხსნის.
საზამთრი დავჭერი. პალატაში გრილი სურნელი დატრიალდა. მაგიდასთან სხვებიც შემოიკრიბნენ.
— მართლა ხსნის?
— აბა რა, — საქმეში ჩახედულივით დავუდასტურე. თან გავიფიქრე: «ღმერთმა იცის, ხსნის თუ არა».
პალატაში საზამთროს ხრაშუნის ხმა გაისმა.
— მართალი ყოფილა, გადამიარა, — თქვა ქალბატონმა, რომელიც ფანჯარასთან იწვა და ყავარჯნით დადიოდა.
— მეც… მეც… — სიხარულით დაუდასტურეს სხვებმაც.
— ხედავთ, — კმაყოფილმა დავიქნიე თავი. – ერთი შემთხვევა მქონდა… ამის შესახებ ანეგდოტი იცით?
ღამის 2 საათზე პალატაში აღშფოთებული ექთანი შემოვიდა:
— ხარხარს როდის მორჩებით? თქვენს გამო, ამ სართულზე არავის სძინავს!
სამი დღის შემდეგ, ექიმმა გაუბედავად მკითხა:
— არ შეგიძლიათ, რომ სხვა პალატაში გადახვიდეთ?
— რატომ?
— ამ პალატაში ყველას გაუუმჯობესდა მდგომარეობა. მეზობელ პალატაში კი ბევრი მძიმე პაციენტია.
— არა! – დაიყვირეს მეზობლებმა. – არ გავუშვებთ!
არ გამიშვეს…
ჩვენს პალატაში კი სხვა პალატიდან დაიწყეს პაციენტებმა შემოსვლა. ისე, უბრალოდ, სალაპარაკოდ, გასართობად. და მე მივხვდი რატომ – უბრალოდ, ჩვენს პალატაში სიყვარული ცხოვრობდა. ის ყველას ეხვეოდა ოქროსფერი ტალღებით და ყველა თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობდა.
მე ვკითხულობდი წიგნებს, ვწერდი ლექსებს, ვიყურებოდი ფანჯარაში, ვესაუბრებოდი მეზობლებს, ვსეირნობდი დერეფანში და მიყვარდა ყველაფერი, რაც თვალში მომხვდებოდა: წიგნი, კომპოტი, მანქანა ეზოში, ხე… ვიტამინებს მიკეთებდნენ. რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ. სამი კვირის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ ჰემოგლობინი ნორმაში მქონდა:
— თქვენ სრულიად გამოჯანმრთელდით, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის კურსი არ გაგივლიათ. ეს კი შეუძლებელია.
— ვერ მეტყვით, რა დიაგნოზი მაქვს?
— ეგ ჯერ არ მომიფიქრებია, — ღიმილით მიპასუხა მან და წავიდა.
როდესაც გამწერეს, ექიმმა აღიარა:
— ძალიან ვწუხვარ, რომ მიდიხართ, ჩვენ კიდევ ბევრი მძიმე ავადმყოფი გვყავს.
ჩვენი პალატიდან ყველა გამოწერეს. მთლიანად განყოფილებაში – სიკვდილიანობა 30 % შემცირდა.
ცხოვრება გრძელდება. მხოლოდ შეხედულება და დამოკიდებულება შეიცვალა მისადმი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ სამყაროს ზემოდან დავყურებ და ამიტომ, მოვლენების მასშტაბურობაც შეიცვალა ჩემთვის. ხოლო ცხოვრების არსი მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა, რომლის ჩამოყალიბება ასე შეიძლება:
უბრალოდ, სიყვარული უნდა ისწავლოთ და მაშინ, თქვენი შესაძლებლობები განუსაზღვრელი გახდება, ყველა სურვილი შეგიუსრულდებათ, თუ ამ სურვილის სიყვარულით ფორმულირებას შეძლებთ. თუ არავის მოატყუებთ, არავისი შეგშურდებათ, თუ არავის აწყენინებთ და ბოროტებას არ უსურვებთ.
ხომ მართალია, რომ ღმერთი არის სიყვარული. საჭიროა მხოლოდ მოასწრო და ეს გაიხსენო…
ლ. ლამონოვა
ლალი ადიკაშვილი