Skip to content

ტარტუ – საუკეთესო ადგილი სტუდენტობისთვის

ნამდვილად არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით რომ ტარტუ სტუდენტობისათვის ევროპაში ერთ-ერთი საუეკეთესო ადგილია. ამაზე მეტყველებს 2010 წლის ESN (Erasmus Student Network)-ის გამიკითხვა, რომლის მიხედვითაც ესტონეთი პირველ ადგილზეა უცხოელ სტუდენტებს შორის კმაყოფილების მაჩვენებლით და ისეთ ქვეყნებს უსწრებს როგორიცაა ავსტრია, შვედეთი ან გერმანია (http://www.studyinestonia.ee/news/173-international-students-say-estonia-is-the-best-country-for-stay-). პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ რომ მსგავსი შედეგი გასაკვირი სულაც არ არის. წარმოიდგინეთ ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ასი ათასზე ცოტა მეტია, ხოლო აქიდან ყოველი მეხუთე – სტუდენტი. რაც შეეხება თვითონ უნივერსიტეტს, ამ საიტზე არაერთი სტატია დაიწერა იმაზე თუ რამხელა რეიტინგი აქვს ტარტუს უნივერსიტეტს და რომ ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევპროპის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებელია.
photoმე ამჟამად ტარტუს უნივერსიტეტის ევროკავშირი-რუსეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი ვარ, ამავდროულად მაქვს მოპოვებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო გრანტი. ქართველი მკითხველისათვის ალბათ საინტერესო უნდა იყოს თუ როგორ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ჩააბაროს ტარტუს უნივერსიტეტში და მიიღოს დაფინანსება. ქვემოთ შევეცდები რამდენიმე საინტერესო რჩევა შემოგთავაზოთ.
ტარტუს უნივერსიტეტთან და ზოგადად ესტონეთთან ჩემი პირველი შეხება თსუ-ს ფარგლებში შედგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს, უმაღლეს სასწავლებლებს შორის ბილატერალური თანამშრომლობის ფარგლებში, ტარტუს უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლის საშუალება აქვთ. პროგრამა მთლიანად ფარავს ქართველი სტუდენტის ცხოვრებისა და სწავლის გადასახადს და ამავდროულად მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას 160 ევროს ოდენობით. ასე რომ, ეს გაცვლითი პროგრამა თსუ-ს სტუდენტებს შანსს აძლევს დაუვიწყარი ერთი სემესტრი გაატარონ ამ სტუდენტურ ქალაქში და შეიძინონ მულტიკულტურულ გარემოში სწავლისა და ცხოვრების უდიდესი გამოცდილება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთი სემესტრით ჩამოსული სტუდენტები აბსოლიტურად თავისუფალნი არიან საგნების არჩევანში, როგორც რაოდენობაში ასევე სფეროში. მთავარია წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია თსუ-ში. სწორედ მსგავსი ერთი სემესტრის დაუვიწყარმა და საინტერესო გამოცდილებამ მიბიძგა იმისკენ, რომ მაგისტრატურაზე ტარტუს უნივერსიტეტში შემომეტანა საბუთები.
ბაკალავრის საფეხურთან შედარებით, რომელზეც მხოლოდ ორი პროგრამა ისწავლება ინგლისურად (ბიზნეს ადმინისტრირება და მედიცინა), მაგისტრატურაზე ინგლისურენოვან პროგრამათა არჩევანი ბევრად უფრო დიდია. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.ut.ee/en/masters-degree-programmes-taught-english. რაც შეეხება სამაგისტრო პორგრამას, ევროკავშირი-რუსეთის კვლევები, რომელსაც მე ვსწავლობ, უამრავი მიზეზია თუ რატომ ვურჩევდი აქ ჩაბარებას საერთაშორისო პოლიტიკითა თუ რეგიონალიზმით დაინტერესებულ სტუდენტებს. პირველ რიგში, ლექციებს კითხულობენ არამხოლოდ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, არამედ უშუალოდ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები. მაგალითისთვის ევროკავშირის ინსიტიტუტებს კითხულობდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ევროპულ საკითხებში ან ევროკავშირის საფუძვლებს კითხულობს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამ პროგრამის კიდევ ერთი დიდი პლიუსია ის, რომ ლექტორები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან მოწვეულები, მათ შორის: კანადიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და ა.შ.
რაც შეეხება ჩაბარების პროცესს, პროცედურა საკმაოდ მარტივია. როდესაც გამოცხადდება საბუთების მიღება, ონლაინ ავსებთ აპლიკაციას და ტვირთავთ საბუთებს. თუმცა აუცილებელია ტარტუს უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტში საბუთების ჩვეულებრივი ფოსტით გაგზავნაც. აქვე გეტყვით იმასაც, რომ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც არიან ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე და შესაბამისად აპლიკაციის შევსების მომენტში არ აქვთ დიპლომი, საკმარისია წარმოადგინონ ცნობა უნივერსიტეტიდან, რომ დამამთავრებელ სემესტრზე სწავლობენ.
საკმაოდ დიდია დაფინასნების მოპოვების შანსები. გარდა იმისა, რომ საუკეთესო რეიტინგის აპლიკანტებს უნივერსიტეტი უხსნის სწავლის გადასხადს, ქართველი სტუდენტებისათვის არაერთი სასწავლო გრანტი არსებობს. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.ut.ee/en/scholarships-master. პირადად მე მოპოვებული მაქვს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი, რომელიც გათვლილია ექვსი ქვეყნის მოქალაქეებზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსი). ამ პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება სწავლის გადასახადი და სტუდენტს ენიჭება ყოველთვიური სტიპენდია ოთხასი ევროს ოდენობით, რაც თამამად შეიძლება ითქვას რომ აბსოლიტურად საკმარისია ტარტუში საცხოვრებლად.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტობა ასევე გულისხმობს იმასაც, რომ შანსი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ გაცვლით პროგრამებში და ერთი სემესტრი ისწავლოთ არამხოლოდ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში, არამედ ისეთ ქვეყნებში როგორიც ავსტრალია ან სამხრეთ კორეაა.
ასე რომ, თუ გსურთ მიიღოთ მაღალი დონის განათლება და ამავდროულად დაუვიწყარი სტუდენტობის წლები გაატაროთ, ნამდვილად ღირს თქვენი არჩევანის ტარტუს უნივერსიტეტზე შეჩერება.
ავტორი: შოთა კაკაბაძე
ჩაბარების პროცესისა და ტექნიკური დეტალების შესახებ გადადით სპეციალურ ბმულზე – www.ut.ee/georgia ან მიმართეთ ტარტუს უნივერსიტეტის სპეციალურ წარმომადგელს საქართველოში – ალექსანდრე ჩანადირი – [email protected]