ნეტავ არის კი ვინმე, ვისაც არ სურს იყოს ბედნიერი? უბრალოდ გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, ყოველ ნაბიჯს,რომელსაც დგამთ და გადაწყვეტილებებს, რომელთაც იღებთ და მიხვდებით,რომ ბედნიერებას ეძებთ. ბედნიერებაში დაკრეჭილ კბილებსა და უაზრო სიცილს კი არ ვგულისხმობ. ესაა კმაყოფილება, ცხოვრებით ტკბობა, სამყაროს მშვენიერების აღქმა, სულის სიმშვიდე და ცხოვრებისეული ბალანსი.
ფაქტია,რომ ხშირად ბედნიერება ზურგს გვაქცევს,რისი მიზეზიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მოქმედებებში იმალება. ჩვენ ვირჩევთ სტრესულ ფიქრებსა და ცხოვრებას, სამყაროს “ჭუჭყიანი სარკმლებიდან” ვხედავთ, სულს, ფიქრებსა და ემოციებს ვიბუნძურებთ იმით, რაც მხოლოდ წამიერ ბედნიერებას გვანიჭებს და ხშირად ვერც კი მიმხვდარვართ,რომ ამგვარი მოქმედებებით ჩვენვე ვახშობთ საკუთარი ბედნიერების კარს.
გსურთ აღმოაჩინოთ ბედნიერება? შემიძლია მოგცეთ რამოდენიმე რჩევა,რომელიც ამ მიზნის მიღწევაში შეგიწყობთ ხელს:
მოუხმეთ პასუხისმგებლობის გრძნობას. არ დაადანაშაულოთ სხვები, ნუ ეცდებით მსხვერპლის როლში წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და ნურც იმას ელოდებით,რომ ვინმე მოვა და გიხსნით.ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, მოუხმოთ პასუხისმგებლობასა და შინაგან ძალას. ეცადეთ ეძებოთ გზები,რომელიც ბედნიერების გზაზე გაგიყვანთ.
მოუხმეთ ენთუზიაზმს. გქონდეთ ბედნიერი ცხოვრების სურვილი, იყავით გახსნილი, თავისუფალი, მხნე და ძლიერი.აღიარეთ შეცდომები და სცადეთ შეიცვალოთ.
უკან მოიტოვეთ წარსული. ნუ მისტირით წარსულ შეცდომებს, თუნდაც განცდილ ბედნიერების წუთებს. არაფერი ისე არ ახშობს ბედნიერების კარებს, ვიდრე წარსული ტკივილი, ჭრილობები და სევდა.
გადახედეთ თქვენს შეხედულებებს. დაფიქრდით და გაანალიზეთ: ხომ არ არსებობს ისეთი ცხოვრებისეული შეხედულება, რომელიც ბედნიერებაში გიშლით ხელს და თქვენს პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს? გათავისუფლდით უსარგებლო და ხელისშემშლელი აზრებისაგან და შეხედეთ სამყაროს ნათელი თვალებით.
დააფასეთ აწმყო. ბედნიერება შეიძლება იპოვნოთ,მხოლოდ აქ, ახლა და არა წარსულში ან მომავალში.მიიღეთ ყველაფერი ისე,როგორც არის. იყავით კმაყოფილი, თუმცა ნუ დაკარგავთ წინსვლის სურვილს – უბრალოდ ისიამოვნეთ იმით,რაც გაქვთ.
არ ხართ ბედნიერი? დაფიქრდით, რატომ…