წინათქმაამ სტატიის მიზანს არ წარმოადგენს იმის მტკიცება ან უარყოფა არის თუ არა ლიბერტარიანიზმი ყველაზე სწორი პოლიტიკურ–ეკონომიკური ფილოსოფია. სტატიის მიზანს არც იმ ე.წ. ექპერტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების პროფესიონალიზმზე საუბარი წარმოადგენს, რომლებიც მედიისა და ფართო მასების მიერ აღქმულები არიან, როგორც ლიბერტარიანელები. სტატიის მიზანი გაცილებით უფრო მარტივია: მოკლედ და გასაგებად ავხსნათ რას წარმოადგენს ლიბერტარიანიზმის ფუნდამენტური პრინციპები და შესაბამისად, დავასაბუთოთ თუ რატომ არ გვყავს ლიბერტარიანელები საქართველოში.
მთავარი სათქმელი
ლიბერტარიანიზმი, როგორც პოლიტიკურ–ეკონომიკური ფილოსოფია ძირითადად დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:
- ინდივიდუალური თავსუფლება;
- კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა;
- თავისუფალი ბაზარიდა კონკურენცია;
- კანონის მმართველობა;
- თანამოქალაქეების პატივისცემა.
საქართველოში ლიბერტარიანელები არ გვყავს იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოების მიერ ლიბერტარიანელებად არიან აღმულები ან არ იცავენ სისტემურობას ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვაში ან ხშირად არათანმიმდევრულობასაც კი ამჟღავნებენ, რომლის აღმოჩენაც არც ისე რთულია პროცესების ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში.
არასისტემატურობასა და არათანმიმდევრულობაში იგულისხმება ის კონკრეტული ფაქტები, რომ დღემდე შერჩევითად ან საერთოდ არ ხდება ზემოაღნიშნული პრინციპების აქტიური ადვოკატირება არც რომელიმე კონკრეტული პიროვნების და არც რომელიმე ორგანიზაციისა თუ კვლევითი ინსტიტუტის მიერ. მაგალითად:
- როდესაც თავისუფალი ბაზრის იდეის ადვოკატირება აქტიურად ხდებოდა, პარალელურ რეჟიმში იდეურ დონეზე ფიქსირდებოდა საკუთრების უფლების, როგორც ადამიანის ხელშეუხებელი უფლების აღიარება, მაგრამ საკუთრების უფლების არაერთი უხეში დარღვევის შემთხვევებზე არ ხდებოდა აქტიური საპროტესტო კამპანიების ორგანიზება და კანონის მმართველობის ადვოკატირება;
- როდესაც ე.წ. ქართული ლიბერტარიანიზმის ფლაგმანების მიერ ხდებოდა კონკურენციის პრინციპებისა და თავისუფალი ბაზრის იდეის აქტიური პრომოუტირება, იმავდროულად ადგილი ჰქონდა არაკონკურენტულ გარემოში მსხვილი გარიგებების განხორციელების მხარდაჭერას (1 ლარად ქონების გადაცემის შემთხვევები) თუ არა, ყოველშემთვევაში დუმილის შენარჩუნებას;
- როდესაც ადგილი ჰქონდა ინდივიდუალური თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, პარალელურად საკითხის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ადგილი ჰქონდა ცინიზმის ტექნიკის აქტიურ გამოყენებას, ნაცვლად ინტელექტუალური მეტოქეების მიმართ ღირსეული დამოკიდებულების შენარჩუნებისა და კონკრეტული ინიციატივების იდეურ დონეზე გაკრიტიკებისა;
- როდესაც ხელისუფლების მხირდან ხდებოდა თავისუფალი ბაზრის საწინააღმდეგო რეფორმებისა და ინიციატივების ცხოვრებაში გატარება, საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებისათვის ლიბერტარიანულად მოაზროვნეები ან დუმილს ინარჩუნებდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში გასამართლებელი საბუთების მოძებნასაც კი ცდილობდნენ.
ქართული ლიბერტარიანიზმის ჩავარდნების ზემოაღწერილი შემთხვევები დღესაც აქტიურად გრძელდება და ბოლო ხანებში უფრო კრიტიკულ წერტილს აღწევს. კონკრეტულად, უკანასკნელ პერიოდში ქართული ინტელექტუალების ე.წ. ლიბერტარიანული ფრთის წარმომადგენლები სისტემატურად ცდილობენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გაკრიტიკებას ეკონომიკური ზრდის დაბალი დონის გამო. სინამდვილეში კი ლიბერტარიანული პერსპექტივიდან მთავრობის ფუნქციებში საერთოდ არ შედის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოდა და შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც მთავრობას ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების გამო აკრიტიკებენ, როგორც მინუმ, ლიბერტარიანელებად არ უნდა განიხილებოდნენ.
ბოლოთქმა
როგორც წინათქმაში ავღნიშნე, ამ სტატიის მიზანს არავის კრიტიკა და მითუმეტეს დაცვა არ წარმოადგენდა. რამდენადაც შესაძლებელი იყო, ჩემი, როგორც ეკონომისტის მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შევეცადე მცირედი სიცხადე მაინც შემეტანა პოლიტიკუ–ეკონომიკური ფილოსოფიების ლაბირნთებში დაკარგული საზოგადოების აქტიური წევრების ინტელექტუალურ ჩრდილებში.
გივი კუპატაძე – “საქართველოს გადასახადების გადამხდელთა ალიანსის” აღმასრულებელი დირექტორი
გივი კუპატაძე – “საქართველოს გადასახადების გადამხდელთა ალიანსის” აღმასრულებელი დირექტორი