ცხრამეტი წლისაა, ტანადი, დაუთოვებული საყელოდან ფეხის წვერებამდე.
სულ ისე დადის, თითქოს კათედრისკენ მიეშურებოდეს.
მასში ხედავენ მომავალ აკადემიკოსს, მომავალ სახელმწიფო მოღვაწეს. ღიმილი იცის მქრქალი, მქრქალი.
ჯერ კდიევ პირველ კურსზე უყვარდა ერთ გოგონას. იმ გოგოზე ასე ამბობდნენ, ოდრის ჰგავსო, ოდრი ჰეპბერნს. ბიჭიც თაუნაუგრძნობდა გოგოს, დედასაც კი გაანდო ეს ამბავი.
ერთხელ ის გოგო, ის ქართველი ოდრი, ავად გახდა. ავადმყოფობდა მთელ ორ კვირას, მაგრამ ბიჭს არაფერი გააგებინა. მხოლოდ დაქალს უთხრა, მასაც სირცხვილით ალეწილმა, – არ მინდა, ჩვენს საცოდავ ბინაში მნახოს, თანაც ავადმყოფიო. დაქალმა, რა თქმა უნდა, ბიჭს აურბენინა ეს ნათქვამი. ბიჭი დაფიქრდა, გაეღიმა მქრქალად. იმ დღიდან “ოდრისკენ” აღარ გაუხედავს. როცა ჰკითხავდნენ, რა მოხდაო, მშვიდად განმარტავდა:
– გოგო, რომელიც საცოდავად განიცდის ყოფით წვრილმანებს, ბინის სიპატარავეს და სხვა ასეთებს, მე არ გამომადგება ცხოვრების მეუღლედო.
ზუსტად ასე – “ცხოვრების მეუღლედო”, და დაუმატებდა ორიოდე ფრაზასაც: ადამიანიო ადამიანსო კაცსაც და ქალსაცო, ჩვენს ნერვიულ საუკუნეში სჭირდებაო.
გოგო მართლაც გასაცოდავდა. მერე ვიღაცა უღირსს გაჰყვა ცოლად. ბიჭი ამასაც მქრქალი ღიმილით შეხვდა.
ამ რამდენიმე თვის წინათ ბიჭს ინსტიტუტში დიდი პრიალა მაგიდა და რამდენიმე სხვადასხვა ფერის ტელეფონი ჩააბარეს. ბიჭი ძალიან უხდება პრიალა მაგიდას და სხვადასხვა ფერ ტელეფონებს. თვალებში შესციცინებენ გოგოები, ბიჭებიც. ბიჭი უღიმის ყველას. ოღონდ ყველას – კვლავაც მქრქალად, მქრქალად.
ავტორი: რევაზ ინანიშვილი