Skip to content

რა? სად? როდის? ექსპერიმენტული სეზონი ნაცნობი სახეებითა და სრულიად ახალი გუნდებით – ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან

“ოთხი მოტივი” გთავაზობთ ინტერვიუს კლუბ რა?სად?როდის? პრეზიდენტ გიორგი მოსიძესთან.

– როდიდან გავა გადაცემა ეთერში და როგორი იქნება მისი ფორმატი?

– 7 მარტს გავდივართ ეთერში, ეს იქნება რიგით მე-8, ერთგვარად ექსპერიმენტული სეზონი. აღსანიშნავია გაზაფხულის სერია (14 თამაში), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შვიდი ახალი გუნდი. გაზაფხულის ექსპერიმენტული დიდი სერიის მე-14 თამაში ამავე დროს იქვენა ფინალი, რომელშიც გათამაშდება ბროლის ბუ.

– ძველი გუნდები დაიშალა, რა პრინციპით ჩამოყალიბდა ახალი გუნდები?

– ახალი გუნდების დაკომპლექტება მოხდა ფუნდამენტურად განსხვავებული მეთოდოლოგიით. თუ აქამდე გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ახორციელებდა გუნდების დაკოპლექტებას, ახლა გამოვიყენეთ დრაფტის პრინციპი. დრაფტში მონაწილეობა მიიღო შვიდმა „დიადმა“ კაპიტანმა (6 კაპიტანი, რომელთაც გაუყვანიათ გუნდი წლის სუპერფინალში + „ბროლის ბუს“ მფლობელი კაპიტანი). ყველა კაპიტანმა, წინასწარ განსაზღვრული რიგითობის დაცვით, თანმიმდევრულად აირჩია 5-5 მოაზროვნე დრაფტის სიიდან (რომელიც დაკომპლექტებულია მოქმედი ტელე-მოაზროვნეებისაგან). ამგვარად, ჩვენ მივიღეთ 7 ახალი გუნდი.

– მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდება როდის დაასახელებთ გუნდების შემადგენლობას

– შემიძლია ახლავე დაგისახელოთ.
• ზურაბ ფარჯიანი, სოსო ბერიკაშვილი, თაკო გახოკიძე, არჩილ მაჭავარიანი, ლევან ჩხეიძე, დავით სიჭინავა (კაპიტანი);
• ია მეტრეველი, დავით ლომინაძე, ილია რევია, აკაკი მოსახლიშვილი, სანდრო რაჩკოვსკი, დავით რაფავა (კაპიტანი);
• დავით სიჭინავა, ირაკლი ნაზღაიძე, ლევან ცაგარელი, მიხეილ ბრეგვაძე, ეკა გეგეშიძე, გიორგი ლომიძე (კაპიტანი);
• გაგი გაბრიჭიძე, გიორგი გვეტაძე, გიგა კვერენჩხილაძე, თამარ შარაშიძე, გიორგი მელაძე, გედევან ფოფხაძე (კაპიტანი);
• გიორგი ბაქრაძე, დიმიტრი ქიტოშვილი, დავით გორგილაძე, ჯემალ ბეჟანიძე, ვახტანგ ელერდაშვილი, ირინა ფრუიძე (კაპიტანი);
• რატი შუბლაძე, ნიკა აგლაძე, გიორგი მარქარიანი, თიკო კუპრაშვილი, სერგი კაპანაძე, ოთარ საბაშვილი (კაპიტანი);
• სერგო თევდორაძე, ბესიკ ბუთურიშვილი, მაია ლოლაშვილი, თიკო ხომერიკი, თორნიკე ჯანგველაძე, ბაჩანა შენგელია (კაპიტანი).

– საინტერესო შემადგენლობებია. რა ბედი ეწევათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც კაპიტნებმა არ აირჩიეს?

– ელიტარულ კლუბში მიმდინარეობს გაახალგაზრდავებისა და თაობათა ცვლის პროცესი და ბუნებრივია, რომ მოაზროვნეთა ნაწილი გუნდებში ვერ მოხვდა. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), მუდმივად ვერავინ ითამაშებს ელიტარულ ტელე-კლუბში. თუმცა, მათ მომავალში აუცილებლად ექნებათ შანსი დაბრუნდნენ „დიდ ავიაციაში“.

– თქვენი აზრით, ვინ არის სეზონის უმთავრესი ფავორიტი?

– შემადგენლობებით თუ ვიმსჯელებთ, სიჭინავას, ფოფხაძისა და საბაშვილისა ექვსეულები.

– მადლობა ინტერვიუსთვის

– წარმატებას გისურვებთ!

ინტერვიუ მოამზადა ნინო ოთარაშვილმა